
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა. მისივე ინფორმაციით, ასევე, განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები და ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის მომავალი სამიტი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ტელეფონით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ესაუბრა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი „იქსზე" წერს, კირ სტარმერს გაუზიარა შეშფოთება გლობალურ ეკონომიკაზე აშშ-ს ტარიფების გავლენასთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული ტარიფების და იმ ზიანის გამო, რომელსაც ტარიფები აყენებს ყველა ქვეყანას - მათი პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის გამო, მათ შორის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება ჩაერთოს აშშ-სთან მოლაპარაკებებში, ამასთან, ცხადყო, რომ ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები პროპორციული საპასუხო ზომების საჭიროების შემთხვევაში.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს პარტნიორებთან გლობალური ეკონომიკისთვის ამ ახალ რეალობაზე რეაგირებისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული სავაჭრო პარტნიორი იმოქმედებს საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად.
პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა ევროკავშირის მტკიცე ვალდებულება, მჭიდროდ ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ისევე როგორც უკრაინის საერთო და გრძელვადიანი მხარდაჭერის კუთხით.
მან შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის შეჩერების გამო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს 19 მაისს დაგეგმილი ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტისთვის მზადების საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის გაძლიერებას ძირითად სფეროებში, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის ჩათვლით. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდება ლონდონში 24 აპრილს, ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლის საერთაშორისო სამიტზე", - აღინიშნება განცხადებაში.
ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას აზრით, ევროკავშირი აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესებას უპასუხოდ არ დატოვებს. მისივე თქმით, ამ საკითხის შემოტანა ევროატლანტიკური ურთიერთობისთვის სასარგებლო არ იქნება.
„სავარაუდოდ ევროპის მხრიდან იქნება სარკისებური პასუხი ამერიკის წინააღმდეგ. მათაც შეუძლიათ დაადონ გადასახადები ამერიკულ საქონელს, რომელიც საკმაოდ ბევრი შედის. ბუნებრივია, ამით არცერთი მხარე არ იქნება მოგებული, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთმანეთისთვის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები არიან.
ყველაზე მეტად ალბათ იმ საქონელზე იქნება გადასახადი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის ეკონომიკისთვის. მაგალითად, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს ამერიკული ეკონომიკის ყველაზე სუსტ წერტილზე, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
ჩვენ არ ვიცით, ევროკავშირი ამას გაიმეორებს, თუ სხვა რამეს მოიფიქრებს, მაგრამ ფაქტია, რამეს იზამს. დასამალი არაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ევროატლანტიკურ ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა შეინიშნება, მათ შორის ამ ეკონომიკური საკითხების შემოტანა რა თქმა უნდა, ურთიერთობის დალაგებას ხელს არ უწყობს.
მითუმეტეს, ბევრი კითხვა არსებობს უსაფრთხოებასთან, უკრაინის ომთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ბუნებრივია ამ კუთხითაც გავლენას მოახდენს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



