ფქვილზე საიმპორტო გადასახადი კიდევ გახანგრძლივსა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ერთი თვით
ქეთო გოგოხია
(03.03.2025)

პურის ფასი კიდევ ერთხელ დაკორექტირდება, პარალელურად კი მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი კიდევ გაახანგრძლივა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ერთი თვით. გადაწყვეტილება უკავშირდება საიმპორტო გადასახადის პარამეტრების შეცვლას, ვინაიდან რუსეთში  ფასები იცვლება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონკურენციის პირობები შენარჩუნდეს. ახალი ფასების დინამიკა სწორედ მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან გამოიკვეთება. 

28 თებერვალს გამოცემული დადგენილების მიხედვით ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასური. 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარის, ანუ 1 ტონაზე 300 ლარის გადახდა. აქამდე საფასური 1კგ-ზე 0.25 ლარი იყო, ანუ ტონაზე 250 ლარი.

დაკორექტირდა გადასახადი ქერსა და ქატოზეც და იგი გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 1 ტონაზე 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება. 

საიმპორტო გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი თქმით,  ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობას და მწარმოებლებსაც, ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ  ფასების  დინამიკას, საით წავა ტენდენცია რუსეთში, ასევე მსოფლიოში, რის მიხედვითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალში, კიდევ გახანგრძლივდება თუ არა  საიმპორტო გადასახადი და რამდენად იქნება ამის საჭიროება. 

,,გადასახადის ერთი თვით გახანგრძლივება უკავშირდება გარემოებას, რომ პარამეტრები უნდა შეიცვალოს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში  ფასები იცვლება, მნიშვნელოვანია, კონკურენციის პირობები შენარჩუნდეს. ანალოგიურად ხორბლის საიმპორტო გადასახადზე მოქმედებს, მცურავ ბაჟზე და ამიტომ პარამეტრები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ახალ ფასი გამოიკვეთება უფრო მარტის ბოლოსკენ, შესაბამისად,  ამ ერთი თვის განმავლობაში დავაკვირდებით ფასებს მთავრობასთან ერთად,  დინამიკას, საით წავა ტენდენცია რუსეთში, ასევე მსოფლიოში. ამიტომ იქნა  ერთი თვე აღებული. ეს ის პერიოდია, როცა წლის მოსავალთან დაკავშირებით პროგნოზი გამოქვეყნდება და ბალანსისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

რეალურად ხორბალი რუსეთში გაძვირებულია. ქვეყნის მთავრობამ 10 მილიონი ტონის გატანის უფლება მისცა მწარმოებლებს, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 25 მილიონი ტონა იყოს. შეიძლება მარტის ბოლოსკენ შეიცვალოს ფასების დინამიკა, ვინაიდან, ახალი მოსავლის წინაპირობა სახეზე იქნება.  სავარაუდოდ, გადასახადის ვადა კიდევ გახანგრძლივდება, სავარაუდოდ, ივნისამდე გაგრძელდება,   მოსაკრებლის ის ოდენობა, რაც დღესაა, 300 ლარი ფქვილზე და 200 ლარი ქატოზე, კიდევ დარჩება", - განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება ფქვილის ფასთან დაკავშირებულ ზღვარს, დღესაც ძალაშია, თუმცა პირობები დაირღვა, რაც გლობალური ტენდენციით არის განპირობებული.

,,შეთანხმება, ფაქტობრიად დარღვეულია, ზღვარს გადააჭარბა ფასმა ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, დაახლოებით 20 დღის წინ ხორბლის შემოტანა ღირდა 700 ლარი,  დღეს ფასმა 1000 ლარს გადააჭარბა, მეხორბლეებისთვის, ქართველი ფერმერებისთვის კარგია, ჩაბარების ფასი 80 თეთრია. თუმცა მეპურეებისთვის განსხვავებული მოცემულობაა. მარტო ფქვილის ფასზე არ არის პურის ფასი დამოკიდებული. სხვადასხვა ფაქტორია, შესაფუთი მასალა, ჯარიმები, საცალო სექტორთან ურთიერთობა და სხვა. შესაბამისად, ეს საკითხი კომპლექსურად მეპურეებთან  უნდა განვიხილოთ", - დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება პურის ფასს, საქართველოში მასობრივი წარმოების ქარხნული პური 10 თეთრით  გაძვირდება.  საუბარია, თეთრი პურის სამ სახეობაზე: 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური. რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ ფასების ცვლილება კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში 11-16%-ის ფარგლებშია. თეთრ ბატონებზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებს დახლებზე 5 მარტიდან დახვდებათ, ქარხნები კი ფასთა ცვლილებას 4 მარტიდან განახორციელებენ.

რაც შეეხება მეპურეების პოზიციას, როგორც  „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილება, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს.

„5-10 თეთრის ფარგლებში ყოველთვის ხდება ხოლმე ფასის ცვლილება, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს შესაფუთი მასალით ან ის, რომ კონკრეტულმა წარმოებამ ფასის ფორმირება განახორციელა. მე ამას არ ვთვლი გაძვირებად, ნამდვილად არ ხდება მატება და იმიტომ. ხორბალი რომელიც ღირდა მსოფლიო ბაზრებზე 1 ტონა 700 ლარი, ახლა 1000 ლარს ასცდა და ფასების რეგულირება ხდება ამ შემთხვევაში. 

პურის ფასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ  გაძვირდა. გასათვალისწინებელია, რომ 2023 წელს 10 თეთრით დავაკელით ღირებულებას, მაშინ გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა და ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ახლა პური არ ძვირდება, ძველ ნიშნბულს უბრუნდება. ცალკე ფერემერებს მოტივაცია უნდათ. რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი დგას. დღეს ერთი ბოთლი წყალი უფრო ძვირია, ვიდრე პური,  რა გამოდის! ფასი, სავარაუდოდ, 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" მალხაზ დოლიძემ.

საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები აგრძელებს ზრდას: თებერვალ-მარტში მიწოდებისთვის განკუთვნილი მარცვლეული 12,5% პროტეინის შემცველობით გაიზარდა 252 დოლარამდე

ამასთან, რუმინული ხორბლის ფასი გაიზარდა 250 დოლარამდე, ამერიკული ხორბალი - 252 დოლარამდე, არგენტინული ხორბალი - 239 დოლარამდე, ფრანგული ხორბალი - 244 დოლარამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე