
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა და ევროკავშირისგან ისმის დაპირება, რომ უკრაინის მხარდაჭერას გაგრძელდება - დახმარების შემდეგი პაკეტის 3,5 მილიარდი ევროს გადაცემა მარტშია დაგეგმილი. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო. საქართველოს მთავრობა კი ამბობს, რომ გარკვეული ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად გადაიდგა, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებიდან არასწორი აღქმა მოჰყვა.
„ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცახადა უკრაინელ ხალხს, მაგრამ ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა". - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურუსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელიც მარადიულად სამარცხვინო დარჩება. მისივე თქმით, უკარინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება.
„უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპის მომავლისთვის ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან კრიზისად რჩება. პუტინი ისე ცდილობს ომის ადგილზე მოგებას, როგორც არასდროს. მისი მიზანი უკრაინის კაპიტულაცია რჩება. შემდეგ კი ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, რადგან ეს უკვე მოხდა.
სასწორზე მხოლოდ უკრაინის ბედი არ დევს, სასწორზე ევროპის ბედიც დევს. ასე რომ, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერებაა. უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივი მიწოდება და ეს იქნება ჩვენი მუშაობის ცენტრალური ნაწილი უახლოეს კვირებში", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშრისგან 3,5 მილიარდ ევროს მარტში მიიღებს.
„ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში. შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინაში 3,5 მილიარდი ევროს ახალი გადახდა უკვე მარტში მოვა. არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს, მაგრამ სამართლიანი და ხანგრძლივი მშიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით მოდის. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ თქვენს ეკონომიკას. ამიტომ ვზრდით თქვენი ენერგომომარაგების მედეგობას. ამიტომ გავარგძელებთ თქვენი ჯარების წვრთნას და აღჭურვას", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირიმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო.
„გავაგრძელებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ისინი არ გამოავლენენ ნამდვილ მზაობას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის ომის 3 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენის ერთგული დარჩნენ.
„ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისულების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.
მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თაღირებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე" იყო საუბარი და რომელშიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული", - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცახადა უკრაინელ ხალხს.
„ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა; გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა; მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას; შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300 000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.
თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლები შეგვიზღუდავს, ვინაიდან, ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისთვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობუს პირობებში, ეკონომიკურ კოლაფსს და ახალ ომს გამოიწვევდა.
უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება", რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს", რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია", - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინის მხარდაჭერა და საქართველოს პოზიცია
საგარეო ექსპერტის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, უკრაინამ სამი წლის განმავლობაში მიიღო დასავლეთის და ამერიკის მხადაჭერა, მაგრამ ეს გამარჯვებისთის საკმარისი არ იყო. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა უკრაინის ხელისუფლებასთან, ან მის ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა, რაც მათთვის აისახა ძალიან ცუდად.
„ომის დაწყებიდან დღემდე, რომ არა ამერიკის და დასავლეთის დახმარება, უკრაინა ალბათ, რუსეთის წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება იყო, მაგრამ ეს არ იყო გამარჯვებისთვის საკმარისი. რაღაც ასეთი ფორმულა იყო - არა იმდენი, რომ უკრაინა დამარცხებულიყო, თუმცა არც იმდენი, გამარჯვებისთვის მიეღწიათ. ამ პრინციპებმა უკრაინა მიიყვანა იქამდე, რომ ფაქტობრივად, ახლა მიდის მოლაპარაკებები და ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას ამ ომის მიმართ, შიდაპარტიული მოტივებიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ" ჩათვალა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის" გავლენა და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ძალიან დიდი იყო და თავიდანვე დაუპირისპირდა უკრაინის ხელისუფლებას, რამაც გამოიწვია ნაწილობრივ საერთაშორისო იზოლაცია.
„ოცნებისგან" არავინ მოითხოვდა ომში ჩართვას, როგორც თვითონ იძახიან, მაგრამ საჭირო იყო მორალური მხარდაჭერა. ასევე, მათ ვერ მოახერხეს უკრაინის ხელისუფლებასთან, ან მის ოპოზიციასთან რაღაც ურთიერთობების აწყობა, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ გაფუჭდა ურთიერთობა ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის და ასევე, უკრაინის ფაქტორმა მოახდინა საქართველოს საკითხის მარგინალიზაცია, განსაკუთრებით ევროკავშირში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში რამდენიმე რეზოლუციის თანაავტორი იყო, მაგრამ ხელისუფლების რიტორიკამ უკრაინის მიმართ და მისმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში გამოწვია უკრაინის სახელმწიფოსთან გაუცხოვება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით სრულიად გამართლებულია.
„იმის მიუხედავად, რომ საქართველომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინა და უკრაინას დახმარება გაუწია, მაინც უკმაყოფილო იყო და არის ზელენსკი. გასაგებია, რომ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის დაუმსახურებელ ამუნათებას საქართველოს ხელისუფლება ითმენს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ომშია ჩაბმული, თუმცა იმედოვნებს, დროთა განმავლობაში ჩვეული პარტნიორული ურთიერთობა აღდგება.
არავინ ამბობს, რომ რუსეთი ფრთიანი ანგელოზია. საუკუნეებია ის არის იმპერიალისტური ქვეყანა, რომელთანაც პრაგმატული პოლიტიკით უნდა მოახერხო ის, რომ ქვეყანა და ხალხი არ დააზიანო. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ამოსავალი პრინციპი, რადგან შეუძლებელია, თუნდაც დასავლური სამხედრო დახმარებით პუტინის რეჟიმის დამარცხება.
სამწუხაროდ, გამოჩნდა ის, რომ უკრაინას არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები არ აქვს. და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი? ყირიმი ისევ პუტინისაა, აღმოსავლეთი უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთისაა და დაიხოცა უამრავი ადამიანი.
თანაც ისიც გავიხსენოთ, რომ ახლა სადაო გახდა ვინ რამდენით დაეხმარა უკრაინას, რამდენი მოიპარეს და რამდენი არამიზნობრივად დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადაამოწმებენ, თუმცა, ამ გეოპოლიტიკური ინტრიგების შედეგად ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი დაზარალდა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის შეფასებით, უკრაინის ომმა ბევრი რამე გამოაჩინა და შესაბამისად, შეცვალა.
„ამ ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს გეოპოლიტიკური სურათი, რადგან ერთის მხრივ გამოჩნდა, რომ რუსეთთან შეუძლებელია დიალოგი, რისი მცდელობებიც დასავლეთს ჰქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ, გამოჩნდა, რუსეთის არმია მსოფლიოს ძლიერ არმიას შორის მეორე ადგილზე არაა და უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია.
2014 წელს, ყირიმის ომამდე, უკრაინის მოსახლეობა თითქმის ორ ნაწილად იყოფოდა პრორუს და პროევროპელებად, თუმცა ახლა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და მხოლოდ 1%-მდე თუ იქნება ისინი, ვინც ითხოვენ, რომ რუსებთან რაღაც დათმობაზე უნდა წავიდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერი შეკავშირდა. რასაკვირველია, ზელენსკის ოპოზიცია ჰყავს, თუმცა წარმოუდგენელია ახლა ვიღაცამ განაცხადოს, ზელენსკიმ ომი თავიდან ვერ აიცილა და ომი უკრაინამ დაიწყო. ჩვენთან კი ვიღაცისთვის მისაღებია ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო.
უკრაინის ომთან დაკავშირებითაც გამოჩნდა „ქართული ოცნების" ნარატივები, რომ ზელენსკი ქალაქებს ანგრევინებს და ა.შ. დღევანდელ დღეს ქართულ რეალობაში ბევრი რამე გახდა ნათელი - ვინ არის მართლა პროქართულად განწყობილი, სანამ პროდასავლურს ვიტყოდი და ვინ არა. მართალია უკრაინა ომშია ჩაბმული, მაგრამ კონსოლიდირებული ერია. ჩვენს საზოგადოებაში კი ძალიან დიდი უფსკრულია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



