
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებთან და არტილერიასთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მტრის ორი Ka-52 ტიპის და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეზონანსთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი -ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ახალი პლაცდარმი რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდია, ხოლო კურსკში ბრძოლები შეჩერებულია.
„კურსკში ფაქტობრივად ბრძოლები შეჩერებულია, ახალი პლაცდარმი გაჩნდა ბელგოროდში, რომელიც ასევე მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს. რუსები სწორედ იგივე სტრატეგიებით ახორციელებენ დარტყმებს" - განაცხადა მაისაიამ.
კითხვაზე, ეხმარებიან თუ არა ამერიკელები ისეთვე ინტენსივობით უკრაინას, მაისაია გვპასუხობს:
„ამერიკელების დახმარება იქაც გამოჩნდა, როცა სამი სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენიც გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს. მსგავსი რამ ამერიკელების დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა."
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 20 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა სახის დახმარების გაცემა, რადგან ეს ეწინააღმდეგება „მშვიდობის მიღწევის განზრახვებს".
„ვისაც მშვიდობა სურს, ბუნებრივია, ტერორისტული ბანდის მილიტარიზაციის შეწყვეტას დაუჭერს მხარს"-განაცხადა ზახაროვამ.
მაისაია ამბობს, რომ ამერიკელები რუსების მოთხოვნას არ ასრულებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსები ამერიკელებისგან მოითხოვენ, მაქსიმალურად შეწყვიტონ უკრაინის დახმარება, ფაქტია, ამას ამერიკელები არ აკეთებენ და ეს ჩანს კიდეც. რუსეთსა და ამერიკას შორის არის სერიოზული ბზარი და დღეს ისინი გეოპოლიტიკური მტრები არიან.
შესაძლოა, დიპლომატიურ დონეზე ერთმანეთს რევერანსებს ახორციელებდნენ, მაგრამ მათ შორის არის პირდაპირი ჰიბრიდული ომი და ამას ტრამპიც თავისი რიტორიკითა და გამოსვლებით ადასტურებს. მან უფრო მეტად გაამკაცრა სანქციები, რომლებიც ეხება რუსეთის ე.წ. შავ ფლოტს, რომლსაც გადაჰქონდა არასანქცირებული ნავთობი და ასევე გაზიც. სწორედ ამას შეუტია ტრამპმა."-განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



