„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა.
ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.
ამასთან, როგორც ხახანაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალებოდა, რადგანაც მას ორ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაარღვია გირაოს პირობები და ახალი დანაშაული ჩაიდინა.
პროკურორის თქმითვე, საქმეზე დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.
ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ლევან მახარაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ხელისუფლებას გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ბერკეტები აქვს, თუმცა შესაძლოა ეს ვერ მოხერხდეს, რადგან თუკი ევროპაშია გაპარული, იმ მთავრობამ საქართველოს შეიძლება არ გადასცეს.
აბაშიძე ვარაუდობს, რომ ამ საქმეში ის მარტო არ მოქმედებდა და არც იმას გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილს ვინმე სასაზღვრო პოლიციის ჩინოსანიც მონაწილეობდეს.
„როგორც შსს-ის ინფორმაციიდან შევიტყვეთ, ის სამალავით გადაიპარა სომხეთში, რომელიც ერთგვარი ძმადნაფიცი აღმოჩნდა სააკაშვილთან იმ მხრივ, რომ ერთი შემოიპარა სატვირთო მანქანით და მეორე გაიპარა.
„აქ კიდევ უფრო პარადაქსული ის არის, რომ უწყების ცნობით, სომხეთის მესაზღვრეებს რუსული პასპორტი წარუდგინა. საინტერესოა საიდან აქვს ამ ე.წ. მედასავლეთე ბაჩიაშვილს. რასაკვირველია, ის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდება, ინტერპოლის მეშვეობით იქნება, თუ ევროპოლის, მნიშვნელობა არ აქვს, ან იმ ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც საქართველოს აქვს სხვადასხვა ქვეყნებთან დადებული კრიმინალების დაკავებასთან დაკავშირებით.
„აქ ჩნდება ძალიან დიდი ეჭვი, სად აღმოჩნდა ბოლოს ბაჩიაშვილი, რუსეთში ხომ არა? ამ შემთხვევაში საქმე რთულად იქნება, რადგან საქართველოს და ოკუპანტ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ არ გააჩნია.
„გადმოგვცემენ თუ არა ევროპელები ბაჩიაშვილს? ესეც საეჭვოა, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად დაიარება ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში ძებნილი ზურაბ ადეიშილი და ასევე, დავით კეზერაშვილი, ისიც კრიმინალი და ისიც ძებნილი.
„მოკლედ, ბერკეტები არის, მაგრამ, რამდენად შეასრულებს ესა თუ ის არაკეთილსინდისიერი ქვეყანა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, საკითხს თუ გლობალური კუთხით შევხედავთ, მსოფლიოში იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, ადრე თუ გვიან ბაჩიაშვილი იქნება, კეზერაშვილი, ადეიშვილი თუ სხვა ძებნილი კრიმინალი, აღმოჩნდება საპატიმროში. სააკაშილიც იძებნებოდა და ბოლოდ აღმოჩნდა იქ, სადაცაა.
გიორგი ბაჩიაშვილმა რაც არ უნდა ჩართვები გააკეთოს ნაცმედიებში, მას საზოგადოებაში არავითარი გავლენა აქვს. ის მხილებულია თაღლითობაში. თუ დისტანციურად გააგრძელებს ერთგვარ პოლიტიკოსობას, მისი პრობლემაა. შეიძლება ამ საღად მოაზროვნე ძებნილმა თავი შეინიღბოს და დაიმალოს, რათა რომელიმე ქვეყნის სამართალდამცავებმა არ აღმოაჩინონ.
„აქ ბევრი კითხვებია, მაგრამ პასუხები ნაკლები. ეს ნამდვილად არის ჯგუფური დანაშაული, რადგან შეუძლებელია ერთ ადამიანს ამდენი მოეხერხებინა. ცხადია, უნდა შერჩეულიყო შესაბამისი მძღოლი, მანქანა, სადაც ასეთი სამალავია და ამას ხელი უნდა შეეწყო რომელიმე სხვა პიროვნებამ, ან პიროვნებებმა.
„მნიშვნელობა არ აქვს ის სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენელია, თუ საერთოდ არ აქვს შეხება სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან. აქ კიდევ ერთი რეალური მოცემულობაა, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება, ყველა სატვირთო მანქანა ბოლომდე ვერ კონტროლდება, რადგან მოძრაობა დაიბლოკება.
„როდესაც შეტყობინება შედის ქვეყანაში ნარკოტიკების ან სხვა აკრძალული ნივთიერების შეტანაზე, მაშინ ამოწმებენ. აქ კიდევ ერთი კითხვაა - ამ ორგანიზებულ აფერაში, ხომ არ შეიძლება იყოს რომელიმე ჩინოსნის ბრალეულობა, რომელიც მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში. ეს არ არის ვინმესკენ ხელის გაშვერა, მაგრამ გამორიცხულიც არაა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე