პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებები გამოეხმაურა.
მათი ცნობით, სამხრეთ ოსეთისთვის" მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობის მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები ამ საკითხზე მიუთითებს, რომ არ არსებობს სურვილი თავი დააღწიონ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია ვერ შეესაბამება არსებულ რეალობას.
მათი მტკიცებით, საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია „კეთილმეზობლობისა" და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
„აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დეკლარაციების ნაცვლად, ვისურვებდით, ვიხილოთ საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რომელიც შექმნის მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელს შეუწყობს „აფხაზეთის რესპუბლიკასა" და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება და ასევე კომუნიკაციების გახსნა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, სამხრეთ ოსეთისთვის" მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„ცხინვალმა არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას", - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში. კობახიძის თქმით, თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით, ეს არის როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე მოსკოვის პასუხი.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მოსკოვის პასუხი და თვითონ ამ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელების. ეს არის ტენდენცია, რომელიც სულ არის და ეს არის მოცემულობა. ეს არის განცხადება განცხადებისთვის, რადგან სხვანაირად მათ ცხოვრება არ შეუძლიათ. ასეთი ოფიციალური პასუხი წლიდან წლამდე მეორდება.
„თუმცა დღეს მსოფლიოში აბსოლუტურად შეცვლილია თამაშის წესები. ყველა ცდილოპბს სამომავლოდ უკეთესი სიტუაცია შეიქმნას და ამის ფორმა კულუარულ ვაჭრობაზეა დაფუძვნებული. ყველა ერთმანეთთან გამალებით ვაჭრობს. ზოგი ტერიტორიით, ზოგი ეკონომიკოთ და ა.შ. ამიტომ მთავარია რა სახის ვაჭრობა მიდის კულუარებში. ამის თაობაზე ჩვენთვის მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაციაა ცნობილი. ამიტომ კატრგორიულად რამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, გასაკვირი და მოულოდნელი განცხადება ოკუპირებული ცხინვალიდან არ ყოფილა.
„კობახიძემ დაახლოებით ის თქვა, რომ არაფერს გავაკეთებთ, წამოწოლილები თავად აღდგება ტერიტორიული მთლიანობაო. არავითარი გარჯა აღარაა საჭირო-არც ევროკავშირში შესვლა, აღარც რაიმე ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე გასაკვირიც არ იყო ცხინვალიდან ეს განცხადება. ახალი არაფერი ხდება. სიახლე არის კობახიძის განცხადება, რომ ხელის გაუნძრევლად უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიებიო, მეტი არაფერი",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე