რეზონანსი
(08.04.2025)

უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხუთშაბათს, 10 აპრილს შედგება. აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ამჯერად სტამბულში შეხვდებიან ერთმანეთს. ამის პარალელურად კი უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც 10-11 აპრილს გამართვას შეხვედრებს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები კი, საკუთარი ანალიზის საფუძველზე, ამ მოლაპარაკების პერსპექტივას აფასებენ და ზავის დადების ალბათობაზე საუბრობენ.

სტამბულშ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება აშშ-ში რუსეთის ახალი ელჩი ალექსანდრ დარჩიევი, რომელიც ამ თანამდებობაზე 6 მარტს დაინიშნა, აშშ-ის დელეგაციისა კი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში სონატა კოულტერი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა იქნება საელჩოების ამუშავება და დიპლომატიური ურთიერთობების მოწესრიგება.

რაც შეეხება ვაშნგტონში დანიშნულ შეხვედრებს, იქ მთავარი განხილვის საგანი უკრაინის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება იქნება.

პროგნოზები

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ალბათობა დაახლოებით 70%-ია - იუწყება „როიტერსი“ საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

2024 წლის ნოემბრის აშშ-ის არჩევნებამდე ეს ალბათობა 50% იყო. მას შემდეგ პროგნოზი შეიცვალა და 20 პროცენტით გაიზარდა, რაც ობლიგაციების ფასზეც აისახება, - ამბობენ ანალიტიკოსები.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემები თებერვალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დაბალია, რადგან თებერვალში 76% იყო.

JPMorgan-მა ასევე შეაფასა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების ალბათობა დაახლოებით 70%-ით. მათი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში შეთანხმება ხელს შეუწყობს გაზის ფასების შემცირებას ევროპაში, რადგან ამით კვლავ შესაძლებელი გახდება შეზღუდვების გარეშე რუსული გაზის შეძენა, რისგანაც ყველაზე მეტად უნგრეთი და თურქეთი ისარგებლებენ - ვარაუდობენ ანალიტიკოსები.

JPMorgan-ის პროგნოზი გამოქვეყნდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის, პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ.

18 მარტს, მეორე სატელეფონო საუბრის შემდეგ, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ რუსეთი და უკრაინა 30 დღით შეაჩერებდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს. თუმცა, ამან არ იმუშავა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 4 აპრილს ღიად განაცხადა, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება დაარღვია.

გარდა ამისა, ვაშინტონში აცხადებენ, რომ რუსეთის არცერთ ქმედებაში არანაირად არ ჩანს ომის სწრაფად დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი და მისწრაფება.

ტრამპმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის დაბომბვა გრძელდება და მას ეს არ მოსწონს: „ჩვენ რუსეთს ვესაუბრებით. მე მინდა, რომ ისინი შეჩერდნენ“.

კრემლმა უპასუხა, რომ პუტინი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, თუმცა მანამდე საჭიროა პასუხი გაეცეს „კითხვების მთელ სერიას“, რომელთა შორისაა უკრაინის მილიტარიზაცია.

„რუსეთი საჭიროდ თვლის, რომ მოგვარების პროცესში დაიცვას თავისი ინტერესები“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

თავად პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, „ოღონდ არა ჩვენი ხარჯზე“.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2025 წელს საომარი მოქმედებების დასრულების ყველა შესაძლებლობა არსებობს.

რა ფაზაშია რუსეთ-უკრაინის ომი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ომის მიმდინარეობაში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა.

„ვფიქრობ, ომი ზუსტად იმავე ფაზაშია, რომელშიც იყო - როგორც ის მიმდინარეობს ბოლო 3 წლის განმავლობაში. არავითარი ცვლილებები ამ ომში არ ყოფილა. რუსებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავდასხმები უკრაინაზე, შესაბამისად, ფრონტის ხაზზე მიდის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. ახალი მიმართულებებიც იკვეთება, რომლებიც შეიძლება გახდეს საგაზაფხულო და ზაფხულის სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი არეალები.

„პროცენტულად, ზავის დადების შესაძლებლობას შევაფასებდი 0-ის დონეზე - აბსოლუტურად არაფერი ეტყობა აქ მიმდინარე პროცესებს, რომ მშვიდობისკენ აქვს მიდრეკილება. ასე რომ, მე მივიჩნევ 0-ის ტოლფასის დონედ. სამწუხაროა, თუმცა რეალობა ასეთია“, - განაცხადა მაისაიამ.

მოლაპარაკების ახალი რაუნდი

გასულ კვირას კვირას ვაშინგტონში რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი იმყოფებოდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, აშშ-ს აინტერესებს, არის თუ არა რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად, ხოლო ტრამპი „უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში“ გაბმას არ აპირებს.

ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ შესაძლებელია რუსეთმა ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის რეალიზაციის მიმართულებით ვაშინგტონისგან დიდი დარტყმა მიიღოს.

„რაც შეეხება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ტარიფების შემოტანა დაიწყო გეოეკონომიკურად ყველა მიმართულებით - ფაქტობრივად, დიდ მოთამაშეებს, ევროკავშირსა და ჩინეთს დაუწესა ტარიფები - ამ სიაში რუსეთი არ ყოფილა შეყვანილი. თუმცა, როგორც ჩანს, სანქციური პოლიტიკას ტრამპი რუსეთთან ცალკე განიხილავს. ვფიქრობ, შესაძლებელია, ამერიკამ უფრო გაამკაცროს რიტორიკა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში - ნავთობისა და გაზის რეალიზაციის მიმართულებით. გარკვეულწილად, რუსეთმა ამ მიმართულებით დარტყმა მიიღოს.

„ასე რომ, ჯერჯერობით ტრამპი მოფიქრების სტადიაშია. თუმცა უკრაინული დელეგაცია უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, რათა გააფორმოს იშვიათი მინერალების ხელშეკრულებაც, რაც სამხედრო დახმარებას აშშ-სგან უფრო გაზრდის, ალბათ“, - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე