ნატალია ჯვარიძე
(28.02.2025)

დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით შეიცვალა. ადრე თუ მას დიქტატორი უწოდა, ახლა იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ერთმანეთს გაუგებენ. ასევე, მან რუსეთისთვის სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ანალიტიკოსების შეფასებით, მინერალების შესახებ შეთანხმებას ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მომავალში პოზიციებს კიდევ უფრო შეიცვლის.

„ტრამპი ხედავს, რომ უკრაინასთან ეს შეთანხმება აწყობს, რადგან ფიქრობს, ამით ამერიკა გარკვეულ მოგებას მიიღებს. ვინაიდან დღეს მისთვის ეს უფრო ხელსაყრელია, ზელენსკი უკვე კარგი ადამიანი გახდა", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან"

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება შესთავაზოს:

„ყველა, რომ მოელოდა ტრამპი რუსებს სანქციებს მოუხსნისო, პირიქით მოხდა. გამორიცხული არაა ტრამპმა შესთავაზოს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე".

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი აქვს, მალე მოხდება.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოს მე-5 მუხლს და ფიქრობს თუ არა, რომ ის შესაძლოა ამოქმედდეს, თუ ევროპელი მშვიდობისმყოფელები უკრაინაში განლაგდებიან.

„მხარს ვუჭერ [ნატოს მე-5 მუხლს], არა მგონია, რომ მის ასამოქმედებლად რაიმე მიზეზი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მშვიდობა გვექნება და ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება.

„თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. და ჩვენ ის ორი მიზეზის გამო გვსურს. პირველი - ადამიანურ დონეზე მინდა - მინდა, რომ ჯარისკაცებს აღარ ესროლონ, ვინაიდან დიდწილად ეს ჯარისკაცებს მოსდით, ქალაქები განადგურდა. და არ მინდა მილიარდობით, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის გადახდა უაზრო ომში, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ეს არც პრემიერ-მინისტრს [სტარმერს] სურს და არც არავის", - განაცხადა ტრამპმა.

სხვა ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, აპირებს თუ არა ის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისთვის ბოდიშის მოხდას „დიქტატორის" დაძახებისთვის.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება ხვალ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა გვაქვს. დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ბევრი (სამხედრო) აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით მათ და მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს, რაც არ უნდა იფიქროთ. ნამდვილად იბრძოლეს. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები არიან ამ მხრივ" , - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი „დიქტატორია"? რაზეც უპასუხა:

„მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი", - უპასუხა ტრამპმა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, მას შემდეგ, რაც მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ტრამპის პოზიციები კიდევ შეიცვლება.

„ტრამპმა ფაქტობრივად, რუსეთის წინააღმდეგ ერთწლიანი სანქცია გააგრძელა. ყველა რომ მოელოდა, ტრამპი რუსებს სანქციებს მოუხსნისო, პირიქით მოხდა. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე უარზე იყო, მასზე უარყოფითი განცხადებები ბუნებრივი იყო. ახლა ზელენსკი ხელს მოაწერს, ტრამპი და ზელენსკი ხელს ჩამოართმევენ. მითუმეტეს, კიმ სტარმერს გუშინ ტრამპი შეხვდა, სადაც საკმაოდ სერიოზულ შეთანხმებას მიაღწიეს. რატომღაც ამას ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მალავენ. ყოველ შემთხვევაში ეს უკრაინისთვის ძალიან კარგია. ასე რომ, როგორც ჩანს, ტრამპის პოზიციები ცოტა შეიცვალა და უფრო შეიცვლება მას შემდეგ, რაც მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება. გამორიცხული არაა ტრამპმა შესთავაზოს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის აზრით, მინერალების შესახებ შეთანხების შემდეგ ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ უკრაინაში სტაბილურობა იყოს.

„ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, რადგან ის ხშირად იცვლის თავის შეხედულებებს. გარდა ამისა, პირველ რიგში, რაღაც კომერციული მიზნები ამოძრავებს. ის საკმაოდ იმპულსურია და ემოციებს ვერ აკონტროლებს. როდესაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევში ჩავიდა, რათა მინერალებზე შეთანხმებულიყვნენ, როგორც მოგეხსენებათ, თავიდან ეს ვერ შედგა, რაზეც ტრამპი გაღიზიანდა და ზელენსკის დიქტატორი უწოდა. თუმცა მას მერე, რაც ზელენსკი შეთანხმებაზე დაიყოლია და სადაცაა ხელი მოეწერება შეთანხმებას, ახლა სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი. ის გულწრფელი არაა, როცა იძახის ზელენსკის პატივს ვცემო, უბრალოდ მას თავისი კომერციული ინტერესები აქვს. ტრამპი ხედავს, რომ უკრაინასთან ეს შეთანხმება აწყობს, რადგან ფიქრობს, ამით ამერიკა გარკვეულ მოგებას მიიღებს. ვინაიდან დღეს ეს აწყობს, ზელენსკი უკვე კარგი ადამიანი გახდა.

მეორეს მხრივ, მას ახლა ეუხერხულება თავისი შეცდომის აღიარება, რომ ზელენსკის დიქტატორი უწოდა, ამიტომ უარყოფს. საბოლოო ჯამში, თუ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება მაინც დადებითი მოვლენაა, რადგან ამერიკა უკრაინაში საკუთარ ინტერესს დააფიქსირებს და დაინტერესებული იქნება იმით, რომ უკრაინაში სტაბილურობა იყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე