ბარიატრიული (კუჭის დაპატარავების) ოპერაციების მიმართ ინტერესი მზარდია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამასთან დიდია რისკიც, რის გამოც ზოგიერთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. მსგავსი არაერთი ფაქტია თურქეთში, სადაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა. პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ უმეტესობა ოპერაციის გაკეთებას თანხმდება ისე, რომ როცა რეალურად ამის საჭიროება არც აქვს.
გაზრდილი ინტერესის მიზეზად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები პლასტიკური ქირურგიის რეკლამირებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს მიმართულება ისევე საჭიროებს შეზღუდვებს, როგორც ამას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები ითვალისწინებენ.
როგორც ირკვევა, თურქეთში ბარიატრიული ოპერაციების მსხვერპლები არიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც. მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ბარიატრიული ოპერაციის წარუმატებლად ჩატარების შედეგად 6 ბრიტანელი დაიღუპა.
ბრიტანული ,,ტელეგრაფის“ ცნობით, მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის მკვეთრი ზრდა პაციენტებისთვის რისკების ზრდასაც განაპირობებს. ამიტომ პაციენტებს უნდა მიეწოდოს მკაფიო ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის რისკებთან და უპირატესობებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, პაციენტებმა ოპერაციის შემდეგ მინიმუმ ორწლიანი მოვლის სერვისი უნდა მიიღონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჭარბი წონის „არაუსაფრთხო“ ოპერაციები ძალიან გავრცელებულია და სამედიცინო ტურიზმიც არ რეგულირდება. მედიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეები უცხოეთში ბრიტანეთში სამედიცინო სერვისის ხანგრძლივი მოლოდინის გამო მიდიან. ამ კუთხით ყველაზე პოპულარული მიმართულებები თურქეთი და სამხრეთ აფრიკაა.
სამედიცინო სფეროს ქართველი წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ეს შეიძლება რეაბილიტაციის სირთულეს უკავშირდებოდეს.
ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე აღნიშნავს, რომ პაციენტების უმეტესობა ამ ოპერაციას მარტივად თანხმდება და მზად არის ქირურგიული ჩარევისთვის მაშინაც, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ეს არც იყოს აუცილებელი, განსაკუთრებით ქართველი პაციენტების შემთხვევაში. ბერაძე ფიქრობს, რომ მსგავსი ოპერაციების გაკეთების გადაწყვეტილებას მოქალაქეები, ძირითადად, რეკლამების გავლენით და ,,სხვების მიბაძვით“ იღებენ.
,,ჩვენ არ ვიცით, საქართველოში ჩატარებული ოპერაციებიდან პაციენტების რა ნაწილს ჰქონდა ამის აუცილებლობა ჯანმრთელობიდან გამომდინარე. ეს სტატისტიკა უნდა არსებობდეს, როგორც გზამკვლევი და პოტენციური პაციენტები ამით უნდა სარგებლობდნენ. გვერდით მოვლენებსა და გართულებებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. აშშ-ში ეს აუცილებელია, რადგან იქ ჭარბწონიანი ადამიანი ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოში ამის საჭიროება იშვიათადაა.
ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც ფსიქოლოგიურად აქვს მოთხოვნა რომ ოპერაცია გაიკეთოს, არადა ყოველთვის არსებობს რისკი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ადამიანმა უკიდურესი აუცილებლობა თუ არ აქვს, არ უნდა გაიკეთოს ოპერაცია. წამალიც კი მინიმალური უნდა მიიღოს“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" მარინა ბერაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ რეაბილიტაციის გავლა პაციენტებს ხშირად უჭირთ რთული პროცედურის გამო და ხანდახან ფატალური შემთხვევის მსხვერპლიც ხდებიან.
"ნებისმიერი ოპერაცია არის რისკი, საერთოდ ოპერაციული ჩარევის რეკლამირების წინააღმდეგი ვარ. მოდაში შემოვიდა და ჰგონიათ, რომ მარტივია, მაგრამ რეაბილიტაცია რთული პროცესია და საფრთხე რამდენად გააზრებული აქვთ, არ ვიცი. ყველა გზით შოულობენ თანხას და იხდიან. მე პირადად მათ თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ოპერაციის შემდგომი პერიოდი იწვევს დასუსტებას, ფაქტობრივად, პაციენტს მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ უწევს ყოფნა. მკაცრი წესების დაცვა უწევთ, მათ შორის, კვებასთან დაკავშირებით, თუ ადამიანები ამ წესებს მანამდეც დაიცავენ, არც დასჭირდებათ ოპერაცია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მკერდის ოპერაციებიც მასობრივად კეთდება და არც ეს მგონია, მთლად უსაფრთხო იყოს. სამყარო ამ თვალსაზრისით ცუდი გზით განვითარდა“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ბერაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბარიატრიულ ოპერაციამ ამ რამდენიმე თვის წინ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ოპერაციის გასაკეთებლად ის საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა. ოჯახი ექიმს ადანაშაულებს, რადგან თვლის, რომ პაციენტს არ უნდა ჩატარებოდა მსგავსი ოპერაცია, რაც სხვა კლინიკაში გაკეთებული კვლევებით დადასტურდა.
,,ჩემმა დამ ოპერაცია საზღვარგარეთ დაგეგმა. საბერძნეთში მუშაობდა და იქიდან დაუკავშირდა ერთ-ერთ კლინიკას თბილისში. ჭარბწონიანობასთან ერთად, ხერხემლის ტკივილი აწუხებდა და ამიტომ გადაწყვიტა ოპერაცია, ოჯახის წევრებმაც კი არ ვიცოდით. კლინიკაში უთხრეს, რომ მსგავსი ოპერაცია მისთვის შეიცავდა რისკს და არ გაუკეთეს, მაგრამ მიმართა სხვას, სადაც პაციენტს ოპერაცია მაინც გაუკეთეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მიგვაჩნია, რომ ექიმია დამნაშავე, ეს ოპერაცია არ უნდა გაკეთებულიყო“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ გარდაცვლილის დამ.
მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა გაიზარდა, სამედიცინო ტურიზმი საქართველოში მაინც ვერ განვითარდა. როგორც პლასტიკურმა ქირურგმა, "გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის“ დამფუძნებელმა გია გვარამიამ აღნიშნა, პლასტიკურ ქირურგიაში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პაციენტების წილი 5%-ს არ აღემატება. ამის მიზეზი ოპერაციების სპეციფიკაა, რაც რეაბილიტაციის პროცესთან არის დაკავშირებული და მოითხოვს ადგილზე პაციენტის გარკვეული პერიოდით დაყოვნებას, რაც ტურისტისთვის არაკომფორტულია. უცხოელი ტურისტების უმეტესობა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან. მცირე ნაწილია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველები.
"როგორც წესი, ჩვენს მიერ შესრულებული ოპერაციების შემდგომ პაციენტი გადის რეაბილიტაციის პერიოდს, რასაც, 2 კვირა მაინც სჭირდება. ამ პერიოდში ტურისტი ადგილზე უნდა იმყოფებოდეს. ის, რომ ჩაიტაროს ოპერაცია და წავიდეს ქვეყნიდან, ასე არ არის. როცა მუცლისა და სახის პლასტიკას იკეთებს ადამიანი, მეორე და მესამე დღეს ვერ წავა. აქ ყოფნას ახანგრძლივებს და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რაც სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის. შედარებისთვის, თმის გადანერგვის შემდგომ ეტაპზე პაციენტი აქტიურია, შეუძლია მეორე დღესვე წავიდეს სახლში. სახის დაჭიმვის ოპერაციას რომ იკეთებს, პირველი ორი კვირა სერიოზულ რეაბილიტაციას მოითხოვს. შესაბამისად, ვერ დაბრუნდება სამშობლოში.
ჩვენ რომ აქტიურად შევძლოთ უცხოელი პაციენტების მიღება, მაშინ კონკრეტულ ქვეყანაში უნდა გვქონდეს ფილიალი, სადაც რეაბილიტაციის პერიოდის მონიტორინგს გაივლიან. ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის “, - განაცხადა გია გვარამიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სულ 1073 ბარიატრიული (კუჭის დაპატარავების) ოპერაცია ჩატარდა. 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, ხოლო 260 კაცს ჩაუტარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბარიატრიულ ოპერაციებს 2019 წლიდან აღარ აფინანსებს. დღეს საქართველოში მსგავსი ოპერაციის ღირებულება 12 500-დან 13 000 ლარამდე მერყეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე