თამთა ჩაჩანიძე
(05.04.2025)

დიდი ბრიტანეთი ერთის მხრივ ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, ორი დღის შემდეგ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. ამან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც დაბნეულობა გამოიწვია. „ოცნებაში", ერთის მხრივ, აცხადებენ, ამით დასავლეთმა ოპოზიციას არჩევნებში მინაწილოება მოსთხოვა, მეორეს მხრივ კი ეჭვობენ, რომ ბრიტანეთმა „იუ-ეს-ეიდი" და სხვა დონორები ჩაანაცვლა და „დესტრუქციის დაფინანსება" არჩევნების საფარქვეშ ხდება.

ოპოზიცია კი ჯერჯერობით დუმს, თუმცა, მანამდე ზოგი ღიად აცხადებდა, რომ ადგილობრივი არჩევნების ბიკოტს უჭერდა მხარს, ნაწილი 7 თვით ადრე ამ თემის წამოჭრას სისულელეს უწოდებდა და მიაჩნდათ, რომ ვითარების შესაბამისად უნდა მოქცეულიყვნენ, ნაწილი კი, განსაკუთრებით პარტია „გახარია საქართველოსთვის", არ გამორიცხავდა მონაწილეობას.

ოპოზიციის მხრიდან ისიც ითქვა, რომ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობაზე ვერშეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რჩებოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთგვარი მოულოდნელობაა. მეორეს მხრივ კი, თუ საგრანტო კონკურსია გამოცხადებული, ეს პირდაპირ არასამთვრობო ორგანიზაციებს უკავშირდება, ხოლო ამერიკული „ფარა"-ს ქართული ანალოგი პარლამენტში უკვე დამტკიცდა 1-ლ აპრილს მესამე მოსმენით და კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერაც ამავე დღით თარიღდება. შესაბამისად, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაში შედის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერიდან მე-60 დღეს. ანუ 1-ლი ივლისიდან. კანონის მიხედვით, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ ვალდებულება წარადგინონ დაფინანსების წყაროებზე ანგარიში.

რა წერია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში

განცხადების თანახმად, საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.

„თბილისში ბრიტანეთის საელჩოს აქვს მიზანი, მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ჩატარებას უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც ქართული მოსახლეობის ყველა ფენას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. ორგანიზაციებს შეუძლიათ, წარადგინონ განაცხადი 100 000 ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის გრანტების მისაღებად იმ პროექტებისთვის, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მიზანს", - აღნიშნულია გრანტის აღწერაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვეგბგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფინანსება ხელმისაწვდომია 2025 წლის მაისიდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდისთვის, აქტივობების დასრულებისა და ანგარიშგების დროის ჩათვლით, ხოლო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აპრილი.

„საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი ტრადიციულად დაბალია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებს შორის, განსაკუთრებით სოფლად. ასევე, რთულია ზუსტი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, თუ რომელი პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის, რომლებიც ქართულად რთულად საუბრობენ.

„გასულ წელს საქართველოში ეროვნული არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდებოდა. მათ ანგარიშში გამოვლინდა რიგი რეკომენდაციები. წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების წინ ეფექტური საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია კრიტიკული იქნება იმის შესაფასებლად, რამდენად იქნა შესრულებული ეს რეკომენდაციები. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ს საერთაშორისო მონიტორინგის მისიის გაგზავნას 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვების მნიშვნელობას", - წერია საგარეო უწყების ვეგბგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რას აცხადებს "ოცნება"

მმართველი პარტიის ერთ-ერთი სპიკერი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს არის მოწოდება ოპოზიციისთვის, რომ გადაერთონ ადგილობრივ არჩევნებზე.

„ამ უსამშობლოების უცხოელი პატრონებიც მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს და უკვე გადაერთნენ ადგილობრივ არჩევნებზე. ეს კარგია. იმედია, ადგილობრივებიც გაიაზრებენ, რომ მათი პატრონები ამას უკვე მიხვდნენ და დასკვნაც გამოიტანეს.

„რაც შეეხება მეორე ასპექტს, „იუ-ეს-ეიდი" უკვე ჩაანაცვლა ბრიტანულმა ფონდებმა. სხვათა შორის, მინდა, შევნიშნო, რომ ზუსტად ამასთან დაკავშირებით ბატონ შათირიშვილს ჰქონდა საუბარი თავის წერილში, რომ „დიფ სთეითმა" ამერიკიდან ევროპაში გადმოინაცვლა. „იუ-ეს-ეიდი" ჩაანაცვლა ბრიტანულმა, ესტონურმა ფონდებმა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ახლა „დიფ სთეითი" კონცენტრირებულია ევროპაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაიწყო გაორმაგებული შეტევა, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი ქვეყნებია და თამაშში ისეთი მძიმეწონოსანი შეიყვანეს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი.

„დიდი ბრიტანეთიდან გვესმის ხმაურიანი განცხადებები. მაგალითად, არ შემიძლია გამოვტოვო მოსამართლეების დასანქცირება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფარგლებში არსებული საგრანტო პროგრამა შეიმუშავეს, რითიც უნდა ჩაანაცვლონ დესტრუქცია და მავნებლობა საქართველოში „იუ-ეს-ეი-დის" და „ნედის" მაგივრად. სწორედ ამ ფონდებიდან უნდა იყვნენ დაფინანსებული ეს მდიდარი „ენჯეოები", რომლებიც გაღარიბების ზღვარს იყვნენ მიახლოებულები, რადგან მდიდარი დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებას ვერ იღებდნენ.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ იბრძვის „დიფ სთეითი". ახლა ბატონმა ტრამპმა მას ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ რაღაც შესუსტება იგრძნობა, თუმცა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, აშშ-ში „დიფ სთეითის" დამარცხების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. თამაშში დიდი ბრიტანეთი ჩაერთო, დაფინანსების ფუნქციებს, რასაც „იუ-ეს-ეიდი", „ნედი" და სხვა ორგანიზაციები ასრულებდნენ, ბრიტანეთი გადაიბარებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოში მავნებლობის დაფინანსებას აგრძელებს ფონდი „იიდი", რომელიც „ნედის" კოპირებული ვარიანტია ევროპაში.

რა მინიშნებას აკეთებს დიდი ბრიტანეთი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საგრანტო კონკურსის გამოცხადებას „უცნაურს" უწოდებს, რადგან ერთის მხრივ მოსამართლეების დასანქცირება ხდება და მეორეს მხრივ კი „ფარას" კანონი მალე ამოქმედდება.

„უცნაურია, ერთის მხრივ დიდი ბრიტანეთი მოსამართლეებს ასანქცირებს და მეორეს მხრივ საგრანტო კონკურსს აცხადებენ, ამაზე ალბათ განმარტებას გააკეთებენ. გრანტს პოლიტიკურ პარტიებს ვერ მისცემს, არასამთავრობოებს მისცემს ამ გრანტს, რომ დააკვირდნენ არჩევნებს და მონიტორინგის ფუნქცია შეასრულონ წინასაარჩევნი პერიოდში, საარჩევნი სისტემაზე ტრენინგები ჩაატარონ, მოსახლეობა მეტად ინფოირმირებული გახადონ.

„ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს აღიარებს, რა თქმა უნდა არ აღიარებს. ვფიქრობ, ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში. ერთადერთი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდა და დათანხმდა, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთდროულად ჩატარდება, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი კითხვებია - კანონმდებლობა დამკვირვებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოავლინოს კარუსელები და ა.შ. მაშინ ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს.

„თუ დასავლეთი საბოლოო ჯამში მომხრე იქნება, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ამ ადმინისტრაციის და კანონმდებლობის პირობებში ამას აზრი არ აქვს, მაშინ უნდა მოითხოვოს ახალი ადმინისტრაცია, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარება. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთიდან ზეწოლა გაძლიერდა, სანქციები მარტო მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კი არ უნდა დაუწესონ, არამედ დე ფაქტო პარლამენტის წევრებსაც და სხვებსაც.

„ეს ოპოზიციისთვის ალბათ მოულოდნელობა იყო, მით უმეტეს საგრანტო კონკურსში არასამთავრობოები როგორ შეძლებენ მონაწილოების მიღებას, როდესაც მათ აკონტროლებენ და უცხოურ აგენტად ასახელებენ ახალი კანონით... ბევრი კითხვაა და ბრიტანეთმა მაშინ ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ერთის მხრივ ოპოზიციისთვის ეს ცივი შხაპია, თუმცა არც ხელისუფლებისთვისაა მომგებიანი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპოზიციისთვის არის ერთგვარი ცივი შხაპი. მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ასეთ რამეებს, რადგან საქართველოსთვის ამ ეტაპზე ბრიტანეთთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცაღა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს მაინც ნიშანია იმისთვის, რომ ურთიერთობაა მთავრობასთან და რომ ეს არის ირიბი აღიარება და ცნობა მთავრობის ლეგიტიმურობისა, მაგრამ ეს მთავრობის, კონკრეტულად ხელისუფლებისა და არჩეული პარტიის მხარდაჭერა არაა.

„ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და (დიდი ბრიტანეთიდან) ეს არის ის, რომ ორგანიზაციები წაახალისოს, რომელებიც ამაში მონაწილეობას მიიღებენ.

„ეს უკვე ჩატარებული არჩევნების აღიარებას არ ნიშნავს. გრანტისთვის კონკურსია გამოცხადებული და ყველა შესაბამისი სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია განაცხადი შეიტანოს. ვინც პირობებს დააკმაყოფილებს, ის გაიმარჯვებს, ეს არანაირად არ ნიშნავს, ცხადია, რომ ამით ცნობენ ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურიბას და მთავრობის ლეგიტიმურობას. ეს არის მხარდაჭერა იმ პარტიებისთვის და არასამთავრობოებისთვის, ვინც მაინც გადაწყვეტს იბრძოლოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე