
50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც „რესპუბლიკელი" სენატორის, ლინდსი გრემისა და „დემოკრატი" სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.
„ეს სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უარს იტყვის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობისთვის ან წამოიწყებს სხვა ძალისხმევას, მათ შორის სამხედრო შეჭრას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. კანონმდებლობა ასევე აწესებს 500-პროცენტიან ტარიფს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა დასრულდეს ახლა და თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.
„აშშ-ს სენატში გაბატონებული შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა შეწყდეს ახლა და შეჩერდეს მომავალში", აღნიშნავენ გრეჰემი და ბლუმენტალი. გრეჰემი და ბლუმენტალი ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს კონგრესის ორივე პალატა.
„ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზად არის და მიიღებს ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას, თუ მათ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარადგენენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელძღვანელის, ვახტანგ მაისიას აზრით, ტრამპს გეგმა ჩაუვარდა და ახლა ეცდება პუტინისთვის სამაგიეროს გადახდას.
„სანქციების დაწესების საკითხი იმიტომ გააქტიურდა, რომ ტრამპს თავისი გეგმა ჩაუვარდა და ის ამას არავის აპატიებს, მათ შორის არც პუტინს. ტრამპს იმხელა ამბიცია აქვს, პუტინს არც დაესიზმრება. მისი თითოეული წარუმატებლობა პირდაპირ აისახება მის პოლიტიკურ რეიტინგზე, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით. მას რომ რეიტინგზე არ ეზრუნა დღეს პრეზიდენტი ვერ იქნებოდა.
„ასე რომ, ტრამპი საკუთარი თავის მაღლა არავის დააყენებს, მითუმეტეს პუტინს. როგორც ჩანს, ტრამპს პუტინთან ყოველგვარი ლაპარაკის საშუალება ამოეწურა და ახლა გადადის მოქმედებაზე. ის თვლის, რომ ეს ყველაფერი პუტინს ზიანს მოუტანს, ეს არის და ეს.
„ორპარტიანი კონსენსუსი ამაზეც მეტყველებს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას განსხვავებული ხედვა გააჩნია. ტრამპს უნდოდა რუსეთისთვის მეგობრული ხელი გაეწოდებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ხელი პუტინმა კარგად მოკვეთა. ბუნებრივია, ტრამპი ამას არ შეარჩენს და 50 ამერიკელი სენატორის გადაწყვეტილება ამის პირდაპირი გამოხატულებაა.
„სავარაუდოდ აქ საუბარი იქნება, ნავთობის ფასების მაქსიმალურად დაგდებაზე, რუსული გაზის ექსპორტის აკრძალვასა და იმ რუსული შავი ფლოტის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგაზე, რომლითაც პუტინს მოუწევს სერიოზული ანაზღაურება. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სამშვიდობო შეთანხმება ჩიხში შედის. მე აქამდეც მაქვს ნათქვამი, რომ ტრამპს სანქციების შემოღება მოუწევს-მეთქი და ასეც მოხდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



