ნატალია ჯვარიძე
(24.02.2025)

გერმანიის ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების გამარჯვებულია ფრიდრიხ მერცის ბლოკი -ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი-ქრისტიან სოციალური კავშირი, რომელმაც ხმების დათვლის დასრულების შემდეგ წინასწარი შედეგების მიხედვით, 28.6% აიღო. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხადაჭერას გააგრძელებს.

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მეორე ადგილზეხმების 20.8%-ით გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის", მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია" 16.4%-ით, შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები 11.6%, მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია 8.8%.

დანარჩენმა პარტიებმა პარლამენტში შესვლისთვის საჭიროა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ფრიდრიხ მერცი ხაზს უსვამს, რომსამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის სამი წელი. ომის სამი წელი ევროპაში. სამი წელიაარ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს", - წერს მერცი.

როგორც მერცმა აღნიშნა, ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის" კოალიციას არ შექმნის, ილონ მასკის არჩევნებში „ჩარევას" კი „მკვეთრი და სამარცხვინო" უწოდა.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა და ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე", - განაცხადა მერცმა.

მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ „ჩაერია" ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას „მკვეთრი და სამარცხვინო".„ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში", - დასძინა მან.

ამასთან, მერცის თქმით, „ეს არის მისი პარტიის აშკარაა გამარჯვება" და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენს.მერცი ამბობს, რომ აპირებს „შეიმუშაოს" როგორ ჩამოაყალიბოს მთავრობა და სურს ერთი კოალიციური პარტნიორი და არა ორი.„დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით", - განაცხადა მერცმა და დასძინა: „ევროპა ელის, რომ ძალიან მალე გვეყოლება ძლიერი მთავრობა".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელძღვანელის, ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, ფრიდრიხ მერცი გააგრძელებს ოლაფ შოლცის საგარეო პოლიტიკურ კურსს. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ახალი სამკუთხედი შეიქმნას, უკვე ბრიტანეთის მონაწილეობით.

„ფრიდრიხ მერცი რაღაც მნიშვნელოვანს საგარეო პოლიტიკაში არ შეცვლის, და სავარაუდოდ, შოლცის კურსს გაჰყვება. როგორც ჩანს, გერმანიის როლი ევროპულ უსაფრთხოებაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და „ვაიმარის სამკუთხედი" უფრო გაძლიერდება.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება პოლონეთის როლი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მერე გამოჩნდება. თუმცა საფრანგეთის და გერმანიის კავშირი კიდევ უფრო რომ გამყარდება, ფაქტია.

„შეიძლება ახალი ტიპის სამკუთხედი შეიქმნას - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რადგან ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური კურსი ხდება უფრო პროევროპულია, ვიდრე პროატლანტიკური. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ახალი ტიპის პროევრუპული ბირთვი იქნება მკაცრი პუტინის რეჟიმის მიმართ, ანუ გაძლიერდება უკრაინის მიმართ დახმარება.

„შესაძლოა ევროპამ ტრამპის ცოტა გაურკველი პოზიციების გამო თავის თავზე აიღოს უკრაინის დახმარების სამივე შტო - ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური.

რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არც ევროპაში და არც ამერიკაში ალბათ არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" ძალიან უხარია ტრამპის ლაპარაკი. პრინციპში, ისინი გახდნენ ერთადერთი სპონსორები ამერიკული რეზოლუციის, სადაც ფაქტობრივად, პირველად არ არის დაგმობილი ბირთვული აგრესია უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს პოზიციას ნაკლებად ცვლის, რადგან ტრამპის გამოწვევა ჩინეთია, ვიდრე რუსეთი.

ამ დროს კი „ქართულ ოცნებას" ჩინეთთან გააჩნია სულ სხვა დამოკიდებულება. ტრამპის ადმინისტრაციიდან უკვე მოდის ამის შესაბამისი განცხადებები და არ გამოვრიცხავ, რომ ეს კიდევ გამკაცრდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე