მარიამ ვეკუა
(16.04.2025)

"დასავლეთი, ისეთი, როგორც ჩვენ ვიცოდით, მეტად აღარ არსებობს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში 16 აპრილს განაცხადა. რა იგულისხმა ფონ დერ ლაიენმა და რა პროცესები მიმდინარეობს გლობალურ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში, ამაზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ახალი ადმინისტრაციის რიტორიკა პარტნიორების მიმართ გამკაცრდა, „ტარიფების ომი" კი დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. საყურადღებოა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა 15 აპრილს, ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა აშშ ევროპის მეგობარი თუ ოპონენტი - თავი აარიდა პასუხს და განაცხადა, რომ ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობები „მეტად რთულია".

როგორი იყო დასავლეთი და რა შეიცვალა

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთში თვისობრივი ცვლილებები მიმდინარეობს, აშშ-ის ჰეგემონია დასრულდა, ხოლო „დასავლეთი პანიკაშია".

„წამყვანი მეცნიერები კარგა ხანია წერენ, თუ როგორი თვისობრივი ცვლილებებია დასავლეთში ბოლო წლების განმავლობაში, და სწორედ ფონ დერ ლაიენის სიტყვებს - რომ დასავლეთი იყო და ასეთი აღარ იქნება - ეთანხმება ყველა.

კერძოდ, დასრულდა შეერთებული შტატების ჰეგემონია, მისი უპირობო ლიდერის როლი დასავლეთში. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ შეერთებული შტატები ნატოს ალიანსში გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე სხვა წევრი ქვეყნები ერთად აღებული, თუმცა, ესეც დასრულდა.

აშშ პირდაპირ აცხადებს, რომ ის აღარ არის ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ჯერ კიდევ შარშან მაკრონი აცხადებდა, რომ „ევროპა კვდება", და თუ რაღაც ახალს არ ვუშველით, ის ნამდვილად მოკვდება. ვერაფერი გაახერხეს და ახლა პანიკაში ხან რას აკეთებენ და ხან რას. ძალების შეკრებისთვის რესურსი არ ჩანს, და იგივე ითქმის იდეოლოგიაზეც.

მამრაძე ამბობს, რომ კვდება იდეოლოგიაც.

„სრულდება იდეოლოგიაც. ვითარებას ასე აფასებენ: ძველი მსოფლიო წესრიგი დასრულდა, ხოლო ახალი ჯერ ვერ შეიქმნა. აი ამას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ დასავლეთი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე," - განაცხადა მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აფასებს ფონ დერ ლაიენის განცხადებას და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო ორი გეოპოლიტიკური ოპონენტი ყალიბდება.

„დასავლეთი, პირველ რიგში, ეფუძნებოდა ტრანსატლანტიკურ კავშირებს - აშშ-სა და ევროპას შორის. ეს კავშირები გამოხატული იყო ღირებულებების, გეოპოლიტიკური ხედვებისა და სხვა ასპექტების ერთიანობაში.

აქედან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკას ახორციელებს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ვხედავთ, რომ გარკვეულწილად ორი გეოპოლიტიკური ოპონენტი ყალიბდება - ერთის მხრივ, აშშ და მეორეს მხრივ, ევროკავშირი ან ევროპა (მოვიაზროთ დიდ ბრიტანეთიც). ასე რომ, ახლა აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობა შეიცვალა, და ამას მოწმობს ფონ დერ ლაიენის განცხადება."

რა იცვლება გლობალურ კონფიგურაციაში

პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ახალ გლობალურ კონფიგურაციაში ჩინეთის როლი განსაკუთრებით იკვეთება; საუბრობს თურქეთისა და ინდოეთის როლზეც.

„რაც შეეხება გლობალურ კონფიგურაციას, უნდა აღვნიშნოთ ჩინეთის როლი უპირველეს ყოვლისა. როცა ამერიკამ ზურგი აქცია ევროპას, როგორც უსაფრთხოების გარანტორმა, თვითონ მიმართა ევროპას - რომ აი, მე შემიძლია ვიყო თქვენთვის გარკვეული გარანტი, მით უმეტეს, ტარიფებთან დაკავშირებით, ვაჭრობაში მე შეგიწყობთ ხელს.

გარდა ამისა, ერდოღანის ცნობილი განცხადება გავიხსენოთ: რომ ჩვენ, თურქეთი, შეგვიძლია ვიყოთ ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ეს არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს გასული საუკუნის ბოლოს - თითქმის 30 წელია - შემდეგ შეუჩერეს და ა.შ. თურქეთს ნამდვილად ჰყავს ძლიერი და დიდი ჯარი. ასე რომ, ასეთი სიტუაციაა.

ასევე ინდოეთი, რომელიც ატომური იარაღის მფლობელია და, გასწრებული ჩინეთზე მოსახლეობით, ძალიან სწრაფად მიდის წინ ეკონომიკურად.

აი, ეს პროცესები ჩვენს თვალწინ ვითარდება. რთულია, როგორ დალაგდება, თუმცა ის, რომ გამოიკვეთა ჩინეთის განსაკუთრებული როლი და ის, რომ ინდოეთი, როგორც იტყვიან, დინამიკურად ფეხს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მიგვანიშნებს, თუ რას უნდა ველოდოთ შემდეგში," - განაცხადა მამრაძემ.

ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ მსოფლიო მალე ოთხპოლუსიანი გახდება, ხოლო კონტინენტური ევროპა უფრო ერთიანია.

„შეიძლება ითქვას, რომ ოთხპოლუსიან მსოფლისოთან გვაქვს საქმე. პრინციპში, ტრამპის ადმინისტრაციამდე შეიძლება გვქონდა სამპოლუსიან სამყაროსთან - დემოკრატიული დასავლეთი, ბრიქსის წევრი სახელმწიფოები და მათი სატელიტები, და მესამე - მიუმხრობლობის მოძრაობის ქვეყნები.

ადრე დიდი ბრიტანეთი ვახსენე - უფრო ამერიკულ პოზიციას გამოხატავდა თვითონ ევროპის შიგნით, როცა ბრიტანეთი იყო ევროკავშირის წევრი. თუმცა დღეს ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უფრო ერთიანია. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას, რომ ევროპა, რომელიც ასევე ძლიერი ეკონომიკური პოლუსია, გადაიქცეს ძლიერ სამხედრო კონტინენტურ პოლუსად - გარკვეულწილად რომ არ იყოს აშშ-ზე დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაინც არის ნაწილობრივ მასზე დამოკიდებული.

65 000-კაციანი კონტინგენტი ჰყავს აშშ-ს ევროპაში განთავსებული და, გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი აღემატება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტს ერთობლივად. ამიტომაც არსებობს ორი პოლუსი - აშშ და ევროკავშირი - და ცალკე ეს ანტიდემოკრატიული პოლუსები."-განაცხადა ჩიტაძემ

რა თქვა ფონ დერ ლაიენმა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაძაბულობის შესახებ ისაუბრა.

„მსოფლიო გახდა გლობალური გეოპოლიტიკურადაც და დღეს ჩვენი მეგობრობის ქსელები მთელ დედამიწას ფარავს, როგორც ამას ხედავთ ტარიფების შესახებ დებატების მოსმენისას", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ, დღეს ყველა ითხოვს უფრო მეტ ვაჭრობას ევროპასთან და ეს მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს არ ეხება

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ არის ევროპის მეგობარი, ყოფილი მეგობარი თუ ოპონენტი, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოერიდება ასეთ კლასიფიკაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობები „რთულია".

„ევროპა ისევ არის მშვიდობის პროექტი. ჩვენ არ გვყავს ძმაკაცები და ოლიგარქები, რომლებიც წესებს ადგენენ. ჩვენ არ ვიჭრებით მეზობლებთან და არ ვსჯით მათ. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის წევრობის მომლოდინეთა სიაში 12 სახელმწიფოა. ეს არის დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი.

ევროპაში ბავშვებს შეუძლიათ კარგ სკოლაში სიარული, მიუხედავად იმისა, რამდენად მდიდრები არიან მათი მშობლები. ევროპაში არის CO2-ის ნაკლები ემისია და სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია. ჩვენს უნივერსიტეტებში სადავო დებატები დაშვებულია. ეს და კიდევ ბევრი რამ არის ჩვენი ღირებულები, რომლებიც უნდა დავიცვათ და რომ ევროპა არის კავშირზე მეტი. ევროპა ჩვენი სახლია და ხალხმა ეს იცის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე