
ვაშინგტონში უკვე ღიად აცხადებენ, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის ომთან დაკავშირებით მარტის შუა რიცხვებში მიღწეული პირველი შეთანხმება. ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „რამდენიმე კვირა“ აქვს იმის საჩვენებლდა, რომ სერიოზულად სურს მშვიდობის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზადდება ახალი სანქციებიც, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა სენატში.
11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ამის შემდეგ, 18 მარტს შედგა უშუალოდ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი. თავად აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, მან რუს კოლეგას შესთავაზა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთი და უკრაინა თავს შეიკავებდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტმებისაგან. პუტინმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და მაშინვე, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს მისცა შესაბამისი განკარგულება რუს სამხედროებს.
4 აპრილს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთმა დაარღვია ეს შეთანხმება.
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ აშშ ახლა კრემლის პასუხს ელოდება, რადგან კონკრეტული გზავნილი რუსეთის დესპანს უკვე გადასცეს. კაკაჩიამ ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის რეპუტაცია სასწორზე დევს, ამიტომ ტრამპი უსასრულო მოლაპარაკებების სერიას არ განაგრძობს:
„როგორც იცით, რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც დასანქცირებული იყო, იმყოფებოდა ზუსტად ვაშინგტონში და მას ალბათ გააცნეს კონკრეტული გზავნილები. მე როგორც ვიცი, ამერიკელები ახლა ელოდებიან, რომ ის უკან დაბრუნდება და ამ გზავნილებს ჩაიტანს მოსკოვში და ამის შემდეგ უკვე ელოდებიან საბოლოო პასუხს. როგორც განაცხადა რუბიომ, ტრამპი არ აპირებს განუსაზღვრელი ვადით ლოდინსა და ამ მოლაპარაკებების გაჭიანურებას, რადგან აქ სასწორზე დევს მისი რეპუტაცია და დაპირება, რომელიც მან მისცა როგორც ამერიკელ ხალხს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.“
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვაშინგტონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად იმყოფებოდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი - კირილ დმიტრიევი, რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.
კაკაჩიას აზრით, რადგანაც რუსეთი მოლაპარაკებისასმუდმივად აყენებს გარკვეულ წინაპირობებს, ამიტომ გამორიცხული არაა ვაშინგტონის რიტორიკა გამკაცრდეს, თუმცა, მხოლოდ კრემლის პასუხის შემდეგ გაირკვევა რას მოიმოქმედებს ტრამპი.
„როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მოსკოვი არც აპირებს რაიმეს შეცვლას, რადგან ის აყენებს პირობებზე კიდევ წინაპირობებს. მათ შორის, მაგალითად, ამბობს - იმისათვის, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი, უნდა ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რომელმაც გამოიწვია ომიო. ეს არ შეესაბამება ამერიკის, ტრამპის ინტერესებს. თუ არაფერი შეიცვალა, უფრო ხისტი პოზიცია ექნება ტრამპს რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთი რა ნაბიჯებს გადადგამს. ამით განისაზღრება ტრამპის ქმედებაც“, - განაცხადა კაკაჩიამ.
რა თქვა სახელმწიფო მდივანმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 4 აპრილს განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირაში“ გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულად არის რუსეთი განწყობილი უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად.
„აშშ რამდენიმე კვირაში გაიგებს, არის თუ არა რუსეთი სერიოზულად განწყობილი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპრაკებების დასაწყებად“, - თქვა მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „არ მოხვდება მოსკოვთან გაუთავებელი მოლაპარაკებების ხაფანგში“.
„ჩვენი გზავნილი ასეთია: შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, არიან თუ არა სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ. საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მარკო რუბიომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა:
„მე ვაღიარებ, რომ ეს ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას. ეს არ არის კარგი ნიშანი. უცებ თუ გავიღვიძებთ ხვალ და რუსები წამოიწყებენ მასიურ შეტევას, მაშინ ეს არის საკმაოდ ნათელი ნიშანი, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულები მშვიდობით“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესს თუ არ აჩვენებს, კონგრესის მხრიდან ახალი სანქციები გარდაუვალი იქნება.
„როგორც უკვე ვნახეთ, კონგრესის წევრებმა დაიწყეს კანონპროექტების წარდგენა სანქციების გასამკაცრებლად. ასე რომ, კაპიტოლიუმის მხრიდან იქნება მზარდი ზეწოლა იმ სანქციების დასაწესებლად, რომლებსაც ჩვენ, ადმინისტრაცია, ვერ შევაჩერებთ, თუ, რა თქმა უნდა, მშვიდობისკენ პროგრესს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა რუბიომ.
განახლებული თავდასხმების სერია
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ სამშიდობო მოლაპარაკების დაწყების მცდელობების პარალელურად, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმები უფრო ხშირი და მასშტაბური გახდა.
პარასკევს, 4 აპრილს რუსებმა მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კრივი რიჰის (რუსული ვერსია - კრივოი როგი) საცხოვრებელ უბანზე. შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი. დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი. ამის გამო 6 აპრილს უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა.
ევროპელი მოკავშირეები ვაშინგტონს მოუწოდებენ, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკაოს მოსკოვის მიმართ და წამოიწყოს ცეცხლის შეწყვეტის სერიოზული ვალდებულება, ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ მკაფიო ვადა უნდა დაწესდეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს მედიასთან საუბარში აშშ-ის საელჩო ღიად გააკრიტიკა.
„სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს რეაქცია გასაოცრად გულდასაწყვეტია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი საპასუხო რეაქცია. მათ სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა „იქსზე“.
6 აპრილს კი რუსებმა უკვე კიევზე მიიტანეს იერიში ბალისტიკური რაკეტებით. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საერთო ჯამში დარტყმა განხორციელდა უკრაინის 6 რეგიონზე, რისთვისაც გამოყენებული იყო Х-101/Х-55СМ ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერ -მ“ ტიპის 6 ბალისიტკური რაკეტა, „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 109 დრონი.
მათი ძირითადი ნაწილი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ გაანადგურა, თუმცა თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ განგაში მეზობელ პოლონეთშიც გამოცხადდა - პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
საერთაშორისო გამოხმაურება
„რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.
„მორიგი რუსული თავდასხმა, მაგრამ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა.
გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა რუსეთი კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
„ჩვენი შეფასებაა, რომ პუტინი აგრძელებს გაბუნდოვანებას, აგრძელებს ფეხის თრევას... ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ენერგომომარაგება. გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!“ - განუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს.
50 სენატორის კანონპროექტი
გასულ კვირას აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესებას სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის თქმის გამო. მათ შორის 500%-იანი ტარიფის დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს და გაზს. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა წარადგინეს, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია ახლა უნდა დასრულდეს და მომავალში აღკვეთილი იქნეს“, - ნათქვამია 50 სენატორის ერთობლივ განცხადებაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პირველადი, ასევე მეორადი სანქციებს რუსეთისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის აგრესიას უკრაინაში.
კანონპროექტში შეტანილ სანქციებს შორის არის 500%-იანი ტარიფი იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა რესურსებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას. 30 მარტს კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის იყო „ძალიან გაბრაზებული“, რადგან პუტინმა უკრაინის დროებით ადმინისტრაციის შესახებ საუბარი დაიწყო.
იმუშავებს თუ არა გამკაცრებული სანქციების პაკეტი
კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ეს ახალი სანქციები რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის, თუმცა, დღეის მდგომარეობით, სანქციები დიდ გავლენას საბრძოლო მოქმედებებზე ვერ ახდენს. დრო კი რუსეთის სასარგებლოდ არ მიდის.
„დასანქცირებული ისედაც არის რუსეთი, თუმცა, ეს დიდ ზეგავლენას საბრძოლო მოქმედებებზე ვერ ახდენს. ნუ, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო მეტი სანქციები ნავთობსა და პროდუქტებზე გაურთულებს რუსეთს საქმეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ რუსეთი ადვილად დასაყოლიებელი გახდება, ამის გარანტია არ არსებობს.
„თუმცა რუსეთისთვის ეს არის შესაძლებლობა, იმიტომ რომ უკიდურესად იზოლირებულია და ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარია, რადგან ასეთი ხელისუფლება შეიძლება ვეღარც იყოს 4 წლის შემდეგ. ამიტომ რუსეთსაც თუ უნდა, რომ საერთაშორისო იზოლაციას გაექცეს და ეს ომიც დამთავრდეს, ვფიქრობ, დრო მათ სასარგებლოდაც არ მუშაობს“, - განაცხადა კაკაჩიამ.
ზავის დადების პერსპექტივა
მან ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზეც და თქვა, რომ შესაძლებელია წლის ბოლომდე „რაღაც შედეგი იყოს“, თუმცა არაფრის გარანტია არ არსებობს, რადგან საერთაშორისო პოლიტიკა ძალიან მალე იცვლება.
„რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, რუსეთს მიაჩნია, რომ ამ ომს იგებს და აქედან გამომდინარე მას არ აწყობს ეს პირობები, რადგან მაქსიმალისტური მიზნები აქვს. არა, რომ იგივე ტერიტორიები შეინარჩუნოს, არამედ სურს, ვთქვათ, უკრაინა ნატოში არ მიიღონ, ხელისუფლებაში მოვიდეს სხვა ძალა, ფაქტობრივად სახელმწიფოს ართმევს და რასაკვირველია, ამ პირობებზე თავად უკრაინელები არ დათანხმდებიან.
„წლის ბოლომდე თუ რაღაც შედეგი იქნება, შესაძლებელია, თუმცა არაფრის გარანტიები არ არსებობს, იმდენად სწრაფად იცვლება საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა და თვითონ ტრამპის შეხედულებებიც იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ყველაფერი დროზეა დამოკიდებული“, - განცხადა კაკაჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



