რეზონანსი
(06.04.2025)

კრემლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავები იფრენენ და არც გამოქვეყნებულა ფრენების ოფიციალური განრიგი, მათ შორის დუმს რუსული ავიაკომპანია UVT Aero-ც, რომლის თვითმფინავმაც 7 თებერვალს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით პირველი სატესტო ფრენა განახორციელა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტში მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში. რუსული მედია კი იმ პოტენციურ კანდიდატ ავიაკომპანიებს ასახელებს, რომლებმაც შესაძლოა ეს მარშრუტი მაინც შეასრულოს - „აზიმუტი“ და „რედ ვინგი“. თუმცა, ეს რუსული კომპანიები თბილისისა და ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებენ რეგურალურ რეისებს. შესაბამისად, სოხუმშ ფრენეის პარალელურად ამას უკვე ვეღარ შეძლებენ და სანქციების რისკის ქვეშაც დადგებიან. ამიტომაც რუსული მედიის შეფასებით, მათ „არჩევანის გაკეთება მოუწევთ“.

აფხაზური მედიაც წერს, რომ მათ კითხვებით მიმართეს პრაქტიკულად ყველა მოქმედ რუსულ ავიაკომპანიას - აპირებდნენ თუ არა რეგულარული რეისების დანიშვნას სოხუმში და რა განრიგით, თუმცა არავითარი პასუხი არცერთისგან არ მიუღიათ.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, სოხუმში განხორციელებული ფრენები ოფიციალურად გაფორმებული იქნება, როგორც რუსეთის შიდა რეისები. კვირაში საშუალოდ შეიძლება 1 ან ორი სამოქალაქო რეისი შესრულდეს, ძირითადად კი სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვა იქნება, რადგანაც რუსებს სოხუმის აეროპორტი პირველ რიგში უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის სჭრდებათ.

ვინ განახორცეიელებს ფრენებს

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის „ერთობლივი აეროდრომის“ სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი „URAS“ რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინაც განცხადებით გამოეხმაურა დე ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან“, რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, ასევე რაშიდ ნურგალიევი.

წელს, 1-ლ აპრილს სოხუმში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კრიენკომ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებას კურირებს,  განაცხადა, რომ „1-ლი მაისიდან რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება“.

მაშნვე გაჩნდა კითხვები, თუ რომელ ავიაკომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ რეგურალური ფრენები რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, რაზეც ჯერჯერობით ზუსტი პასუხი უცნობია. 

რუსული „აეროფლოტის“ ჯგუფის არცერთ ავიაკომპანიას ჯერ არ გამოუქვეყნებია აფხაზეთის მიმართულებით ფრენების განრიგი. განრიგი ასევე არ არის გამოქვეყნებული რუსეთის რეგიონული ავიაკომპანია UVT Aero-ს მიერ, რომელმაც 7 თებერვალს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით პირველი სატესტო ფრენა განახორციელა. 

მარშრუტის გამახორციელებელ ავიაკომპანიების პოტენციურ კანდიდატებს შორის რუსული ტურისტული პორტალი „ტურდომი“ ასახელებს რუსულ „რედ ვინგსს“ და „აზიმუტს“, რომლებიც საქართველოში ასრულებენ რეგურალურ რეისებს.  

„საქართველოს საავიაციო ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, სანქციებით ემუქრება იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც აფხაზეთში შეასრულებენ ფრენებს. ცხადია, ავიაკომოანიებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება აფხაზურ და ქართულ მარშრუტებს შორის, ამავდროულად ქართული მარშრუტი მეტ ეკონომიკურ პერსპექტივას იძლევა არა მხოლოდ საქართველოში მიმავალ მგზავრების მეშვეობით, არამედ მათზეც, ვინც თბილისის გავლით გადასხდომით მიფრინავს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც რუსეთს ამჟამად არ აქვს პირდაპირი საჰაერო კავშირები, მაგალითად, ევროპაში“, - წერს „ტურდომი“.

რაც შეეხება ტუროპერატპრებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად რუსული „ბიბლიო გლობუსი” ფუნქციონირებს. ამ კომპანიის წარმომდადგენელმა კითხვაზე, - „არის თუ არა დაგეგმილი ტურები სოხუმში პირდაპირი ფრენების დაწყების კუთხით?“ – „ტურდომს“ განუცხადა: „ჩვენ ვიფრენთ ივნისიდან, მაგრამ არა „აეროფლოტის“ ჯგუფის რომელიმე ავიაკომპანიით, თუმცა სწორედ „აეროფლოტის“ ჯგუფთან თანამშრომლობით“. 

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  საუბარია (რუსული) ავიაკომპანია iFly-ს ერთ-ერთი აერობუსის გამოყენებაზე, რომელიც ახლა „აეროფლოტს“ გადაეცემა ე.წ. „სველი“ ლიზინგით. ზუსტად ასეთი სქემით იყენებს „აეროფლოტი“ iFly-სგან ლიზინგით მიღებულ სამ ბორტს. მეოთხე თვითმფრინავი- A330-200 კი, საბორტე ნომრით RA-73851, ამჟამად ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-სოჭის მიმართულებით და არაა გამორიცხული, რომ სოხუმის მარშრუტიც მან დაიმატოს“, - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი „ტურდომთან“ საუბრისას. 

გამოცემა წერს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები მათ უშუალოდ ავიაკომპანია iFly-ს გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

რისთვის სჭირდებათ რუსებს სოხუმის აეროპორტი 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსებს სოხუმის აეროპორტი უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად სჭირდებათ. თავად აფხაზებს კი აქედან რეალურად არანაირი სარგებელი არ ექნებათ. 

„აფხაზებს შეუძლია გადავიდნენ ადლერში და გაფრინდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ეს რუსებს უფრი ეკონიმიკური კონტექტიდან გამომდინარე სჭირდებათ, სანქციების გვერდის ავლის კონტქეტში. ვნახავთ, რომ შეიძლება სამგზავრო ფრენები კვირაში 1-2 იყოს, მაგრამ ფრენების 90% ტვირთების გადაზიდვა იქნება - ძირითადად აკრძალული ტვირთების გატანა რუსეთში.

„ალბათ თურქეთიდან წამოსული ტვირთები იქნება. ძირითადი ნაწილი წავა ისევ ავტომობილებით, მაგრამ სასწრაფო და მალფუჭებადი პროდუქტები, ან შორს წასაღები ტვირთები, რომელიც, მაგალითად, ციმბირში უნდა წავიდეს, ალბათ თვითმფრინავებით წავა. 

„ამიტომაც, მათ სჭირდებათ ეს აეროპორტი გამართული იყოს, რათა ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლითი პროცედურები განახორციელონ. თუმცა, ზაფხულში იქნება სამგზავრო ფრენებიც, რათა რუსი ტურისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. 

„აფხაზები კმაყოფილი არიან. არის საკითხები, რასაც ისინი აპროტესტებენ ხოლმე - მაგალითად, ბიჭვინთის მითვისება, აპარტ-ოტელების საკითხი, თუ რუსული ინვესტიციები. არის საკითხები, რომელიც მათთვის პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ გაუადვილდებათ ფრენები რუსთში. 

„ეს არა საერთაშორისო, არამედ შიდა ფრენები იქნება. ჩვენგან გასაჩივრება კარგია, რათა „იკაომ“ არ დაუშვას. უნდა გაესაჩივრებინათ და ყოჩაღ, რადგან, მაგრამ ალბათ საერთაშორისო ფრენები არ იქნება, იქნება მხოლოდ რუსეთში შიდა ფრენები. არ გამოვრიცხავ იყოს ფრენები, მაგალითად, ბელარუსში, მაგრამ თუ თავად ბელარუსი ასეთ თავხედობაზე წავიდა, საქართველოს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და ალბათ უნდა შეწყვიტოს. თუმცა, როცა ლუკაშენკო ჩასული იყო აფხაზეთში, „ოცნებამ“ ეს გაატარა. თუ სოხუმიდან ვენესუელაში და ნიკარაგიუაში იქნება ფრენები, ეს სასაცილოც კი იქნება, მაგრამ „იკაო“ მაშინ ჩაერევა. თუმცა, არ მგონია, რომ მსგავსი ფრენები იყოს, ეჭვი მეპარება. 

„ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან დაფრინავენ, იტყვიან - ხომ დავფრინავ თბილისში, ახლა ვიფრენ სოხუმში და შესაძლოა ასეც გიპასუხონ - „რა, სოხუმი არაა ქართული ქალაქი?“. „ქართული ოცნება“ კი ალბათ ამასაც გაატარებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ ერთი და იგივე კომპანიამ იფრინოს როგორც თბილისსა და ბათუმში, ისე სოხუმში.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთასთან ბომბორაში სამხედრო აეროპორტია და არაა გამორიცხული, რომ ეს აეროპორტიც გახდეს რაღაც სამხედრო კომპონენტიც კი. რუსეთი ვეღარ ფლობს სიტუაციას ისე, როგორც ადრე შავს ზღვაზე იყო და არაა გამორიცხული, რომ ეს აეროპორტიც გამოიყენოს ისევე, როგორც გამოიყენა ოჩემჩირის პორტი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე