დიდთოვლობისა და უგზოობის გამო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში სასურსათო მაღაზიების მომარაგება ვერ ხერხდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ გურიასა და აჭარაშია. სოფლებში სავაჭრო ობიექტებამდე მისვლა ვერ ხერხდება და მოქალაქეების ერთმანეთის იმედად არიან. სადაც მაშველები მივიდნენ, ხალხს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ბევრი ისეთი სოფელია, რომელთა მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ, ელემენტარულად, პურის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.
სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემებია მაღაზიების სურსათით მომარაგების მხრივ. მოქალაქეები წერენ, რომ დახლების ნაწილი ცარიელია. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დისტრიბუციის პრობლემა, ძირითადად, იმ პროდუქტებს შეეხო, რომლის მიწოდებაც ყოველდღიურად ხდებოდა.
რაც შეეხება სოფლების მომარაგებას, ეს ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე სხვადასხვა რაიონის მუნიციპალური ცენტრის ან დაბის. ლაშა რიჟამაძის ინფორმაციით, რეგიონებში, ქსელურ მაღაზიაში სურსათის მარაგი არის, თუმცა პრობლემა მისი განაწილებაა.
„პურს მიწოდების მოკლე ვადა აქვს და დისტრიბუცია ყოველდღიურად ხდებოდა, ამიტომ მარაგი უკვე მცირეა. სხვა ძირითად პროდუქციაზე არსებითი პრობლემები ჯერ არ შექმნილა. ძირითადად მომარაგება სოფლების მიმართულებით ჭირს, სადაც მცირე მეწარმეები ანაწილებდნენ პროდუქციას. მარკეტებში, სურსათის დეფიციტი არ არის, მაგრამ პურზე მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები არსებობს.
პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მარაგის პრობლემა შესაძლოა, სოფლებში იყოს. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებელი იმ რაოდენობის პროდუქციას არ შეიძენენ, რომ საერთო მარაგი ხელოვნურად შემცირდეს.
რაც შეეხება უშუალოდ მიწოდების ნაწილს, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დეფიციტი არ შეიქმნება. ზოგიერთი პროდუქტები შეიძლება შემცირდეს, ოღონდ აქ ვგულისხმობ, ისეთ დასახლებებს, სადაც ქსელური ტიპის მაღაზიებია.
რაც შეეხება სოფლებს, იქ გაცილებით მეტი შეფერხებაა. ამ მიმართულებითაც ველოდებით შესაბამის უწყებებს და ვეცდებით, რომ კონკრეტული ლოკაციიდან მათი დახმარებით მიწოდება აღდგეს“, - აღნიშნა "კომერსანტთან" საუბრისას საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ.
განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებს უჭირთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ,,რეზონანსს" განუცხადეს, ერთი ცენტრალური მაღაზია მუშაობს და ისიც ცარიელია. ხალხი მომარაგებული საკვებით ირჩენს თავს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, სამეზობლოს იმედადაა.
სოფლის მკვიდრმა დავით ბოლქვაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკვებზე დიდი პრობლემა ახლა გზების გაწმენდა და სახლების გადათოვლაა, რადგან ხალხს ეშინია, სახურავი არ ჩამოიქცეს და ნანგრევებში არ მოყვნენ.
,,გზები თანდათან იწმინდება, მუშაოები დაიწყო შრომაშიც, მაგრამ ჩვენს უბნამდე ჯერჯერობით ვერ მაოღწიეს. 11 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილი ვართ, არც დენი გვაქვს, არც გარეთ გასვლის შესაძლებლობაა, რადგან ყველაფერი თოვლით არის დაფარული. საკვებს რაც შეეხება, ცენტრში ერთი მაღაზია მუშაობს და ისიც დაცარიელებულია, დისტრიბუცია ადგილამდე ვერ აღწევს.
ჯერჯერობით არ გვშია, რადგან სურსათი უმეტესობას მომარაგებული გვაქვს, პურის ფქვილი და მჭადი მეტ-ნაკლებად ყველას ოჯახშია, თუ ვინმეს საჭმელი შემოაკლდა, მეზობლები ვეხმარებით, ერთმანეთს გავიტანთ როგორმე. სოფელში უკვე იყვნენ მოხალისეები, საკვები და საჭირო ნივთები მიუტანეს ხალხს, რითაც შეეძლოთ, გვერდში დაგვიდგნენ.
ახლა ყველაზე მეტად სახლების მდგომარეობა გვაშინებს, ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებთ გადათოვლას, რაც შენობის დანგრევის საფრთხეს ზრდის. ახლო-მახლო რამდენიმე სახლი და ბოსელი დაინგრა, გასაჭირში ვართ", - აღნიშნა დავით ბოლქვაძემ.
პრობლემა აშკარა გახდა განსაკუთრებით იმის გამოც, რომ სოფლებში ახალგაზრდობა აღარ არის, რის გამოც მოხუცები მთავრობისა და მოხალისეების იმედად არიან.
"დახმარება გვჭირდება, ვერ გამოვდივართ, უბანში ვართ ჩაკეტილი, ახლა ჩემთან 2 მეტრამდეა თოვლი, თუ არ გაიწმინა გზები, ცუდ მდგომარებაში აღმოვჩნდებით. მუხლუხა ტრაქტორები, თოვლსაწმენდი მანქანები, ყველა საჭირო ტექნიკა უნდა მუშაობდეს სოფლებში, მაგრამ არასაკმარისია.
ახალგაზრდობა არ არის სოფელში, ვისაც ჯანი ერჩოდა, სამუშაოდ წავიდა დიდ ქალაქში ან საზღვარგარეთ. ასეთი თოვლი ჩვენს საუკუნეში პირველადაა. 1985 წელსაც იყო დიდი თოვლი, მაგრამ ახალგაზრდობა გაუმკლავდა, სახლების ჩამოთოვლა და ახლო-მახლო გზების გაწმენდა საკუთარი ძალებით მოვახერეხეთ. დღეს მოხუცების ამარა დარჩა ამხელა სოფელი და არავინ აღმოჩნდა მზად პრობლემას გასამკალვებლად", - უთხრა ,,რეზონანსს" დავით ბოლქვაძემ.
ანალოგიური მდგომარეობაა მთიან აჭარაშიც. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთის მკვიდრმა ვარლამ ფუტკარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მაღაზიების მომარაგება უგზოობის გამო ვერ ხერხდება, თუმცა საკვების დეფიციტი არ არის.
,,ამინდის გაუარესებას ველოდით, ამიტომ ზომები ყველამ მივიღეთ, ვის როგორც შეეძლო. არავის შია, ეს არის მთავარი, თუ საკმარისი მარაგი ოჯახს არ აქვს, მეზობელი ეხმარება. სამედიცინო დახმარება დასჭირდა მეზობელს და ტრაქტორით წაიყვანეს საავადმყოფოში. როგორმე გზა უნდა გაიწმინდოს.
ახლა სოფელში 2 მეტრზე მაღალი თოვლია და გადაადგილება ვერ ხერხდება. გვეუბნებიან, რომ დღეიდან ამინდი გამოსწორდება, ჩვენც ამის იმედად ვართ, ასეც რომ არ იყოს, უკვე ბევრ სოფელში მაშველები და მოხალისეები მუშაობენ, მალე ჩვენამდეც მოაღწევენ",- აღნიშნა ვარლამ ფუტკარაძემ.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამეგრელოში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაკიფუს მცხოვრებმა ზინა კვარაცხელიამ "რეზონანსთან" აღნიშნა, რომ მაღაზიით მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მაგრამ ძირითადი მოხმარების პროდუქცია მომარაგებული აქვთ.
,,ზამთარში ისედაც იშვიათად გავდივარ მაღაზიაში. პურის და სიმინდის ფქვილი ახლა ყველა ოჯახშია. საყოფაცხოვრებო პროდუქტიც მოვიმარაგეთ. მაღაზია კი მუშაობს, მაგრამ იქამდე ხომ უნდა მისვლა! ამხელა თოვლში პურის და შაქრის გამო არავინ გავა სახლიდან, ეს პროდუქტი ისედაც ყველა ოჯახშია.
საკვების გამო პანიკა ნამდვილად არ არის. სახურავები და გზები უნდა გაიწმინდოს, ვის როგორც შეუძლია, მოსახლეობა თვითონ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც გვეხმარებიან, 2 დღის წინ უფრო იყო პანიკა იმის გამო, რომ ჩაკეტვის შეგვეშინდა, ახლა ეს საფრთხე არ იგრძნობა და ხალხიც უფრო მშვიდადაა", - უთხრა ,,რეზონანსს" ზინა კვარაცხელიამ.
სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან იმერეთში. დიდი თოვლია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის, ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე