თბილისში მეტროს დაგრძელება და ახალი სადგურების მშენებლობა იგეგმება, საუბარია ვარკეთილის და გლდანის მიმართულებაზე. ცნობილია, რომ მეტროს პირველი ხაზი 5 კილომეტრით დაგრძელდება და ზემოხსენელებულ მიმართულებებს ახალი 2.2 და 3-კილომეტრიანი სადგურები დაემატება. ჯერჯერობით უცნობია, ვარკეთილიდან და გლდანიდან გაგრძელება კონკრეტულად რა მიმართულებით მოხდება, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი განხორციელება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა. ამის შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი.
წარდგენილი აღწერის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს თბილისში, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოები შესყიდვა ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის მეთოდით. ეს კი ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს როგორც სადგურების დიზაინის შექმნა, ასევე მათი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაც.
მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე 5,2 კმ-ია, გლდანის მიმართულება - 2,2 კმ; ვარკეთილის მიმართულება - 3 კმ.
პროექტის ფარგლებში ასაშენებელია ორი სადგური. გლდანის მიმართულებით - ერთ სადგური, ვარკეთილის მიმართულებით - ერთი სადგური.
ფასების გამოკვლევის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი მაისი არის მითითებული. ჯერჯერობით თბილისის მერიას პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.
დედაქალაქის გენგეგმაში სატრანსპორტო განვითარების სქემებზე დეტალურად არის საუბარი, მათ შორის მეტროპოლიტენის თაობაზეც. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი და "სითი ინსტიტუტ ჯორჯიას” დირექტორი მამუკა სალუქვაძემ "რეზონანსთან" დედაქალაქის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც მეტროს მშენებლობის რეკომენდაცია გაიცა.
"თბილისის გენგეგმაში, რა თქმა უნდა, იყო მეტროზე საუბარი და ინიციატივა, რომელიც რამდენჯერმე გაჟღერდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ განხორციელდა. ლილოსკენ, აეროპორტისკენ, რუსთავისკენ შეიძლება განვითარდეს სარკინიგზო მაგისტრალი, თუმცა როდესაც ჩვენ მეტროზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება მიწისზედა მეტრო და არა მიწისქვეშა მეტროსადგურები.
კვლევები არ ჩაგვიტარებია, ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, რადგან არსებობს სარკინიგზო ხაზი. მისი გამოყენებით "ისთ ფოინთის" და ლილოს მიმართულებით, შემდეგ კი აეროპორტამდეც შეიძლებოდა ჩასვლა და, საბოლოო ჯამში, რუსთავისკენ მოხდებოდა მეტროს ხაზის დამატება.
დიდი მსჯელობაც იყო, როდესაც გეგნგეგმაზე მუშაობა დავასრულეთ, მაგრამ შემდეგ იყო პანდემია, ყველაფერი ჩაიკეტა, ყველა პროექტი შეჩერდა, ამის შემდეგ 1-2-ჯერ კიდევ ითქვა. თბილისს ნამდვილად სჭირდება ისეთი ტრანსპორტის განვითარება, როგორიცაა მეტრო, მათ შორის მიწისზედა.
რამდენადაც ვიცი, აეროპორტისკენ რომ გაგრძელდებულიყო ხაზი, გარკვეული კვლევა ჩატარდა და დადებითი პასუხი იქნა მიღებული, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მერიაში უკეთ იციან.
დიდ დიღომზეც იყო საუბარი და მისასალმებელია, თუ მართლაც შემუშავდება პროექტი. მიგვაჩნია, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია. არსებობს იქ აღმაშენებლის ხეივანი, სადაც შეიძლება გაიაროს ხაზმა. როდესაც გვქონდა მსჯელობა შევთანხმდით იმაზე, რომ ამგვარ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული დრო იყო საჭირო, რადგან ფინანსურადაც შესაძლებელი გამხდარიყო.
დაზუსტებით არ გვითქვამს, რომ ზუსტად რა ადგილებში უნდა იყოს მეტროს ხაზები, გენგეგმის ფუნქცია ეს არ არის, თუმცა ჩვენ სარეკომენადციოდ შევთავაზეთ მეტროს ამგვარი განვითარება", - განუცხადა "რეზონანსს” მამუკა სალუქვაძემ.
არსებული მდგომარეობით, თბილისის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან შედგება, სადგურების რაოდენობა კი 23-ია. გლდანი ვარკეთილის ხაზზე 16 სადგური მოქმედებს, სადგურის მოედანი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაზზე კი შვიდი სადგური არის მოქმედი. თბილისის მეტროს სისტემის სიგრძე სულ 27.3 კილომეტრს შეადგენს.
დედაქალაქში ავტომობილით გადაადგილების პრობლემის ფონზე მეტროს განვითარებაზე გაამხვილა ყურადღება პლატფორმა `ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიმართულებით სადგურის დამატება თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"პირველ რიგში მოლოდინზე გეტყვით, რომელიც ნეიტრალურია, სანამ ქვედითი ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყება. ჩვენ მოგვისმენია კიდევაც, რომ უნდა გაკეთებულიყო ლილოს მიწისზედა მეტრო, ასევე დიდი დიღმის მიმართულება, რაშიც ვიყავით ჩართული და შევთავაზეთ ტრამვაის ხაზის გაყვანა დიდი დიღმიდან შესაბამისი მიმართულებით - დიდუბის ან გლდანის.
მეტროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ავტომობილით გადაადგილება წარმოუდგენელია, თითქმის ყოვეთვის საცობია დედაქალაქში. ამიტომ მეტრო არის ძალიან კარგი საშუალება. სწრაფი ტრანსპორტია, რომელსაც თავისთავად სჭირდება შესაბამისი განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
თუ გაკეთდება, რა თქმა უნდა, პირადად ჩვენც და იქ მაცხოვრებლებიც მივესალმებით, მაგრამ მანმადე თავად ვარკეთილის მეტრო არის დასამთავრებელი. 2 თუ 3 წელიწადია მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ყველა მოსაწესრიგებელ მეტროსადგურს უნდა მიეხედოს. ასევე, ბოლო პერიოდში, ხშირად ხდება დაკვამლიანება მეტროში. ეს მიზეზი უნდა იყოს დადგენილი და ალბათ, შესაბამისმა სამსახურებმა იციან და პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, რადგან მეტროს დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს.
ქალაქისთვის ნებისმიერი მეტროსადგურის დამატება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, რაც დღეს ხდება თბილისში, ამიტომ ასეთ სიახლეებს მხოლოდ მივესალმებით”, - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი ჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე