ნატალია ჯვარიძე
(25.02.2025)

სამი გარდაცვლილი, ათეულობით დაზარალებული და დანგრეული სახლი. ასეთია ბოლო მონაცამები დასავლეთ საქართველოდან, სადაც ხალხი დიდთოვლობას ებრძვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი დენისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ.

„დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ ასეთი დიდთოვლობა მოსალოდნელი იყო და ამაზე არაერთი გაფრთხილებაც გაავრცელეს.

„ჩვენ დღეს გავავრცელეთ ახალი გაფრთხილება, რომ 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. არ მახსოვს აჭარაში ბოლოს როდის იყო ასეთი დიდთოვლობა, მაგრამ იყო. ჩვენ 18 თებერვლიდან ვაფრთხილდებდით, რომ ამინდი უნდა გაუარესებულიყო, ამას ველოდებოდით. შავ ზღვაზე ჩამოყალიბდა ე.წ. შავი ზღვის ციკლონი, რომელიც ნელ-ნელა მოძრაობდა და ტრიალებდა იმ შავი ზღვის აკვატორიაში, რომელმაც გამოიწვია დიდთოვლობა, ქარის გაძლიერება, დროდადრო შტორმი ზღვაზე და ა.შ. ეს სინოპტიკური პირობები გაგრძელდება 27 თებერვლამდე", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ „რეზონანსთან".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„აჭარა თაიმსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაყინული და გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ კაცი, სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

სტიქიას კიდევ ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. როგორც „გურია ტვ"-ს ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ განუცხადა, დაღუპულია ადგილობრივი შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობელ სახლის სახურავის გადთოვლისას დაიღუპა. ამ პროცესში სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცს ბეტონის ფილა - ე.წ. სინკარი დაეცა. შემთხვევა სოფელ კონჭკათის კატისციხის უბანში მოხდა.

ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა. ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. „ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, რომ დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ - ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები მითაიშვილების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

„მოგესალმებით ყველას. სოფელი ჩოჩხათი ამ დილით, 03:00 - 03:30 ჩამოინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი მჟამად ავტომობილშია. დარეკეს 112-ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა აუცილებლად მოვალთ", - ინფორმაციას გადარჩენილი ოჯახის შესახებ გიორგი კაშია ავრცელებს.

როგორც ოჯახის წევრები „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, თავს მიკროავტობუსს აფარებენ.

„სახლი ჩამოგვენგრა. მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს. ბავშვები სახლში არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვართ. ხმა გავიგეთ და წამიერად გამოვასწარით, პირდაპირ საწოლს დაეცა ნანგრევები. მივმართეთ სამაშველოს, მაგრამ საერთოდ არაა გზები, რომ ვინმე მოვიდეს. გაიწმინდება და მოვალთო, მერე არ გვჭირდება. ტელეფონსაც ვერ ვტენით. მეზობლების სახლებიც საფრთხის ქვეშაა. მეწყერ საშიში ზონაა. ჩვენ ეკომიგრანტების სტატუსი გვაქვს, გასახლება მაქვს, ველოდები თანხის ჩარიცხვას. ვერ წავედით, მთელი პროცედურები სჭირდება", - აცხადებს ინგა მითაიშვილი.

ამასთან, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.

დეპარტამენტის ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას. მძღოლებს მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ", - აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ორშაბათს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში და მოქალაქეებს მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები.

როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე