"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მზადაა აშშ-სთან ურთიერთობა "ახალი ფურცლიდან დაიწყოს", თუმცა, მთავარ გამოწვევად "დიფ სთეითის" დამარცხება-არდამარცხების" საკითხს ასახელებენ. თავად ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მისამართით ვრცელი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა იყო გარკვეული სიგნალები, რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ მიუხედავად წინა პლანზე არსებული სხვა აქტიური საკითხებისა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი აშშ-სთვის ინტერესის სფეროა.
"აშშ-ს რესპუბლიკური პარტია და "ქართული ოცნება" იდეურ თანხვედრაში არიან, მაგრამ, თუნდაც, რომ განცხადებების დონეზე დაიცვას, რატომღაც აქედან ვერ ვხედავთ და ეს ნამდვილად საწყენია.
„როდესაც საქართველო ასეთი მრავალწლიანი სანდო პარტნიორია და პოლიტიკურ კურსს არ უხვევს, გარკვეული დაფასება ხომ შეიძლება,თუნდაც მინიმალურ დონეზე დაგვიცვან ბრიუსელელი გავეშებული ბიუროკრატებისგან?"- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ".
"ამერიკამ მთავარი მტერი ისევ ჩინეთი დაასახელა, ჩინეთის ინტერესები კი კასპიის და შავი ზღვის მიმართულებით ყველამ ვიცით. რადგან მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთია, ამერიკასთან დაპირისპირების ზონა სწორედ შავი ზღვისპირეთი იქნება თავის სამხრეთ კავკასიისა და ანაკლიის პორტის ჩათვლით",- განაცხადა "რეზონასთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ.
აშშ-საქართველოს ხელისუფლების ურთოერთობის აღდგენის რა პერსპექტივა არსებობს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "დიფ სთეითი" საკმაოდ "ძლიერი მონსტრია", დონალდ ტრამპი კი დამოკიდებულია სპონსორებზე და ამომრჩევლებზე.
"საკმაოდ ძლიერი მონსტრია ეს "დიფ სთეითი", ის აკონტროლებს თითქმის ყველა ინსტიტუტს, მეინსტრიმ მედიას, არასამთავრობო, თუ ანალიტიკურ ორგანიზაციებს და მას ასევე მძლავრი პლატფორმა აქვს ევროკრატიაშიც. შესაბამისად, დონალდ ტრამპი, რომელიც დამოკიდებულია ამომრჩევლებზე და მისი კამპანიის სპონსორებზე, ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში ასე ხდება, რომ მსხვილი მულტიმილიარდერები მხარს უჭერენ ამა თუ იმ კანდიდატს, იძულებულია, რომ მათი ინტერესები არ გაითვალისწინოს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ბიზნესმენია, თან მტაცებელი ბიზნესმენი თავის უძრავი ქონების სფეროში, ის გლობალურ პოლიტიკასაც ზუსტად ასე უყურებს - ტარიფებთან დაკავშირებით ცნობილი ამბავი და ა.შ. თუმცაღა, გარკვეული პატარა იმედი გაჩნდა, როცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე შეხვედრა გამართეს, ეს დამაიმედებელია.
„თბილისმა არაერთხელ თქვა და წლებია ამას იმეორებს, რომ ყველა წინადადებისთვის მზადაა, იქნება ეს ეკონიმიკური თანამშრომლობა, თუ ანაკლიის პორტი.
"პერიოდულად ეს თემა წამოტივტივდება ხოლმე და საქართველოს თითქოს ადანაშაულებენ, რომ მან ექსკლუზიურად შემოიყვანა ჩინური კონსორციუმი, მაგრამ რამდენი წელი უნდა ილაპარაკონ? ხომ შეიძლება ეს პერსპექტიული მიმართულება შეისწავლონ, რადგან დერეფანი არა მხოლოდ ჩინური პროექტია, არამედ ეს მოიცავს ცენტრალურ აზიას, კავკასიას და ევროპას. ნებისმიერი ვაჭრობა და კონკურენტული გარემო ყველა ხელისუფლებისთვის მისაღებია.
"თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს პრაგმატულად უყურებს, მას, რა თქმა უნდა, ინტერესი უნდა ჰქონდეს შუა დერეფანზე, კერძოდ საქართველოზე, მის რომელიმე პორტზე და აქ სატრანსპორტო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში მონაწილოების ინტერესიც უნდა გამოვლინდეს.
"ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ს საელჩო შეეშვა სოცქსელიდან ე.წ. შაირობას, განცხადებას ყველაფერზე არ აკეთებს, მაგრამ იმის თქმა, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობა გამოასწორა, საკმაოდ ნაადრევია, თუ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი წუხს, რომ კონსერვატორ ძალებს ევროკრატია ერჩის, საქართველოზე ხმას რატომ არ იღებს? აქაც ხომ იგიგე გზავნილები და პოლიტიკაა?
"რასაც ამდენი წელია "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობს ყველაფერი ახდა, მათ შორის იმ ე.წ. დიფ სთეითზე, ევროპის გაუმჭვირვალე ფინანსებზე, ბრიუსელში გაქანებულ კორუფციაზე. აშშ-ს რესპუბლიკური პარტია და "ქართული ოცნება" იდეურ თანხვედრაში არიან, მაგრამ თუნდაც განცხადებების დონეზე დაცვას რატომღაც აქედან ვერ ვხედავთ და ეს ნამდვილად საწყენია.
"როდესაც ასეთი მრავალწლიანი სანდო პარტნიორია საქართველო და პოლიტიკურ კურსს არ უხვევს, გარკვეული დაფასება ხომ შეიძლება, თუნდაც მინიმალურ დონეზე დაგვიცვან ბრიუსელელი გავეშებული ბიუროკრატებისგან?
„20 იანვრიდან საკმაო პერიოდი გავიდა, მაგრამ რადიკალურ ძვრებს ვერ ვხედავთ. კიდევ ერთი მიზეზიცაა, თეთრი სახლი საკმაოდ გადატვირთულია და საქართველო ტოპპრიორიტეტულ საკითხებში არც არასდროს არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული ყურადღება ნამდვილად გვჭირდება. ქართული საზოგადოება უფრო მეტ ყურადღებას მოელის",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
აქვს თუ არა აშშ-ს კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესი
ანალიტიკოსი ვახტაგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაშინგტონიდან ბოლო სიგნალებიდან თუ გზავნილებიდან ჩანს, რომ კავკასიის რეგიონი და საქართველო აშშ-ს ინტერესის სფერო ნამდვილად არის.
"საქართველოს საკითხი აპრილიდან ივნისამდე გაქტიურდება, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციიდან პოზიციები უკვე იკვეთება, საიდანაც ჩანს, რომ ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით პირდაპირი ინტერესები აქვს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მაისში დამტკიცდება, სადაც გამოკვეთილი იქნება რეგიონული უსაფრთხოების პრიორიტეტული მიმართულებები და იქ კავკასიას თავის ადგილი აქვს.
"ტრამპმა შავი ზღვის ინიციატივა მხოლოდ უკრაინის გამო კი არ შეიმუშავა, იქ იყო საუბარი ჩინეთის ინტერესების შეკავებაზეც. ამით ამერიკისთვის სამხრეთ კავკასია უკვე გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულება და ეს აისახება კიდევაც მაისში მისაღებ დოკუმენტში.
"ამერიკამ მთავარი მტერი ისევ ჩინეთი დაასახელა, ჩინეთის ინტერესები კი კასპიის და შავი ზღვის მიმართულებით ყველამ ვიცით. რადგან მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთია, ამერიკასთან დაპირისპირების ზონა სწორედ შავი ზღვისპირეთი იქნება თავის სამხრეთ კავკასიისა და ანაკლიის პორტის ჩათვლით, რაც მთავარი გეოპოლიტიკური საყრდენი წერტილია. ანაკლიის პორტი გახდება, თუ უკვე არ გახდა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და "ოცნებას" შორის დაპირისპირების მთავარი საკითხი.
"ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს ელჩს შორის შეხვედრა ამ საკითხზე იყო და ვფიქრობ გარკვეული შენიშვნებიც კი მიიღეს. ამასთან, როდესაც აშშ-ს ელჩს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხვდება, რომელიც არის ჩინეთის ლობის წარმომადგენელი საქართველოში, უკვე გასაგებია რაზეც იქნებოდა საუბარი. ივანიშვილი ჩინეთს ვეღარ გადააგდებს, ეს საკადრო ცვლილებებიც იმას ემსახურება, რომ მთლად ჩამოშორება ხდება მეტ-ნაკლებად პროდასავლური წარმომადგენლებისგან.
"აპრილში შეიძლება კონტრაქტს ხელი მოეწეროს და რეჟიმი უკვე ევრაზიული მიმართულებით წავა. ამერიკას უკვე ვეღარ შესთავაზებს ვერაფერს ეს ხელისუფლება, ამასთან, მეგობრობის ორპარტიული აქტი უკვე ბევრ რამეს იძახის, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტი ვენსის სიტყვებით გველაპარაკა, რომელიც არის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძალა.
"დიფ სთეითებისა" და მსგავსი ტერმინების ხსენება, ესაა შეთქმულების თეორია და საბავშვო ბაღის ენა. წინასწარ თავს იზღვევენ და ამაში ფუთავენ, რომ თუ ტრამპმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა, მერე თქვან, რომ აი, ვერ დაამარცხა თურმე "დიფ სთეითი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რას აცხადებს "ოცნება"
ვნახეთ დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული გრანტი, რაც აჩვენებს, რომ მართალია, აშშ-ს პოზიცია შეიცვალა, თუმცა რჩებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ სინამდვილეში, ამგვარი პროექტებით ქვეყნის არჩევნებში ჩარევა ხდება. ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ეს პრაქტიკა ამხილა და ამგვარი სახის დაფინანსებები ზუსტად იმ საფუძვლით შეწყვიტა, რომ ასეთი თანხები სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩასარევად მიემართებოდა.
"ახლა ვხედავთ, რომ გარკვეულად სხვა ფონდებით ჩანაცვლება ხდება. ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული გრანტი ვნახეთ, რაც აჩვენებს, რომ მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია შეიცვალა, თუმცა ისევ პოლიტიკური ჯგუფები რჩებიან, რომლებიც ცდილობენ, ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პირადად მე, კორუფციასაც ვეჭვობ. ეს გამოცხადებულია, როგორც კონკურსი.
"აქ ვართ და მთელი მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ ფულს ისევ "ისფედი" მიიღებს. ჩემი აზრით, უკვე წინასწარ ცნობილია, ვის უნდა გადაეცეს ეს ფული. თუ არადა, დადასტურდება, იქნებიან თუ არა იგივე ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშებს დადასტურებულად აყალბებდნენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე პაპუაშვილმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაციისგან სწორი დასკვნების გამოტანას ელის "ოცნება".
"ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება სჭირდება, თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, თუ რას სჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ამას ახლა უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება.
"ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და დიდი ქვეყნების რეაქციები ვნახეთ, რომელთაც დიდად შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წუნიდან თუ ზომიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე დიდი გავლენა არ გვაქვს.
ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და დაემყაროს ნამდვილ, თანასწორ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და არა ისეთს, როგორსაც სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაცია უყურებდა საქართველოს, როგორც დაბალ ღობეს და ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ასე განგვიხილავს, როგორც ვატყობთ. მოველით, რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი წარსულიდან, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე