ნატალია ჯვარიძე
(27.02.2025)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარტყმები ბრიუსელის მისამართით კვლავ გრძელდება. ამჯერად თქვა, რომ ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო შეერთებული შტატების დაზიანება. ანალიტიკოსები ამ განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამენ და აღნიშნავენ, რომ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკასა და ევროკავშირს შორის კონკურენციის არსებობით შეიძლება აიხსნას.

„ამის მიზეზეზი შეიძლება იყოს ის კონკურენტული დამოკიდებულება, რომელიც ევროპასა და ამერიკას შორის ობიექტურად არსებობს", - განაცხადა საგარეო ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის აზრით, ტრამპის ეს განცხადება „სისულელეა", რადგან თავის დროზე ევროკავშირის შექმნაში აშშ-მ გარკვეული როლი ითამაშა:

„ეს სისულელეაა, რადგან ევროკავშირის ჩამოყალიბებაში შეერთებულმა შტატებმა გარკვეული როლი ითამაშა. ეს არის ნეოკონსერვატიულ წიაღში დაბადებული რაღაც იდეა, რომ თითქოს ევროკავშირის არსებობა ამერიკის ჰეგემონიას უშლის ხელს".

დონალდ ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ავტომობილებსა და სხვა საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გეგმებზეც.

„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ დაეზიანებინა შეერთებული შტატები, ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად შეასრულეს ეს", - უთხრა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, „მიიღო გადაწყვეტილება" ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც „ძალიან მალე გამოაცხადებს" და დასძინა: „ეს იქნება 25%, ზოგადად რომ ვთქვათ, და ეს იქნება მანქანებზე და სხვა რაღაცებზე", თუმცა არ დაუკონკრეტებია, გავრცელდება თუ არა ტარიფები ევროპულ იმპორტზე.

ამასთან, ტარიფებზე საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი აშშ-სგან სარგებელს იღებს. „მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენგან", - განაცხადა ტრამპმა ევროკავშირთან დაკავშირებით და დასძინა: „ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ისინი არ იღებენ არსებითად ჩვენს სასოფლო პროდუქტებს".

ამასთან, ტრამპის თქმით, უყვარს ევროკავშირის ქვეყნები. „ვფიქრობ, მე იქიდან ვარ რაღაც მომენტში... მიყვარს ევროპის ქვეყნები" , - განაცხადა მან.

კითხვაზე, რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპმა უპასუხა, რომ შეუძლიათ სცადონ. „მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შეუძლიათ სცადონ, მაგრამ რიცხვები ვერასოდეს გაუტოლდება ჩვენსას. მათ შეუძლიათ შურისძიება, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს წარმატებული შურისძიება", - განაცხადა ტრამპმა.

„პირველ რიგში ამერიკის იდეა იყო, რომ მოშლილიყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საბაზრო, საგადამხდელო გადაადგილების ნებისმიერი ბარიერი, როდესაც 1948 წელს დაიწყო მარშალის გეგმა. პრაქტიკულად, ევროკავშირს ამან უბიძგა, რომ ჩამოეყალიბებინათ ერთიანი ბაზარი. მეორე, თავის დროზე, 70-80-იან წლებში კისინჯერი აკრიტიკებდა ევროკავშირს, რადგან მას არ ჰქონდა რაღაც ერთიანი საგარეო პოლიტიკა და არ გააჩნდა საგარეო პოლიტიკის გამომხატველი ორგანი. კისინჯერი მაშინ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო და მას ასეთი გამოთქმაც კი ჰქონდა - „თუ ევროკავშირში დარეკვა მომინდა, გამაგებინეთ ვის უნდა დავურეკო". ანუ ცოტა დამცინავი ტონით საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირს არ გააჩნდა ერთიანი კოორდინაციის ორგანო. ევროკავშირის შექმნა რომ ამერიკის ინტერესს ეწინააღმდეგებოდეს, ამას არ იტყოდა, ხომ? პირიქით, მან მისცა სტიმული იმისთვის, რომ ევროკავშირს შეექმნა ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა. ამიტომ ეს არის ნეოკონსერვატიულ წიაღში დაბადებული რაღაც იდეა, რომ თითქოს ევროკავშირის არსებობა ამერიკის ჰეგემონიას უშლის ხელს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ტრამპი ევროკავშირს უყურებს, როგორც კონკურენტულ სივრცესა და სისტემას.

„არა მგონია პროცესები ისე განვითარდეს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაიძაბოს. თუმცა გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ გაუჩნდა ახლა ბატონ ტრამპს სურვილი ამ კრიტიკური დამოკიდებულების გაცხადებისა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზეზი შეიძლება იყოს ის კონკურენტული დამოკიდებულება, რომელიც ევროპასა და ამერიკას შორის ობიექტურად არსებობს. როგორც პრაგმატული აზროვნების მქონე ადამიანი, დონალდ ტრამპი სწორედ, ამას აყენებს პირველ ადგილზე და ევროპას უყურებს, როგორც კონკურენტულ სივრცესა და სისტემას. მისი კრიტიკული დამოკიდებულება ამით არის განპირობებული", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე