ნატალია ჯვარიძე
(25.02.2025)

სამშაბათს ცნობილი გახდა, თუ კონკრეტულად რა ცვლელებების შეტანას გეგმავს მმართველი პარტია მედიის შესახებ კანონში. იზღუდება პოზიციის გამოხატვა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას. გარდა ამისა, კანონით საავტორო გადაცემისა და ინტერვიუს აღების სტანდარტები განისაზღვრება. როგორ შეიცვლება ქართული მედია კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში და როგორ აისახება ეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლოების ხარისხზე?

„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მთელი რიგი დეზინფორმაცია მოდის, მათ შორის სატელევიზო მაუწყებლობიდან. ამიტომ საჭიროა მისი დარეგულირება, რათა ხალხმა სწორი ინფორმაცია მიიღოს", - განაცხადა „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ ამ თემაზე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ამ კანონის მიღება აუცილებელი არ იყო და ეს ყველაფერი საპროტესტო აქტივობის ჩასახშობად სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ისახავს მიზნად:

„მგონი ვერავინ უარყოფს, რომ ამ საპროტესტო აქციებმა „ქართული ოცნება" დაღალა და გადაწყვიტა რეპრესიული გახადოს კანონმდებლობა და შემდეგ თქვას, რომ ყველაფერს აკეთებსკანონების შესაბამისად".

რა წერია კანონპროექტში

პარლამენტში განსახილველად დევს პროექტი, რომელიც შემდეგ სიახლეებს ითვალისწინებს:

მაუწყებელი ვალდებული ხდება, ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადასცეს. მაუწყებელი ვალდებული იქნება მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.

სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო.

დაუშვებელი იქნება ახალი ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში კი, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები (მათ შორის, რეპუტაცია და სახელი) შესაძლოა შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), საჩივრის შეტანის უფლება აქვს. დაინტერესებულ პირს ასევე უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში ჩაიწერება, რომ ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.

პროექტის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.

კანონში იწერება, რომ დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

მაუწყებელი ვალდებულებად ეკისრება პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს.

პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება უნდა მიეცეს.

კანონის პროექტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც პროგრამაში არ მონაწილეობენ.

პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით - დაუშვებელი იქნება მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.

ამასთან, პროექტის თანახმად, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში იქნება გამართლებული:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

პროექტის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით - მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, ზარის მიზანი განუმარტა და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.

კანონის პროექტის თანახმად, დაუშვებელი ხდება ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას. ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას.

რისთვის იღებს ხელისუფლება კანონს

პეტრე მამრაძის შეფასებით, თუკი კანონი იქნება ისეთი, რომ სიმართლის გავრცელებაში ხელს არ შეუშლის, ეს მხოლოდ მისასალმებელია, ვინაიდან ყოველდღიურად ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და საჭიროა ამის დარეგულირება.

„ყველანი მოწმე ვართ, რომ, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ზოგიერთი მედია მაუწყებლობიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოდის. მე, როგორც ადამიანს, რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში მოვლენებს ვაკვირდები, ინფორმაცია, როგორც წესი, არ მაკლია, რომლის გადამოწმებაც შემიძლია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მთელი რიგი დეზინფორმაცია მოდის, მათ შორის სატელევიზო მაუწყებლობიდან. ეს საზოგადოებრივ აზრს ძალიან დიდი ზიანს აყენებს.

„კანონპროექტი არ წამიკითხავს, თუმცა, როგორც ითქვა, თუ საუბარია დასავლეთში აპრობირებული სტანდარტების დამკვიდრებაზე, მათ შორის ბრიტანეთი დასახლდა, როგორ ამ მხრივ ერთ-ერთი ტრადიციული ქვეყანა, ეს ძალიან კარგია.

„მეორე მხარეა ის, რომ, რა თქმა უნდა, კანონი და ზედამხედველობა უნდა იყოს ისეთი, რომ სიმართლის გავრცელება არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდოს, თუნდაც ის ძალიან მწარე და მიუღებელი იყოს. მარტო საქართველოზე არ ვსაუბრობ, მსოფლიოც მაქვს მხედველობაში. საჭიროა ოქროს კვეთა იმისათვის, რომ კანონმა სამართლიანად იფუნქციონიროს. მე მომეწონა, რომ ჩვენ ვიღებთ ნიმუშად ისეთ რაღაცებს, რაც არის აპრორირებული ყველაზე თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებში მთელს მსოფლიოში", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის მედიისათვის, „ქართული ოცნება" სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.

„მგონი ვერავინ უარყოფს, რომ ამ საპროტესტო აქციებმა „ქართული ოცნება" დაღალა და გადაწყვიტა რეპრესიული გახადოს კანონმდებლობა და შემდეგ თქვას, რომ ყველაფერს აკეთებს კანონების შესაბამისად. ამიტომაც კეთდება წინასწარ აპელირება „ფარა"-ზე, ბრიტანეთზე და სხვა.

„როგორც ჩანს, „ბიბისის" ვარიანტი გადმოაქვს, თუმცა არ ვიცი რამდენად შეესაბამება თარგმანი არსებულ რეალობას. ასე რომ, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ რეპრესიული გახადოს კანონმდებლობა და შემდეგ შეზღუდოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. თუმცა საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ასეთი რაღაცები შედეგს ვერ მოიტანს, რადგან რეპრესიული ქმედებები ზოგადად შედეგს ვერ დებს, ან ნაკლებად დებს.

„მეორეც - კი, ბატონო, არ იქნება ისეთი უხეში ლანძღვა-გინება, მაგრამ გამოხატვის საშუალებები მაინც რჩება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სოციალური მედია არსებობს, რომელიც სრულიად თავისუფალია და ყველას შეუძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა. ჩვენ, ვინც მომსწრეები ვართ იმის, თუ როგორი იყო რეპრესიული კანონები საბჭოთა პერიოდში, ვიცით, რომ ამან ვერ უშველა და საბოლოოდ მაინც დაინგრა. ნუ, ხელისუფლებას ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს და ამიტომაც მიდის ამ მიმართულებით.

„ამ კანონპროექტის შემუშავება საჭირო არ იყო. 30 წელია ამ კანონმდებლობით ვცხოვრობთ და სხვათა შორის, „ქართული ოცნებაც" ამ კანონმდებლობის ფარგლებში მოვიდა ხელისუფლებაში და მაშინ არ ჰქონიათ პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად აკონტროლებდა მთელს მედიასივრცეს და მხოლოდ ორი ტელევიზია იყო, ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმ რეჟიმის მხილებისთვის.

„ასე რომ, კი, ბატონო, შეუძლიათ ასეთი კანონები მიიღონ, მაგრამ პროცესებზე რეალურ გავლენას, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე