ნატალია ჯვარიძე
(16.04.2025)

დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის 100 დღე უსრულდება, თუმცა, წინასაარჩევნო დაპირება, უკრაინის ომის დასრულება, ამ დრომდე არ შესრულებულა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბევრი მის გეგმას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, დაიწყება ახალი პროცესები. შესაძლოა ეს იყოს უკრაინის გაძლიერებული დახმარება ამერიკის მხრიდან, სხვა ძალის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში და ა.შ.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, იძულებული გახდება უკრაინას დაეხმაროს.

„თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, რა თქმა უნდა, ამან წესით აბსოლუტურად უნდა შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა. მას სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ განაცხადოს, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამაც საბოლოოდ უნდა მიიყვანოს რუსეთის დამარცხებამდე.

მე მგონია, რომ ამერიკის მოსახლეობა, რომლის უმეტესობა ამ კონფლიქტში უკრაინას უჭერს მხარს, მათი აზრის იგნორირება ვერ მოხდება. შესაბამისად, ისინი აუცილებლად მოახდენენ ზეწოლას ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა მან უკრაინის დახმარება გააგრძელოს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, თუ ეს მოლაპარაკება ჩავარდება, გამორიცხული არაა კონფლიქტის მოგვარებაში სხვა ძალა ჩაერთოს, თუმცა მისივე თქმით, სარისკოა.

„დათქმები საერთაშორისო მოლაპარაკებებში ძალიან ბევრია, თუმცა, ბოლოს მხარეები თანხმდებიან და აქ ხდება ის პროცესები, რასაც ჰქვია დათმობები ორივე მხრიდან. არ მგონია, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები ბოლომდე გაგრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი სამხედრო ფინანსური მხადამჭერი, ამერიკა გასულია თამაშიდან და ევროპის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულად გაუხდება ამ პროცესის შემდგომი ინტენსიური მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო თვაკლსაზრისით.

ამას მიმავატოთ ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური არამდგრადობა შეინიშნება ევროპის კონტინენტზე და ცხადია, ასობით მილიონ ამომრჩეველს არ ადარდებს სხვა ქვეყანაში მიმდინარე ომი. ბუნებრივია, ევროპელი აქტორებიც შეეცდებიან, როგორმე დაითანხმონ კიევი და მოსკოვი შეთანხმებისკენ.

თუმცა აი აქ არის ძალიან საშიში მომენტი უწინარესად უკრაინელი ხალხისთვის, რათა ზელენსკის მთავრობა არ აიძულონ იმაზე მეტ დათმობაზე წავიდეს, ვიდრე ახლა არის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში. ამაში ვხედავ დიდი რისკს, რადგან რაც უფრო გაიწელება ეს კონფლიქტი, მით უფრო იხეირებს უკუპანტი რუსეთი. მისთვის ამ სანქციებს და შეზღუდვებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამას ვინმე კი არ ამბობს, არამედ თავად დასავლელი აქტორები და სამხედროები იძახიან, რომ თავდასხმითი პოტენციალი რუსეთის მხრიდან არ შესუსტებულა და პირიქით, უფრო გაძლიერდა. თან დაეხმარა ჩინეთი და ჩრდ. კორეა. ამიტომ უფრო იმედის მომცემად უნდა შევხედოთ, რომ რაღაც ეტაპზე გარღვევა მოხდება.

შესაძლოა ეს ფორმატი, რასაც ახლა ვხედავთ, არ გაამართლოს და სხვა რომელიმე აქტორი ჩაერთოს. ვერ გეტყვით დანამდვილებით რომელი ძალა იქნება, მაგრამ თუ ჩიხში შევიდა არსებული ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატი უკრაინაზე, რასაკვირველია, საჭირო იქნება არა ფასილიტატორი, არამედ დამხმარე, რომელიც პოზიციების დაახლოებაში წვლილს შეიტანს. თუმცა, აქაც რისკს ვხედავ უკრაინელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე