გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთი პირველი თანასპონსორი საქართველოს მთავრობა იყო. რეზოლუციაში რუსეთმა შეიტანა შესწორებები, საბოლოოდ საქართველოს და აშშ-ს დელეგაციებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს და მათთან ერთად კიდევ 68 ქვეყანამ, დოკუმენტს 89 მომხრე ჰყავს, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.
ამასთან, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინისა და ევროპის მიერ ინიცირებული რეზოლუციაც მიიღო, პროექტს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 65-მა თავი შეიკავა, 18 კი წინააღმდეგ წავიდა.
აშშ-ს მიერ ინიცირებული პროექტი სამი პუნქტისაგან შედგება, რომელიც ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და მწუხარებას გამოთქვამს კონფლიქტში ადამიანთა დაღუპვის გამო. რეზოლუციაში არ არის მითითებული თუ ვინ დაიწყო ომი და არც კრემლისგან კონკრეტულად არაფერს ითხოვს.
"ოფიციალურმა თბილისმა ამ რეზოლუციის პროექტის თანასპონსორობით საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრე და ამ საქმეში თბილისი ერთგულად და გვერდით უდგას აშშ-ს",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
"ესაა პრიმიტიული, სასაცილო და ზედაპირული გათვლა იმაზე, რომ იქნებ ტრამპს ამით მაინც შევახსენოთ ჩვენი თავი - აი, შემომხედე მე აქ ვარ",- აცხადებს "რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
რას ნიშნავს აშშ-ის რეზოლუციის თანასპონსორობა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა "ოცნების" მხრიდან ქულების ჩაწერის მცდელობა ტრამპის ადმინისტრაციასთან.
"ეს არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ როცა ზვიგენები და ვეშაპები ცურავენ, მათ ნასუფრალზე გვერდით პარაზიტი ლიფსიტები მისდევენ ხოლმე. ესაა პარაზიტობა, როცა უნდათ ტრამპის წინაშე ქულები ჩაიწერონ, რათა მოვალაში, როცა მერე ტრამპის მაგიდაზე აღმოჩნდება საქართველოზე რეზოლუცია, ან რაიმე დოკუმენტი, მერე ვინმე მრჩეველმა უთხრას, რომ ეს ის ქვეყანაა ჩვენ რომ მხარი დაგვიჭირაო.
"ესაა სასაცილო და ზედაპირული გათვლა იმაზე, რომ იქნებ ტრამპს ამით მაინც შევახსენოთ ჩვენი თავი - აი, შემომხედე მე აქ ვარ. ესაა პრიმიტიული ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება შედეგი ჰქონდეს კი ბატონო, ტრამპიც ამ კატეგორიისაა და შეიძლება თქვას, ჩვენ მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაში და გადავიფიქროთ მათზე რეზოლუციაო.
"უფრო პარაზიტული ქცევაა, როცა ვიღაც დიდ ფიგურას დაუახლოვდები და ფიქრობ ის ყურადღებას მომაცევს. ყმის მლიქვნელური დამოკიდებულებაა, რათა ბატონის ყურადღება მიიქციოს, რომ შემომხედე ბატონო რა კარგი ვარ მე.
ამ თანასპონსორობას არავითარი საერთო არ აქვს უშუალოდ უკრაინის ომთან და რეზოლუციასთან, საერთოდ რაში აინტერესებთ, საქართველოს წინააღმდეგ რომ იყოს რეზოლუცია, იქაც კი იქნებოდნენ სპონსორები, ოღონდ ტრამპმა მიაქციოს ყურადღება.
"ყველაფერი ეს, არც მეტი, არც ნაკლები თავის ამომრჩევლისთვის კეთდება და სხვა არავისთვის. "ოცნებამ" აიღო გეზი არჩევებისკენ, მას ეშინია, რომ შეიძლება ამ ხნის განმავლობაში ამომრჩეველი დაკარგოს, კი არ მოიპოვოს და ამიტომ ცდილობენ ეს ყველაფერი მათ გასაგონად გააკეთონ. ამ თანასპონსორობას ვერვაინ ვერც კი გაიგებს, გარდა "ქართული ოცნების" ამომრჩევლებისა",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ თანასპონსორობით დაადასტურა თავისი პოზიცია და აშშ-ს ერთგულება.
"ოფიციალურმა თბილისმა ამ რეზოლუციის პროექტის თანასპონსორობით საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრე და მეორე, ამ საქმეში თბილისი ერთგულად და გვერდით უდგას აშშ-ს.
"იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ახალი იმედები გააჩინა, რომ მოგვარდება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა, ეს იყო კარგად გათვლილი ნაბიჯი.
ეს იყო არა ნაბიჯი ნაბიჯისთვის, არამედ საკმაოდ თამამი განაცხადი საერთაშორისო ასპარეზზე თუ სად დგას პატარა სუვერენული საქართველო, რომელსაც ყველა მხრიდან ამუნათებენ, განსაკუთრებით ევროკრატები, რომ თითქოს რაღაც რუსულ გზაზე დგას "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რაც უდიდესი ტყუილი და უნამუსობაა.
"ამ რეზოლუციის გასაჯაროებიდან მოკლე ხანში, მას უკვე შეუერთდნენ ისრაელი, უნგრეთი ჩრდილოეთ მაკედონია. ბუნებრივია ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში, ვაშინგტონსა და სხვადასხვა დედაქალაქებს შორის დიპლომატიური კონსულტაციები მიდის, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს ამ მშვიდობისმყოფელ რეზოლუციაზე.
აქ რაღაცა ტერმინებზე დავა, თუ ვინ დაიწყო ომი, თუ ვინ როგორ დაიწყო, უადგილოა იმ მხრივ, რომ ჩიხში შეჰყავს უკრაინის სისხლიანი კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი.
"თეთრ სახლს მთავარი მიზანი ის აქვს, რომ უკრაინაში ყოველდღიური ხოცვა-ჟლეტვა დასრულდეს, იყოს მდგრადი მშვიდობა რა არა მყიფე, რომელუც 2-3 წელში შესაძლოა ხელახალ კონფლიქტში გადაიზარდოს.
"ეს ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს ქართული დიპლომატიისთვის, ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის, ყველა იმ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს.
რასაკვირველია ამაში ის უსამშობლო ნაცრადიკალები არ იგულისხმებიან, რომლისთვისაც მთავარია ხელისუფლების ხელში უკანონოდ ჩაგდება და ქართველ ხალხზე რევანშისტული იერიშის მიტანა.
"ის მართლაც ტრაგიკომიკური ნარატივები, რომ ტრამპი "გაქოცდა", რუსულ გზას დაადგა, ეს მეტყველებს რა სავალალო მდგომარეობაში არიან რაციონალურ აზრს მიკლებული პოლიტიკური პერსონაჟები თუ ნაცპარტიების სხვადასხვა სპიკერები",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
"ოცნების" მხარდაჭერილი რეზოლუცია
"გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს - რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა",- წერს "უოლ სთრით ჯორნალი".
გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას" და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში". ამასთან,აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.
„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა", - წერს გამოცემა.
ამავე წყაროს ცნობით, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გაიტანოს რეზოლუციის პროექტი და, ნაცვლად ამისა, შემოუერთდეს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას კონსენსუსის გზით და რომელიც ფოკუსირებულია ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე", - აღნიშნულია ნოტაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ევროპულ დედაქალაქებს გაუგზავნა წერს "უოლ სთრით ჯორნალი".
რეზოლუციასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ რეზოლუციას, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს საქართველოს სახით.
„გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!!!", - წერს ქადაგიძე.
"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ
„აშშ-მა უკრაინაში მშვიდობის თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიცირა. პირველი ჩვენ ვართ, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. არ ვიცი, გლობალური ომის პარტია თუ პროამერიკელ ძალად მოგვნათლავს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდეც, ასევე ახლაც მხარს ვუჭერთ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, რადგან ხალხი იხოცება და აღარაფერს ვამბობთ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განადგურებაზე. ხედავთ, რა დრო დადგა, ამერიკის შემდეგ საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება ომის მესამე წლისთავს, მაჭარაშვილის თქმით, ყველამ კარგად ნახა, რომ ეს სპექტაკლები უნდა დამთავრდეს.
„სპექტაკლები, რომელსაც საზოგადოებას უწყობდნენ და რომლის საშუალებითაც, სამწუხაროდ, მესამე წლისთავზე რეალობა მივიღეთ, რომ უკრაინაში ასიათასობით ადამიანი დაღუპულია, ლტოლვილია მილიონობით ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაკარგულია ტერიტორიები და ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა, ამ მოცემულობაში რუსეთთან შეთანხმდეს. მეტსაც გეტყვით, იხვეწება, დამსვით მოლაპარაკების მაგიდასთანო. სამწუხაროდ, ეს იმ სპექტაკლებით მივიღეთ, რომელსაც სამი წლის განმავლობაში დგამდნენ. იმედია, სწორედ ამერიკის დიდი როლის შესრულებით უკრაინაში მშვიდობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე