ნატალია ჯვარიძე
(17.04.2025)

„თუ ახლა ოპოზიციას ეტყვიან დიდი ქვეყნებიდან, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ იმ წუთში შეიცვლიან აზრს და მიზეზებს დაასახელებენ, თუ რის გამო ჩაერთვებიან არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს ბევრი რამის ბედს, ამიტომ უმჯობესია, მონაწილეობა მიიღონ", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ესაუბრა.

„ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ხელისუფლება გამაგრებულია იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ძალაუფლებისთვის სჭირდება, ეს არის ჯარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. ის გეტყვის, რომ ძალები, რომლებსაც ჩემი დამხობა უნდა, ანტიქართულია და ამის გამო იძულებულია გააკეთოს. პარტიების აკრძალვა სწორედ აქედან მოდის. რატომ გააჩერეს ეს პროცესი და გადაიტანეს უფრო იქით? იმიტომ, რომ სიტუაცია არ არის უფსკრულის წინაშე. დააკვირდება ვითარებას და თუ საჭირო გახდა, აკრძალავს „ნაცმოძრაობას" და სხვებსაც, რადგან ძალაუფლება შეინარჩუნოს. ხელისუფლება არც მოერიდება, რომ დიქტატურა მშვიდობისთვის გამოაცხადოს და იქნება ხალხი, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ბიძინა ივანიშვილის ხელშია ჯარი, პოლიცია და ოლიგარქთა კლასი, რომელსაც სათავეში უდგას. მას მრჩევლებიც ჰყავს, ოღონდ ვერ ვხედავ, რომ ესენი ქართველები იყვნენ. ჩემთვის გაუგებარია, როცა ევროპიდან რაღაც განცხადება ვრცელდება ეგრევე პასუხს რატომ სცემენ, თან ისეთ არაადეკვატურს?!

როგორც ვხედავთ, ოპოზიციაში გარკვეულ სტრატეგიულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ისიც უნდა ვთქვათ, ოპოზიციის გარკვეულ დაჯგუფებას ავტორიტეტი აღარ აქვს. დადგება ის დრო, როცა მე გეტყვით ვის ვგულისხმობ ამაში. თვითონ მიხვდებიან. ოპოზიციას თავისი მხადამჭერი უნდა ჰყავდეს, ორასი-სამასი კაცის მხადაჭერა საქმეს ვერ წყვეტს. ოპოზიციას მყარი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს, რაც ქვეყანას სჭირდება და შესაბამისად ხალხი უნდა მიესალმებოდეს. რაში სჭირდება პატარა საქართველოს ამდენი ოპოზიციური გაერთიანება? ეს ხომ დაქსასვაა? ამას ბიძინა ივანიშვილი მიესალმება და ხელს უწყობს, რადგან პატარ-პატარა დაჯგუფებებს არ შეუძლია იმ კედლის დამარცხება. კედელი არ არის ძლიერი, თუმცა ამას მაინც უნდა ხელის კვრა. ეს ხელის კვრა ერთი ოპოზიციური პარტიიდან კი არ უნდა მომდინარეობდეს, არამედ ყველასგან და განსაკუთრებით ხალხისგან. ჩვენ რომ გადავხედოთ რუსეთს და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებს- ხელისუფლების მოპოვების და შენარჩუნების საკითხებს, საქართველოში ასე აღარაა. ჩვენთვის უნდოდათ ესწავლებინათ, რომ პოლიტიკური გადატრიალებების უკან ხალხი დგას, არადა ასე არაა. ამის უკან უცხოური ძალები დგას. ჩვენთან ეგონათ, რომ ტრამპი მოვიდოდა და სიტუაციას დაალაგებდა, რეალურად კი მას თავის ქვეყანაში აქვს დასალაგებელი ბევრი რამ, თუმცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ჰყავს თუ არა ოპოზიციას ისეთი პრესა და ტელევიზია, როგორიც ხელისუფლებას? არა. ხელისუფლებას ყველა მიმართულებით რომ მეტი ბერკეტი აქვს, გასაგებია. იცით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვანაირი გზაა. გადატრიალების და შეიარაღებული ძალით მარტივი არაა. რა რჩება ოპოზიციას? მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა დავიტოვოთ არჩევნების გზა, ყველა ვარიანტში. ოპოზიციაც ამას ამბობს, რომ ხელმეორედ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. თუმცა მე ვეკითხები ოპოზიციას, დავუშვათ ასე მოხდა, ვინ გააკონტროლებს ამას? შეიძლება ისე ჩატარდეს, როგორც უკვე იყო.

არჩევნების გაყალბებაზე აღარაა ლაპარაკი, აქ საუბარია მის მართვაზე. ისე წარიმართა ეს არჩევნები, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი ტაქტიკა. ეს იყო ზეწოლის, აგიტაციის, პროპაგანდის ტაქტიკა. საჯარო მოხელეებზე ზემოქმედება მოახდინეს და მიიღეს ხმები. არჩევნებისადმი თეორიული მიდგომა ოპოზიციამ პრაქტიკაში ვერ განახორციელა, ამას ვიძახი თვითონ არჩევნების პერიოდში. იმასაც გეტყვით, რომ გზები და საშუალებები, რაც ოპოზიციას ჰქონდა ყველაფერი ცნობილი ხდებოდა ხელისუფლებისთვის ადრევე და შესაბამისად, ამის მოსაწესრიეგებლად ზომებს იღებდა.

ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ ჩატარდება მოახლოებული არჩევნები? ვთქვათ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, ჩაიშლება თუ არა? რასაკვირველია, არა. ხელისუფლება ისევ თავის მეთოდებს გამოიყენებს და ის ჩაატარებს არჩევნებს. შენ რომ არ გინდა მონაწილეობის მიღება, მაინც მიგიყვანენ. ივანიშვილს ყველა მართვის სადავე უჭირავს ხელში, ამიტომ ყველაფერს აკეთებს. ასე რომ არ მოხდეს, ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების" შემდგომი მოსული პარტია, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ესენი აკეთებენ და პირველ რიგში მათ აკრძალავენ.

ოპოზიცია კი არ წყვეტს არჩევნების ბედს, არამედ ქართვეელი ხალხი. ამიტომ, მოამზადა თუ არა ოპოზიციამ ხალხი ისე, რომ მათ გაიმარჯვონ? ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ხელში თუ გეჭირება რაიონები, ხელისუფლებას საძირკველი გამოცლილი აქვს. შექმნილი ვითარების ფონზე, ხელისუფლების ბედი ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ამისთვის მზად?

დავუშვათ, ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე წავიდა, მოიგებს ოპოზიცია? როგორ გგონიათ, ხელისუფლება ძალაუფლებას მარტივად დათმობს? რა შუაშია აქ ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნები?! ახლა მოდის თვითმართველობის არჩევნები, მიიღე მონაწილეობა და თუ მოიგებ, მოიგებ საპარლამენტოსაც და ამის მოგებით იძულებული იქნება „ოცნება" საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზეც წავიდეს. ასე რომ, ეს თვითმართველობის არჩევნები საზღვრავს ქვეყნის ბედსაც და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც. ასევე, ეს საზღვრავს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ბედსაც. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივ არჩევნებისთვის. ამ სიტუაციაში აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია გახარიას პოზიცია, რომ ამ თემაზე ფიქრობს. ეს ტაქტიკური გათვლაა. ასევე, სწორად მიმაჩნია გახარიას გადაწყვეტილება, როცა იმ კომისიაზე გამოცხადდა.

რას ელოდება ოპოზიცია? თუ ახლა მას ეტყვიან დიდი ქვეყნებიდან, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ იმ წუთში შეიცვლიან აზრს და მიზეზებს დაასახელებენ, თუ რის გამო ჩაერთვებიან არჩევნებში. ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ შემყურენი, თუ რას იტყვის ის, არამედ ჩვენ უნდა გვისმენდნენ და სწორედ ჩვენი მოსაზრებებიდან გამომდინარე აკეთებდნენ დასკვნებს. მე უნდა გითხრათ, რომ ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არაა, მაგრამ „ქართული ოცნების" და ივანიშვილის მოცილება ასე მარტივი არაა.

დასხდნენ პოლიტიკოსები, აწონ-დაწონონ, იფიქრონ ჩაერთონ თუ არა არჩევნებში. მე ვფიქრობ, თუ ეს იქნება ორგანიზებული, ძლიერი და მიზნობრივი, ერზტმნისვნელოვნად უნდა მიიღონ", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე