„ქართული ოცნება" აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოებას ცდილობს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები. ჩანს თუ არა მმართველი პარტიის მოქმედებებში რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობა და რამდენად წარმატებული იქნება მათ მიერ არჩეული სტრატეგია?
როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ჯერჯერობით საჯარო სივრცეში არ ჩანს, რომ „ოცნებას" რაიმე სტრატეგია ჰქონდეს შემუშავებული აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ „კულუარული მუშაობა მიდიოდეს".
მისივე თქმით, ის, რომ გაეროში აშშ-ის მიერ უკრაინის შესახებ წარდგენილი რეზოლუციის ერთ-ერთი პირველი თანასპონსორი საქართველო იყო, „ეს ნაბიჯი დაფასებული იქნება ვაშინგტონის მიერ", თუმცა რა დოზით და როგორ, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ.
24 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთი პირველი ტანასპონსორი საქართველოს მთავრობაა და რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. გენერალურმა ასამბლეამ კი რეზოლუციას მხარი მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირა, რაც მასში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან იმაზე ისაუბრა, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ოცნებამ" აშშ-ის რეზოლუციას.
„ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მიმართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ", - განაცხადა კობახიძემ.
რა სტრარეგიით მოქმედებს „ოცნება"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ კულუარულად მიდიოდეს მუშაობა „ოცნებასა" და ტრამპის ადმინისტრაციის გარკვეულ წარმომადგენლებს შორის.
„ის, რომ საქართველო იყო აშშ-ის რეზოლუციის ერთ-ერთი პირველი თანასპონსორი გაეროს უშიშროების საბჭოში, ვფიქრობ ეს ნაბიჯი დაფასებული იქნება ვაშინგტონის მიერ. თუმცა, რა დოზით იქნება დაფასებული და რა შედეგს გამოიღებს, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უკვე სერიოზულად დაკავდება საქართველოს საკითხით. ამას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც ქართულმა მხარემაც აღნიშნა და მეც არაერთხელ მითქვამს, ეს მალე ვერ მოხდება, რადგან დღის წესრიგში უფრო რთული საკითხებია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად ჩანს, რომ „ოცნებას" აშშ-სთან დაახლოებისთვის რაიმე სტატეგია აქვს შემუშავებული, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ჯერჯერობით საჯარო სივრცეში ეს არ ჩანს, რომ გარკვეული სტრატეგიიით მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება. ჩანს მხოლოდ იმით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდამნჭერი განცხადებები კეთდება ქართული ოფიციოზის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებში ალბათ ეცნობიან და აქაური საელჩოც აწვდის ამას.
„რაც შეეხება იმას, რაზედაც მთავარი აქცენტი კეთდება - რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს და საქართველომ და აშშ-მა ახალი საგზაო რუკით დაიწყონ ურთიერთობები, როგორც პრემიერმა განაცხადა - ყოველ შემთხვევაში, მე პირადად საჯარო სივრცეში ეს ნაბიჯები ჯერჯერობით არ მინახავს, გარდა ბოლო გადაწყვეტილებისა, რომ ქვეყანა ყოფილიყო აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი.
„ვვარაუდობ, რომ გარდა საჯარო ნაბიჯების და ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით მხარდამჭერი განცხადებებისა, ალბათ მიდის გარკვეული კულუარული მუშაობაც. საქართველოს აშშ-ში ელჩი ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ ჰყოლია. ვგულისხმობ იმ პერიოდსაც, როდესაც ბატონი ზალკალიანი წარმოადგენდა საქართველოს ელჩის რანგში. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესც გაუარესდა აშშ-საქართველო-აშშ ურთიერთობები და ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. რა თქმა უნდა, ამაში თავისი წილი პასუხისმგებლობა საელჩოსაც ეკისრება და დღეს, როდესაც ეს ფლანგი მოშიშვლებულია, საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყავს აშშ-ში ელჩი.
„არ ვიცი ის საკვანძო ფიგურა ვინაა, რომელიც აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტობს. ვვარაუდობ, რომ ალბათ არიან ადამიანები (არ მინდა გვარების დასახელება), რომლებიც არიან შესული ამერიკული პოლიტიკური წრეების კულუარებში, აქვთ გარკვეული კონტაქტები სავარაუდოდ ტრამპის გარემოცვასთან და მათი მეშვეობით მიდის კონტაქტები. ეს ძალიან რთული სქემაა, რადგან ბევრი რამ დაფარულია და არ მინდა სპეკულაციებში გადავეშვე. მაგრამ მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ კულუარულ დონეზე რაღაც კონტაქტების დამყარების მცდელობა ნამდვილად არის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ოცნების" მხრიდან აშშ-iს ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების ჭრილში დამატებითი ნაბიჯები კვლავ გადადგას.
„მოსალოდნელია, რატომაც არა... მთავარია, რომ ეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა კონიუქტურამ მოიტანოს. ეს რეზოლუციის საკითხიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ვითარებამ მოიტანა. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულებას სურს და საქართველოს ხელისუფლებასაც იგივე სურვილი აქვს, რადგან მიაჩნია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს, საქართველოს მიმართ შეიცვლება, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ისე ევროკავშირის დამოკიდებულებაც. შესაბამისად, ორმხრივი ინტერესი არსებობდა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ.
„კიდევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში რაღაც ისეთი საკითხი, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ჩათვალოს საჭიროდ, რომ ღირს დაუჭიროს მხარი ტრამპის ადმინისტრაციიის კონკრეტულ ინიციატივას. რომელ ინიციატივას დაუჭერს მხარს, ეს „ოცნების" გადასაწყვეტია. მაგრამ, თუ გინდა ურთიერთობების გადატვირთვა, რა თქმა უნდა, ამის მზაობა პირველად შენ უნდა აჩვენო, როგორც უმცროსმა პარტნიორმა", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, როდისთვისაა მოსალოდნელი, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს საკითხი გახდება აქტუალური, ანჯაფარიძემ გვითხრა. რომ ვადების დასახელება ახლა რთულია, თუმცა შეიძლება ეს 2-3 თვეში მოხდეს.
„ვადების დასახელება რთულია, რადგან ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტში მე პირადად არ ვიცი ვინ არის დანიშნული იმ თანამდებობაზე, რომელიც კურირებს ევრაზიის და სამხრეთ კავკასიის საკითხებს. ბაიდენის ადმინისტრაციაში ჯეიმს ობრაიანი იყო, რომელიც გვსტუმრობდა, განცხადებებსაც აკეთებდა და მოლაპარაკებებშიც შედიოდა, დღეს ასეთი ფიგურა, ან ოფიციალური პირი სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუნიშნავს და ალბათ როდესაც შეარჩევენ და დანიშნავენ, ის მერე თავის საქმიანობას დაიწყებს. ეს, ჩემი აზრით, ალბათ უახლოეს 2-3 თვეში მოხდება, შეიძლება უფრო ადრეც", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე