ნატალია ჯვარიძე
(16.04.2025)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ასეთი „თვითდეპორტაციის პროგრამა" გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და ქვეყანაში ლეგალურად დაბრუნების პერსპექტივას მოიცავს.

"ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ", - აღნიშნა ტრამპმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სავარაუდოდ, ტრამპი არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას აპირებს. როგორც მან აღნიშნა, ეს ქართველ არალეგალურ მიგრანტებსაც შეეხება.

„მგონი დონალდ ტრამპი აპირებს არალეგალურ მიგრაციისთვის ომის გამოცხადებას. პრინციპში, ეს მისი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ახლა მითუმეტეს. როგორც ჩანს, ტრამპი იწყებს საგარეო პოლიტიკური მიზნების და ამოცანების შესრულებას.

საგარეო პოლიტიკის შემდეგ, რომელიც არც თუ ისე წარმატებული იყო, გადადის შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც მისი წინასაარჩევნო პერიოდის პრეამბულა იყო.

კონკრეტულად ვერ გეტყვით, როგორ შეეხება ქართველ მიგრანტებს, თუმცა, ქართველი არალეგალური მიგრანტების რიცხვმა ამერიკაში მოიმატა. ბევრი გადასულია მექსიკიდან, ბევრიც სხვა ქვეყნებიდან შედიოდა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამერიკაში ლეგალური ქართველი მიგრანტებიც არიან, მათ შორის არიან აკადემიური მიგრაციის კონტექსტში, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ.

ტრამპის გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება და კონკრეტულად იმ არალეგალურ მიგრანტებზე. ტრამპისთვის სულერთია რომელი ქვეყნის მიგრანტები იქნებიან. ასევე, უნდა ვთქვა ისიც, რომ ამ მეთოდების გარდა, სავარაუდოდ, სხვასაც გამოიყენებს, მათ შორის ძალადობრივ გაძევებას.

როგორც ჩანს, ტრამპს ამ პრობლემბის მოგვარება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომელიც საკმაოდ მასობრივი იქნება, ისევე როგორც, ევროკავშირის სავარაუდო დებატები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე