
11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალური პირების პირველ შეხვედრას პირველი შედეგები მოჰყვა - უკრაინა დათანხმა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. ახლა ჯერი რუსეთზეა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჯიდაში ცეცხლის ეტაპობრივ შეწყვეტაზე იქნებოდა საუბარი - ჯერ ჰაერში და მერე ზღვაზე.
უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ერმაკის მოადგილე პაველ პალისა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა. ხოლო ამერიკულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.
უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ არ მონაწილეობდა შეხვედრაში, თუმცა ორშაბათს საუდის არაბეთში ჩაფრინდა და არაბეთის პრინცს შეხვდა.
ვაშინგტონსა და კიევს შორის დაძაბულობის გათვალისწინებით, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა 28 თებერვალს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შრის სკანდალური კამათის შემდეგ, დასავლური მედია ამ მოლაპარაკებებს წინასწარვე აფასებდა, როგორც „მაღალი ფსონების შეხვედრას“.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაახლოებით 1-ლ საათზე დაიწყო და გვაინ ღამემდე გაგრძელდა. შევენების დროს მხარეები ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარებით შემოიფარგლენ.
„მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო“, - განაცხადა ერმაკმა.
მარკო რუბიოს კომენტარიც ასევე ლაკონური იყო - „წინ მივიწევთ“.
შეხვედრის წინ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ უნდა შეწყვიტოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რის შემდეგაც კიევი მზად არის დადოს ზავი ჰაერში და წყალში (შავ ზღვაზე) და ასევე გაცვალოს ტყვეები.
მოლაპარაკების მეორე რაუნდში კი მხარეები ზავის შემთხვევაში უკრაინისათვის უსაფრთოების გარანტიებზე იმსჯელებენ.
დასავლური დაზვერვის ცნობით, პუტინს შეთანხმების ჩაშლა და ომის გაგრძელება სურს - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
„დასავლური სადაზვერვო უწყებების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში განზრახ მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, რადგან რეალურად ომის გაგრძელება სურს. რუსეთის ლიდერი მზადაა გააგრძელოს ომი, თუ ის ვერ მიაღწევს მის მიზნებს“, - წერია „ბლუმბერგის“ სტატიაში.
ამავე გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინი არ განიხილავს კომპრომისს ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხშიც. გარდა ამისა, ის ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის მიერ აღიარებას ითხოვს. მანამდე მოსკოვშ გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების სტატუსით ისეთი ქვეყნის არმიის ნაწილების განლაგება, რომლებიც ომში ღიად უჭერენ მხარს უკრაინას. ეს განცხადება იმ ცნობების კომენტირებისას გაკეთდა, რომ უკრაინაშ სამშვიდობოების გაგზავნას საფრანგეთი და ბრიტანეთი განიხილავდნენ.
ამ ყველაფრის გარდა, იმავე „ბლუმბერგის“ მონაცემებით, მოლაპარაკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის არმიას ეხება. პუტინმა უკრაინის „დემილიტარიზაცია“ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად გამოაცხადა, რაც უკრაინული არმიის შემცირებასა და სხვადასხვა შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს.
პირველი შედეგი
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური კიევი ჯიდაში დათანხმდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას. აშშ-ის წარმომადგენლები უახლოეს დღეებშ უკვე რუსებთან განიხილავენ ამ წინადადებას და კრემლის თანხმობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.
როგორც პრეზიდენტის საიტი იუწყება, ჯიდაში მხადეები ასევე შეთანხმდნენ რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის იშიათი მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებით
ამავე წყაროს ცნობით, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაისათვის სადაზვერვო მონაცემებისა და შეიარაღების მიწოდებას.
ეს ინფორმაცია რუბიომ და უოლცმაც დაადასტურეს. გარდა ამისა, ოლცმა მოლაპარაკების პირველ შედეგებზე დამატებითი კომენტარიც გააკეთა:
„უკრაინა იზიარებს მშვიდობასთან დაკავშირებით ტრამპის ხედვას.
„ჩვენ უახლოეს დღეებში დაველაპარაკებით რუსებს.
„ჩვენ განვიხილეთ გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისათვის.“
რუბიომ კი განაცხადა: „უკრაინამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა და იმედი გაქვს, რომ ამას რუსეთიც ასევე უპასუხებს“.
მოგვიანებით გავრცელდა მოლაპარაკების მონაწილეთა ერთობლივი განცხადებაც, სადაც ნათქვამია:
„აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავისი მომლაპარაკებელი ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას“.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააზუსტა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ წინადადებას რუსეთიც დათანხმდება.
სააგენტო „ბლუმბერგი“ კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი მზადაა ამ წინადადების განსახილველად, თუმცა სურს წინასწარ გაერკვეს, თუ რა პრინციპები დაედება საფუძვლად სამშიდობო შეთანხმებას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



