ნატალია ჯვარიძე
(17.04.2025)

„დაახლოებით ორი კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე განაცხადა. ანალიტიკოსები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ამერიკის ადმინისტრაცია წინადადებას.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ტესტივით იქნება: „მიჭირს პროგნოზირება იმის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ, რადგან ეს ნაბიჯი მართლაც ტესტივითაა - ეს გადაწყვეტილება ნიშანი იქნება იმის, აღიარებს თუ არა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას".

„წესით და რიგით, თუ რამე პოლიტიკური ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს ახალ ადმინისტრაციაში „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, პრობლემა არ უნდა იყოს", - განაცხადა საგარეო ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი სჭირდება.

„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, ორი კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩიას ვარაუდით, არსებობს მეორე ვარიანტი, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კონგრესის გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

„რა პასუხი იქნება ამერიკიდან ელჩის დანიშვნაზე, რთული სათქმელია, რადგან აშშ-ისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველო და მისი ელჩის დანიშვნის საკითხი. ალბათ ბევრი რაღაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ უყურებენ ჩვენს ქვეყანას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ამერიკის დეპარტამენტისთვის. წესით და რიგით, თუ რამე პოლიტიკური ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს ახალ ადმინისტრაციაში „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცაღა თუ არსებობს რაღაც აზრი, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც კონგრესმა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება „მეგობარი აქტის" შესახებ და აქედან გამომდინარე თუ ამას აქვს ეფექტი, მაშინ შესაძლოა ეს პროცესი ცოტა გაჯანჯლდეს. ორივე ვარიანტი დასაშვებია, ამიტომ ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზირება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოდან დანახულ სინამდვილეში წესით ამერიკის ადმინისტრაციისთვის კონგრესის მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

„მიჭირს პროგნოზირება იმის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ, რადგან ეს ნაბიჯი მართლაც ტესტივით არის - ეს გადაწყვეტილება ნიშანი იქნება იმის, აღიარებს თუ არა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ჯერჯერობით ამერიკული მხრიდან რაღაც მკაფიო ნიშანი არ გვინახავს, გარდა ელჩის საკმაოდ კონსტრუქციული ნაბიჯებისა. რთულია იმის თქმა, იმოქმედებს თუ არა ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რადგან ასეთი მიმდინარე პოლიტიკური დათმობები როგორია, მაგის მიხედვით შეიძლება ითქვას. თორემ საქართველოდან დანახულ სინამდვილეში მგონი კონგრესის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საკვანძო ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა. თუმცა არის თუ არა საქართველო მისთვის ის ღირებულება, რომლისთისაც შიდა დაპირისიპირებაზე გადავა, ვნახავთ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე