თამთა ჩაჩანიძე
(04.04.2025)

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონალური განვითარების სამინისტროს აღარ ჩაიბარებს. პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ დაანონსებული გეგმა შეცვალა და ნაცვლად ლილუაშვილისა ამ პოსტზე კახაბერ გულედანი წარადგინა. მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით "განსხვავებული შეხედულებები იყო".

2 აპრილს კობახიძემ მთავრობაში საკადრო გადაადგილებების შესახებ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით ლილუაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად უწყებას აწ უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილს კანდიდატურა წარადგინა, რომელიც პარლამენტმა 79 ხმით დაამტკიცა. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე "ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.

მთავრობისვე გადაცწყვეტილებით კიდევ ერთი, ინფრასტრუსტურისა და რეგიონალიური განვითარების სამინისტრო ორ უწყებად ჩამოყალიბდება. ცალკე იფუნქციონირებს რეგიონალური განვითარების სამინისტრო, რომელზეც დაანონსებული იყო, რომ ლილუაშვილი უხელმძღვანელებდა, მაგრამ პრემიერმა გადაწყვეტილება პარასკევს მოულოდნელად შეცვალა.

რაც შეეხება კახაბერ გულედანს, კობახიძის თქმით, მას აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, 2016-2017 წლებში იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, იყო სამგორის რაიონის გამგებელი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს ნდობისთვის. ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს, ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი",-აღნიშნა თანამდებობაზე წარდგენისას კახა გულედანმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსხვავებული მიდგომები მას და გრიგოლ ლილუაშვილს, რის გამოც ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მათ შორის, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად.

"საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი. მას აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება.

საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში ეჭვის თვალით უყურებენ და აკრიტიკებენ. "ახალის" ლიდერს ნიკა გვარამიას კითხვები აქვს თუ რატომ გახდა საჭირო ლილუაშვილის გადაყენება და ოხანაშვილის დანიშვნა.

„ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო. ალბათ, მალე გავიგებთ.

"ცესკომ რომ თავისი დადგენილებით კიდევ უფრო გაამარტივა გაყალბება, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ არ გავდივართ (და არ გავდივართ)?

"წულუკიანის კომისია, პირველ რიგში, სანახაობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სანახაობას 2 მხარე ჰქმნის: დამხვედრი წულუკიანი და მიმსვლელი „არაქოცი", ამიტომ იქ სიარული „ქოცური" პროპაგანდის დახმარებაა.

"აიკრძალება თუ არა წულუკიანის კომისიის საფუძველზე პარტიები? თუ კი, არ სჯობს ახლავე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სრული ართანამშრომლობა გვაქვს რეჟიმთან? და არ აკრძალვის შემდეგ დაშვების დონეზე: რომც არ ავეკრძალეთ, მაინც არ მივიღებდით მონაწილეობას, მაინც არ ვიზამდით ამას, მაინც...

"ის, რომ არჩევნები არავის უღიარებია, ქართველი ხალხის პროტესტის, „ენჯეოების" დიდი შრომის და ქართული ოპოზიციის მუშაობის და სწორი პოზიციის (ქოცური არჩევნების დელეგიტიმაციის) შედეგია. ეს ყველაფერი უცხოეთიდან გვიბრუნდება, როგორც „ქოცების" არცნობა და სანქციები, რაც თავისით არ ხდება და მუშაობის ერთდღიანი ჩაგდებაც კი არ შეიძლება.

"ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი ჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი" მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, პირველ რიგში. ასე რომ, კრიტიკა სწორია, მხოლოდ „არაფერს არ აკეთებენ" - არასწორი. ზოგიერთი სხვა ტექსტი კი არაფერს ემსახურება, პროცესის მორალიზაციის გარდა და ურთიერთგაუცხოების გარდა, შედეგად არაფერი მოაქვს", - წერს გვარამია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე