
11 მარტის დილით უკრაინულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე მასიური იერიში მიიტანეს. მთავარი სამიზნე მოსკოვის ოლქი და უშუალოდ დედაქალაქი მოსკოვი იყო, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საჰაერი შეტევა მოსკოვზე. იგი დროში დაემთხვა საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყება და ასევე მოსკოვში ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თამანშრომლობის ორგანიზაციის) გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას ასეთი აქტივობებით ჯიდაში მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდეს, რადგანაც საზავო შეთანხმების ის ვერსია, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, უკრაინისათვის მისაღები არ არის.
მეორე ვერსიით, შესაძლოა ეს ყოფილიყო უკრაინის პასუხი 8 მარტს რუსების მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე, რომელსაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ფრანგული „მონდი" უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრნობით საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს - ოფიციალური კიევი ამ გზით ცდილობს აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, „მიიღოს კიევის მიერ შემოთავაზებული საჰაერო ცეცხლის შეწყვეტა".
იერიში მოსკოვზე და მისი შედეგები
მოსკოვის ოლქზე და ქალაქ მოსკოვზე თავდასხმის გამო ჟუკოვსკის და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. „როსავიაციის" ცნობით, ამავე მიზეზის გამო, 80-ზე მეტი სამოქალაქო ბორტი იძლებული გახდა სათადარიგო აეროდრომზე დაშვებულიყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 11 მარტის ღამეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა სულ რუსეთის ტერიტორიაზე 337 დრონი ჩამოაგდეს.
განსაკუთრებული სამიზნე მოსკოვის რეგიონი გახდა. აქ იერიშის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, რომელთანაგ სამი დაიღუპა. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, გაჩნდა ხანძარი და დაიწვა 20-მდე ავტომობილი.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით (11 მარტის 08:22 საათისთვის), საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის თავზე 91, კურსკში - 126, ბრაიანსკში - 38, ბელგოროდში - 25, რიაზანში - 22, კალუგაში - 10, ლიპეცკსა და ორიოლში - 8-8, ვორონეჟში - 6 და ნიჟნი ნოვგოროდში 3 დრონი გაანადგურა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ „ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა მოსკოვზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი მომხდარი ტერაქტად შეაფასა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ სამშაბათს გამთენიისას მასირებული შეტევისას დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც მინიმუმ შვიდი ბინა დაზიანდა.
ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კი კომპანია „მირატორგის" თანამშრომელი დაიღუპა.
„უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის" სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს ვიდნოესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
უპრეცედენტო თავდასხმა და ოფიციალური შეხვედრები
მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინის დელეგაცია სწორედ 11 მარტს დილით ჩავიდა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მასთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა.
აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელსაც თან ახლავს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი.
როგორც „ნიუ იორკ თამისი" წერს, მარკო რუბიომ ჯიდაში განაცხადა, რომ კომპრომისი უკრაინისა და რუსეთის მხრიდან აუცილებელია და ორივე მხარეს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ან თუნდაც შესაჩერებლად, უკრაინაც და რუსეთიც მზად უნდა იყვნენ მკაცრი გადაწყვეტილებების მისაღებად და მძიმე რეალობის წინაშე დასადგომად", - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ არ დააკონკრეტა პოტენციური შეთანხმების დეტალები, მან განმარტა, რომ ორმხრივი დათმობები იქნება ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტილების გასაღები. სამხედრო მდგომარეობის განხილვისას, რუბიომ ორივე მხარის საბოლოო გამარჯვების მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ შექმნილ სიტუაციაში სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და, ცხადია, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერ გონივრულ ვადაში რუსების იძულებით გაბრუნება იმ საზღვრამდე, სადაც ისინი 2014 წელს იდგნენ. მომავალ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება რუსეთის კომპრომისზე წასვლის სურვილის დადგენა", - სახელმწიფო სახელმწიფო მდივანმა.
უშალოდ მოსკოვში კი საჰაერო თავდასხმის დროს ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) დელაგაცია იმყოფებოდა გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს ხელმძღვანელობით. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ლავროვის განცხადებით, სინირლიოღლუსთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა კი წერს, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუმ, „უკრაინული შეტევის ადგილი დაათვალიერა, კერძოდ, მოსკოვის მახლობლად მდებარე ვიდნოიეში საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა".
შესაძლო პასუხი 8 მარტის ტრაგედიაზე
11 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ ემ"-ითა და 126 დრონით მიაყენა დარტყმა უკრაინას. ეს მარტის განმავლობაში რუსეთის უკვე მეორე მასირებული დარტყმა იყო. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, მათ შეძლეს რაკეტისა და 79 დრონის განადგურება ხარკოვის, პოლტავისა, სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და კიდევ 5 ოლქის საზღვრებში. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დრონმა შეძლო სამეურნეო და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება დონეცკის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.
ქალაქ ოდესაში საავიაციო დარტყმის შედეგად საწვავ-საპოხი მასალების პუნქტს, კერძო სახლსა და ბავშვთა სათამაშოების საწყობს გაუჩნდა ცეცხლი.
პირველი დიდი იერიში კი რუსეთმა 8 მარტს მიიტანა. ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.
მაშველების ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
„ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა", - განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 8 მარტის ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
რამდენად რეალურია საჰაერო ზავი
ფრანგული „ლე მონდის" ინფორმაციით, ასეთი მასირებული დარტყმა, შესაძლოა, კავშირში იყოს უკრაინული მხარის ახალ მცდელობასთან, რომელიც რუსეთთან ერთგვარი საჰაერო ზავის მიღწევას უკავშრდება.
„ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონზე", - თქვა ანდრეი კოვალენკომ, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელიც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და დასძინა, რომ „ეს არის დამატებითი სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ასევე უნდა იყოს დაინტერესებული საჰაერო ცეცხლის შეწყვეტით", - ციტირებს „ლე მონდი" უკრაინელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.
აშშ-ის მხრიდან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების ფონზე, ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერბელი ჩანს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ დახმარების შეჩერება პირველ რიგში სწორედ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე აისახება ნეგატიურად.
გარდა ამისა, არის მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდება გამოსცადოს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოტენციალი ამერიკული დახმარების შეჩერების შემდეგ.
თუმცა, 11 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა დომიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდენის შეწყვეტის შემდეგაც, უკრაინას „მრავალი თვის განმავლობაში" ეყოფა საბრძოლველად.
„იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, უკრაინელებს ექნებათ საბრძოლველად საკმარისი მრავალი თვის განმავლობაში, თუ არ მოიპარეს", - აღნიშნა პესკოვმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



