„ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა რამდენიმე თვით გადაავადა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სურთ ჯერ თავად ამომრჩევლებმა „გამოუტანონ განაჩენი" მათ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღძრავენ შესაბამის საკონსტიტუციო სარჩელს. თავად ენმ და ის პარტიები კი, რომელთაც შესაძლოა აკრძალვა შეეხოთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ.
მანამდე „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გადაჭრით ამბობდა, რომ ენმ ვერცერთ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებდა. კითხვაზე, რატომ შეცვალა „ოცნებამ" პოზიცია, ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს მმართველ პარტიას გარკვეულწილად დასავლეთიდან მოსალოდნელი რეაქციების გასანეიტრალებლად დასჭირდა, რაც შეიძლება პარტიების აკრძალვასა და არჩევნებში ფაქტიურად მარტო მონაწილეობას მოჰყოლოდა. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა „ოცნება" ფიქრობდეს, რომ ახლა ოპოზიცია დასუსტებულია და დამაჯერებლად გამარჯვებას შეძლებს, ეს კი არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, „ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე პრობლემები ექმნება. ნაწილი კი აცხადებს, რომ პრობლემა მთლიანად აკრძალვა იქნებოდა და რადგან შეთავაზება მმართველი პარტიისგან არის, თუკი ოპოზიცია არ შეცვლის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებას, ეს „ოცნებას" პრობლემებს აღარ შეუქმნის.
ამის ფონზე კვლავ აქტიურად მიდის გაფართოებული მანდატის ფარგლებში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოკითხვები. პარალელურად, 15 აპრილს, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა - სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
რაც შეეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, ის 5 თებერვალს სამი თვით შეიქმნა. თავდაპირველი მანდატი იყო 2003-2012 წლებში „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, კომისიამ ვადა ერთი თვით გაიხანგრძლივა და ნაცვლად მაისისა, საქმიანობას ივნისში დაასრულებს. ამასთან, მარტში კომისიას, ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მანდატი გაუფართოვდა და უკვე 2012-ის შემდგომ წლებსაც მოიცავს.
მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ორშაბათს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 14 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით, ენმ-ის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით უნდა გაახანგრძლივონ: „აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა".
მდინარაძისვე თქმით, მმართველი პარტია „ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმის სპეკულირების საშუალებას არავის მისცემს, რომ „ქართულმა ოცნებამ" „კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვა იჩქარა თვითმმართველობის არჩევნებამდე".
მდინარაძემ 15 აპრილსაც განაცხადა, რომ „ნაცების პარტიები" წელსვე აიკრძალებიან, ოღონდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
„ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს. „ნაცების" პარტიები აიკრძალებიან წელსვე", - განაცხადა მდინარაძემ.
27 მარტს კი იგივე მამუკა მდინარაძე რომელიმე შემდეგ არჩევნებში „ნაცმოძრაობის" მონაწილოებას კატეგორიულად გამორიცხავდა.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!" - აცხადებდა მდინარაძე.
ენმ-ის პასუხი
ენმ-ის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ პარტიას ვერც ახლა გაანადგურებს „ოცნება" და კვლავ ბოიკოტში რჩებიან.
„ნაციონალური მოძრაობის" განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ. აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ „კადიროვიზაციის", ბელარუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია (აპირებს)", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საფრთხე რეალურია.
„მამუკა მდინარაძე ივანიშვილს ჰყავს როგორც სათამაშო, ერთ დღეს ერთს ათქმევინებს და მეორე დღეს აცვლევინებს გადაწყვეტილებას. მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე რეალურია და გულისხმობს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრის აკრძალვას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, საერთაშორისო რეაქციების გასანეიტრალებლადაა მიღებული.
„ეს გარკვეულწილად გამოწვეულია იმ მოსალოდნელი საერთაშორისო რეაქციების გასანეიტრალებლად, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ადგილობრივი არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვას. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ჩაეთვალათ ეს არჩევნები, როგორც არაკონკურენტული, რაც არჩევნების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ" წინასწარ გაითვალისწინა ეს გარემოება და გადაწყვიტა ეს ფაქტორი მოეხსნა. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, „ოცნებას" ვეღარ დაბრალდება ის, რომ ამ პარტიების აკრძალვით მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა, რასაც, ჩემი აზრით, საერთაშორისო პარტნიორების მხროდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა და ალბათ ხელისუფლებას არ სურდა დასავლეთთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში ახალი დაძაბულობის შეტანა.
„მეორე მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" აქვს იმედი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ, დავუშვათ, აღნიშნული პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილოებას, ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს და შესაბამისად, ხელთ კიდევ ერთი არგუმენტი ექნება, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ და სამაგიეროდ, ასეთი სახალხო მხარდაჭერა „ოცნებას" აქვს, რაც მისი ლეგიტიმაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა.
„ამ და კიდევ ალბათ სხვა მოსაზრებების გამო, იქნებოდა მიღებული ეს გადაწყვეტულება, რომელსაც, ჩემი აზრით, „ონების" მომხრეებში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, რადგან ბევრი მათგანი ამბობს, რომ ამით „ნაცმოძრაობას" ყოფნას ხომ არ უხანგრძლივებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკის და პოლიტტექნოლოგიური გათვლების შედეგია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" სამ შესაძლო მიზეზზე საუბრობს, რამაც „ოცნებას" პოზიცია შეაცვლევინა.
„ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი - „ოცნება" დღეს ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, „ნაცმოძრაობა" თითქოს შედარებით დასუსტებულია, თუნდაც საბიუჯეტო თანხებს რომ ვერ იღებს, „ოცნება" კი ფინანსურ რესურსს გამოიყენებს და ფიქრობს, ამით საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას ფაქტის წინაშე დააყენებს, რომ ხალხი მას უჭერს მხარს.
„მეორე ვარიანტია, რომ თუ ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობა უარს იტყვის (ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე), „ოცნება" გამოაცხადებს, რომ აი, ჩვენ შევთავაზეთ და თუ არ დაგვთანხმდნენ, ჩვენი რა ბრალიაო.
„მესამე ვარიანტი კი, შესაძლოა, დასავლეთის ზეწოლასთან იყოს კავშირში. არ გამოვრიცხავ, რომ მიუვიდათ რაღაც ტიპის ინფორმაცია, რომ დამატებით სანქციებს აპირებენ, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ასე ღიად არ ამბობენ, მაგრამ მათ სანქციების გაფართოების ეშინიათ. პარლამენტარი რომ ხელფასს ვეღარ აიღებს, რა თქმა უნდა, ეს არ სურთ და შესაძლოა დათმობაზე მიდიან - რომ კი, ბატონო, პარტიებს არ ავკრძალავთ და სანქიები არ დაგვიწესოთო", - განაცხადა ჩიტაძემ.
„ოცნების" შანსები არჩევნებში ენმ-ის არმონაწილეობის შემთხვევაში
ზოგიერთ ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მმართველი პარტია 2012 წლის შემდგომ ყოველ არჩევნებზე ენმ-ს ერთგვარ საფრთხობელად იყენებს. მათი საარჩევნო კამპანიები ძირითადად იმაზეა დაფუძნებული, რომ „ოცნების" დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებაში ისევ ენმ დაბრუნდება, რაც ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელია. რამდენად შესაძლებელია „ოცნების" მიერ გადაწყვეტილების შეცვლა სწორედ იმას უკავშირდებოდეს, რომ არჩევნებში ენმ-ის მონაწილეობის გარეშე „ოცნებას" ამჯერადაც გაუჭირდება, ერთის მხრივ, თავისი მხარდამჭერების მოტივირება და ასევე, ამ ამომრჩევლების მობილიზება, ვისთვისაც არჩევნებში ენმ-ის წარმატება მიუღებელია?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ენმ-მ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება არ მიიღო, „ოცნებას" პრობლემები მაინც არ შეექმნება.
„ნაცმოძრაობამ" გამოაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებს, მაგრამ სხვა პარტიების გადაწყვეტილება არ ვიცით. „ქართული ოცნებისთვის" მთავარია, რომ არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტული იყოს, ძირითადად ამის გამო გადაავადეს. თუ „ნაცმოძრაობა" არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებს, ეს „ოცნების" გამო არ იქნება, რომ მან პარტია აკრძალა, ეს იქნება საკუთრივ „ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილება. მათი ამომრჩეველი არჩევნებზე ან არ მივა, ან, შესაძლოა, მათმა ნაწილმა იმ ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ხმა, რომლებიც მონაწილოებას მიიღებენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, ექმნება თუ არა „ოცნებას" პრობლემები, თუ მაგალითად ენმ-მ და „ახალმა" მონაწილოება არ მიიღო ადგილობრივ არჩევნებში, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„რანაირად უნდა შეექმნას? „ოცნებას" თავისი ელექტორატი ჰყავს, რომლის მობილიზებასაც შეეცდება და თუ ენმ-სა და „ახალის" ამომრჩეველი არ მიიღებს მონაწილოებას და თუ ბოლო არჩევნების შედეგებიდან ვიმსჯელებთ, ეს სადღაც 15-18, მაქსიმუმ 20%-ია და არ მგონია ამის გამო „ოცნებამ" არჩევნები წააგოს, რადგან მას უფრო მეტი სამოქმედო მიზეზი ექნება იმისათვის, რომ წინასაარჩევნი კამპანია წარმართოს და მისთვის სასურველი შედეგი დადოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტით „ოცნებას" პრობლემები ექმნება.
„არ გამოვრიცხავ მათი მიზანი იყოს, რომ თუ ენმ არ მიიღებს მონაწილოებას, მაშინ სატელიტი პარტიები შექმნას და ამ შემთხვევაში პროცენტულად ისე გამოჩნდება, რომ უფრო მეტ ხმას მიიღებს, რადგან უდიდესი ნაწილი მისი ამომრჩეველი მივა.
„ოცნებას" ენმ-ის მონაწილოება ნაწილობრივ აწყობს, იმიტომაც შესთავაზეს. „ნაცმოძრაობამ" და თუნდაც „ახალმა" რომ არ მიიღოს მონაწილოება არჩევნებში, „ოცნებას" პრობლემები შეექმნება, რადგან, პირველ რიგში, სანქციების გაფართოებაა მოსალოდნელი და მეორეც, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება", - განაცხადა ჩიტაძემ.
რამდენად სწორია არჩევნების ბოიკოტი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიცია ბოიკოტით თავს მარგინალიზაციისთვის სწირავს.
„პარტია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ის თავს მარგინალიზაციისთვის სწირავს. სასწორზე რომ დავდოთ სარგებელი და დანაკარგი, ბოიკოტით დაკარგავენ იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ. თუ ამ პოლიტიკურ ბერკეტს ნებაყოფლობით დათმობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი უფრო დასუსტებული მივლენ, ვიდრე ახლა არიან.
„შენ თუ ადგილზე წარმომადგენელი არ გყავს, ვინ მოახერხებს მოწინააღმდეგის ოპონირებას და შენი მომხრეების მობილიზებას? ამიტომაც ამ ბერკეტის დათმობით და მხოლოდ იმაზე საუბრით, რომ მე არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებასო, არ მგონია „ნაცმოძრაობამ" და „ახალმა" უფრო მეტი მოიგონ, ვიდრე დაკარგონ. ისინი არმონაწილოებით უფრო მეტს დაკარგავენ, ვიდრე მონაწილეობით", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს.
„ვფიქრობ, ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება არ უნდა მიიღოს და ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი მაშინ შეიძლება დათმობაზე წავიდეს, თუ (ხელისუფლება) ადგილობრივთან ერთად ახალ არჩევნებსაც ჩაატარებს. თუმცა, აქაც ახალი საარჩევნი ადმინისტრაციის თემა შემოდის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე