ე.წ. მუდმივმა პროტესტმა ქვეყანას ვერაფერი დააკლო და მშპ-ს ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია
გვანცა წულაია
(03.03.2025)

საქართველოს ეკონომიკა ნახტომისებურ ზრდას 2025 წელსაც განაგრძობს. იანვრის შედეგი ისეთი მაღალი აღმოჩნდა, რომ ყველა გაკვირვეულია, რადგან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არავინ ელოდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკამ პოლიტიკურ დაძაბულობას თავი დააღწია და ამიტომ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1%შეადგინა. იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. 

ამრიგად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე მეზობელი ან თუნდაც ევროპული ქვეყნების შედეგი. 

ქვეყნის ეკონომიკა 2025 წლის იანვარში თითქმის 3.5-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა გლობალური ეკონომიკის 2025 წლის საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელთან შედარებით (11.1% და 3.2%). ამასთან, ასეთი ზრდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მაღალია ბოლო 5 თვეში (2024 წლის აგვისტოს შემდეგ).

საქართველოს ეკონომიკამ ლობალურ გამოწვევებთან ერთად, შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასაც გაუძლო, ამიტომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ განვითარდება არც მომავალში შეფერხდება. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძის აზრით, უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაორმაგების პერსპექტივა გააჩნია. 

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ იანვარი ინერტულ თვედ ითვლება, ახალი წლის ფაქტორიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, 11%-იანი ეკონომიკური ზრდა არის შესანიშნავი მაჩვენებელი. 

2024 წელი საკმაოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ორნიშნა ზრდას. მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისა, ეკონომიკამ გადალახა კრიზისული ზღვარი და ამ ყველაფერთან ადაპტირება მოახდინა. მიტინგებზე საკმაოდ მძიმე მოთხოვნებიც იყო, მათ შორის გაფიცვა, რაც ეგზისტენციალური რისკის მატარებელია ეკონომიკისთვის. იყო ცალკეული მოწოდებები ოპოზიციის მხრიდან და ასეთ მოცმულობას უყურებს ყველა, შინაურიც და გარეულიც, მათ შორის ინვესტორიც, რასაც შეეძლო გარკვეული ნეგატიური გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე, თუნდაც ინვესტიციების მიმართულებით, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ქვეყანამ მაინც მოახერხა ამ კრიზისული ფონის გადალახვა. აქ სავალუტო კურსსაც ვგულისხმობ, ყველაზე კრიზისულ ელემენტს, რომელმაც შესაძლოა, მკვეთრად უარყოფითი პროცესი გამოიწვიოს ქვეყანაში. არ იყო შემთხვევითი, რომ ეროვნულ ბანკს ნახევარ მილიარდიანი ინტერვენცია დასჭირდა, რომ მაშინ ბაზარზე შექმნილი აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო. აღმოჩნდა, რომ სებ-ი სავსებით მართალი იყო. 

ასე რომ, სებ-ის სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მას აკრიტიკებდა, აბსოლუტურად გამართლებულია. ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის დამსახურებაა, რადგან სებ-ი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ფასების სტაბილიზაციასა და ინფლაციაზე, რომელიც ყველა ხედავს, რომ დაბალია. სწორედ დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკას გადალახული აქვს კრიზისული ფონი. პირველივე თვეს დაფიქსირებული საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ამის დასტურია. 

ჩვენ წელსაც საკმაოდ კარგ განვითარებას და ტემპს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წინასწარი პროგნოზი არის 5-6%, ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება, თუ გავითვალისიწნებთ, რომ შარშან, წლის დასაწყისშიც დაახლოებით 5.5%-იანი პროგნოზი იყო, მაგრამ ავედით 9.5%-ზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ და იქვე ისაუბრა მომავალი წლების გეგმებზეც:

„უახლოეს წლებში სწრაფი და მაღალი განვითარების ტემპს გვექნება. მშვიდობის შენარჩუნებით, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ რამდენიმე წელიწადში, დღევანდელი მაჩვენებელი გავაორმაგოთ. ასეთ შემთხვევაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით დაახლოებით ავალთ 15 000 დოლარზე, რაც არის საშუალო ევროპული დონე. 2028 წლის ჩათვლით უმუშევრობაც ალბათ დავა 6.5%-მდე, რაც დღევანდელი მაჩვენებლის ნახევარია. 

ასეთი კარგი პერსპექტივა საქართველოს ნამდვილად აქვს და ერთადერთი, რაც ამ პროცესს ხელს უშლის არის გაუთავებელი პოლიტიკური პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკამ კრიზისი გადალახა, ასეთი მოცემულობა მაინც არ არის სასურველი", - განუცხადა ცუცქირიძემ. 

მშპ-ს ორნიშნა მაჩვენელით ზრდა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური რჩება და ეს ყველა მაჩვენებლებში გამოიხატება.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდებით, რომ იქნებოდა ორნიშნა და ასეთი შედეგი დადგებოდა. მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ფონდი თუ სხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, ელოდნენ კარგ მაჩვენებლებს, მაგრამ ეს იყო 5-6%-ის ფარგლებში. 

საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისედაც მოსალოდნელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი, თუმცა პირველივე თვეში, როდესაც ეკონომიკური აქტივივობა არ არის ხოლმე ძალიან მაღალი, ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირება მოულოდნელი იყო. 

ჯერჯერობით დეტალები არ არის ცნობილი, ამიტომ მეც გამიჭირდება პროგნოზირება, თუ რა კონკრეტულმა ფაქტორმა განაპირობა ასეთი აქტივობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებელმა, რომელიც შარშან მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ტურიზმის გამოცოცხლებამ, რომელიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში. 

როგორც გითხარით, იანვრის შედეგი მოულოდნელი იყო, თუმცა ფაქტია -  მიუხედავად პოლიტიკური გაურკვევლობისა, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური რჩება და მშპ-ს ზრდის ტემპიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება", - განუცხადა გიორგი კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსს". 

საინტერესოა ერთი დეტალიც. ცნობილია, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მოცულობა - 481 მლნ დოლარის ნახატები და 33 მილიონი დოლარის ქანდაკებების იმპორტი, რაც ჯამურად 500 მილიონ დოლარს აღემატება. ოპოზიციურად განწყობილი ეკონომისტთა ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში აპელირებდა, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდებოდა იანვრის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი. რასაკვირველია ამ თემით სპეკულირებდნენ, თორემ რარეალურად ნახატების საქართველოში შემოტანას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.

სწორედ ეს დაადასტურეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სადაც დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტეს, რომ ნახატების იმპორტი მშპ-ს ზრდაზე გავლენას მოახდენდა მაშინ თუ იმპორტიორი კომპანია შემდეგ მას გაყიდდა და ამით დამატებული ღირებულება შეიქმნებოდა, თუმცა რადგან ეს არ მომხდარა, ნახატების იმპორტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ნულოვანი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე