
კონსესუსი შედგა - უკრაინა მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებს წიაღისეული გადასცეს. საბოლოო დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს მოაწერს, მას შემდეგ, რაც საბოლოო დეტალებიც დაზუსტდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, მედიასთან ოთხშაბათს განაცხადა. ტრამპი უკრაინის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ ეს „დიდი გარიგება და დიდი საქმეა".
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მედიასთან განაცხადა, რომ ზელენსკის სურს ვაშინგტონში ჩასვლა, რათა ხელი მოაწეროს „დიდ გარიგებას".
„გავიგე, რომ ის პარასკევს მოვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, მართლაც დიდი საქმეა," - განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დასავლურმა გამოცემამ Politico გამოაქვეყნა სტატია, რომელიც 24 თებერვლითაა დათარიღებული. სტატიაში ვკითხულობთ, რომ შესაძლოა შეიქმნას აშშ-სა და უკრაინის ერთობლივი ფონდი, რომელსაც უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ. უკრაინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მინერალური რესურსებიდან - ნავთობიდან და გაზიდან - შემოსავლების 50%-ს ფონდში შეიტანს, შემდეგ კი ეს ფონდი ინვესტირებას უკრაინაშივე განახორციელებს.
ვიგებთ იმასაც, რომ კიევს ვაშინგტონმა მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო.
გარიგებაში ნახსენები არ არის 500 მილიარდი დოლარი, რომელსაც ტრამპი კომპენსაციის სახით ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერისთვის ითხოვდა.
ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის, როცა ტრამპმა კითხვაზე, თუ რას მიიღებდა უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, უპასუხა:
„უამრავი... სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის უფლება", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ახსენა 350 მილიარდი დოლარი, რომელიც აშშ-მ დახმარების სახით უკრაინას გადასცა.
„უკრაინელები ძალიან მამაცები არიან, მაგრამ აშშ-ის ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა," - დასძინა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს გააგრძელებს შეერთებული შტატები კიევისთვის იარაღის მიწოდებას, ტრამპმა უპასუხა: „ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროით და შესაძლოა მანამდეც, ვიდრე რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ."
შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ მანამდე უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ ორ პროექტზე, რომელიც ვაშინგტონმა წარადგინა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, Financial Times-ს განუცხადა, რომ შეთანხმება „რაღაც დიდის დასაწყისია".
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტრამპმა ზელენსკის „დიქტატორი" უწოდა და ომის დაწყებაში არა რუსეთი, არამედ უკრაინა დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტი კი ამტკიცებდა, რომ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა და ამბობდა: „მე არ გავყიდი სახელმწიფოს."
კიევი იმედოვნებს, რომ ფინანსურმა წილმა შესაძლოა თეთრ სახლს უკრაინის დაცვის საფუძველი მისცეს.
თეთრი სახლი კი ამასობაში პრეცედენტს ქმნის - დახმარება დახმარებისთვის, ჰუმანიტარული თუ სტრატეგიული მიზეზებით - წარსულს ჩაბარდა.
ეს წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას მარშალის გეგმის დღეებიდან ცივი ომის შემდგომ პერიოდამდე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი უკრაინას წიაღისეულის საკუთარ გარიგებასაც სთავაზობდა, სადაც ორივე მხარე მიიღებდა სარგებელს.
„ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ გარიგებას, რომელიც არ არის ორმხრივად მომგებიანი," - ამბობს ევროკავშირის ოფიციალური პირი, სტეფან სეჟურნე.
„რეზონანსთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აშშ-სა და უკრაინის შეთანხმებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნა - აშშ-ისგან დაცვის გარანტიების მიღება - მკაფიო არ არის, უკრაინას დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.
„უკრაინას სხვა გზა არ ჰქონდა, ვერ მიიღებდა ამერიკულ დახმარებას. ტრამპის ადმინისტრაციას აქვს პრინციპი, დაიბრუნოს ის თანხა, რაც ბაიდენმა გასცა. ტრამპი ბიზნესმენია და ყველაფერს ამ მიდგომით უდგება.
საინტერესოა ისიც, რომ ტრამპი რუსეთსაც ანალოგიურ ხელშეკრულებას სთავაზობს. ის დაინტერესებულია, რუსეთის ფედერაციისგანაც შეისყიდოს იშვიათი ლითონები.
დიახ, ასეთი საინტერესო მიდგომა აქვს. რამდენად დათანხმდება პუტინი ამას, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ამერიკა ცდილობს, დაათბოს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან ჩინეთთან დაბალანსების მიზნით. როგორც ჩანს, ეს ასეთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
თუ ეს პოლიტიკა ჩავარდება, შესაძლოა, ტრამპმა მსგავსი პოლიტიკა ჩინეთთანაც გაატაროს რუსეთის დასაბალანსებლად - ესეც არაა გამორიცხული. თუმცა, რას იზამს ტრამპი, ეს მხოლოდ მან იცის.
კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ხელშეკრულების დადება ფრონტის ხაზზე და რატომ გახდა მინერალების საკითხი დღევანდელი დღის მთავარი თემა, მაისაია გვპასუხობს:
„რაც შეეხება ამ დოკუმენტს და განვითარებულ მოვლენებს, შესაძლებელია, ეკონომიკური მიზეზების გამო ეს საკითხები დღეს საკვანძო გახდა. ამის განხილვა ეკონომიკურ კონტექსტთან ერთად პოლიტიკურშიც შეიძლება.
თუ აშშ-მა მიაღწია ასეთ შეთანხმებას და უკრაინის ეკონომიკა ამერიკულ ინვესტიციებზე დამოკიდებული გახდა, მაშინ მას ექნება შესაძლებლობა, უკრაინას თავად უკარნახოს პოზიციები. თუმცა ამ ეტაპზე აშკარაა, რომ მოტივები უფრო ფინანსური და ეკონომიკური ინტერესებია.
ფრონტის ხაზზე ამ დოკუმენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. უკრაინა მიიღებს ფინანსურ დახმარებას აშშ-ისგან - პენსიების, ხელფასების გაცემა, სოციალური პრობლემების მოგვარება, საბრძოლო ტექნიკის შეძენა. საკმაოდ ფართოა ჩამონათვალი.
ვიტყოდი, რომ ეს შეთანხმება უკრაინისთვის ჟანგბადივით აუცილებელია, რათა გააგრძელოს არსებობა იმ პირობებში, რაშიც მას უწევს ყოფნა. მას ექნება შესაძლებლობა, თავად აირჩიოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება," - განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



