ევროკავშირი კვლავ ვერ ახერხებს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო საქართველოს თემაზე შეთანხმებას, როგორც გაერთიანების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, სანქციების საკითხი დაყენებულია მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვოდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, თუმცა, ჯერჯერობით ორი ქვეყანა ვერ დაარწმუნეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი ლიბერალურ და კონსერვატიულ ფრთებს შორის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. მისი თქმით, ამ მხრივ ევროკავშირში კონსენსუსი არაა, თუმცა ისიც ძნელი სათქმელია ინდივიდუალურ სანქციებზე წავლენ თუ არა ცალკეული ქვეყნები.
"საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს პროცესი, ძირითადად ბაიდენის დროიდან, აშშ-დან დაიწყო, გადავიდა ევროპაზე და მერე ვნახეთ კიდეც ევროპელი პოლიტიკოსები თბილისში მიტინგზე. ამერიკაში ტრამპის წამოწევით ლიბერალიზმი ჩაქრა, ოღონდ არ გაქრა, ევროპაში კი ლიბერალური პოლიტიკა ძალაში რჩება. უფრო ზუსტად, ლიბერალიზმი კიდევ ცდილობს, რომ ნაბიჯები გადადგას ტრამპის და ძირითადად კონსერვატორების საწინააღმდეგოდ, საქართველო კი კონსერვატორების მომხრე ერთ-ერთი ქვეყანაა.
"საქართველოს გასრესვა პოლიტიკული ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია, პოლიტიკურ ბრძოლას ვგულისხმობ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ბრძოლას. ეს ბრძოლა მანამდე იქნება, სანამ ლიბერალებს ევროპაში ბრძოლის უნარი და ძალა ექნებათ, იქამდე ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ თავის მხრიდან საქართველოს გაუკეთონ ცუდი, რამდენადაც შეეძლებათ.
"კონსენსუსის არარსებობის გამო, არ ვიცი ევროკავშირის ქვეყნები რამდენად წავლენ ინდივიდუალურ სანქციებზე, რადგან ევროპელების მხრიდან სანქციების მიმართ რამდენად სერიოზულია დამოკიდებულება, ეგ კიდევ საკითხავია, ბევრმა აღიარა და ძირითადად ამერიკილებემა ტრამპის პერიოდში, რომ სანქციები დიდი შედეგიანობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, სანქციების დაწესება უფრო საკუთარი დამოკიდებულების გამოვლენაა, ვიდრე ის, რომ რაიმე შედეგს ელოდნენ.
"კონკრეტული ქვეყნებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა კი, მათთვის ძალიან რთული პროცესი იქნება, კონსენსუსი დასჭირდებათ და ა.შ. მაგრამ ძნელი სათქმელია ამაზეც რამდენად წავლენ, რადგან ეს ისევ და ისევ ამ ლიბერალური და კონსერვატიული ძალების პროპორციებზე იქნება დამოკიდებული, არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკაშიც.
"ევროპაში ვნახეთ, რომ კონსერვატიულმა ძალებმა კი წამოიწია, მაგალითად გერმანიაში, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვა, სხვაგან რა მოხდება, ეს საკითხავია, მოკლედ ახლა მათ შორის დიდი და ხანგრძლივი ბრძოლაა. მაგაში ქართული თემა გადამწყვეტი არაა, მაგრამ გადამწყვეტია უნგრეთი და სლოვაკეთი. ტრამპის განცხადებამ, რომ მას ევროპაში უნგრეთი ეგულება პარტნიორად და მას დაეყრდნობა ევროპულ პოლიტიკაში, ამან შეიძლება უნგრეთთან დაპირისპირების პროცესი დაამუხრუჭოს, რადგან ფაქტიურად ეს ამერიკასთან დაპირისპირება იქნება.
"დღევანდელი ევროპა ამერიკას კი უპირისპირდება და ხანდახან წამოსცდება კიდეც, ახლადარჩეულმა პარტიამ გერმანიაში რაღაც მაგდაგვარიც თქვა, რომ უნდა ვებრძოლოთ რუსეთსაც და თუ დაგვჭირდება ამერიკასაცო, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთია ნათქვამი და მეორა პოლიტიკის გატარება, საბოლოო ჯამში რა პოლიტიკა გატარდება, ჯერჯერობით უცნობია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი ინდივიდუალური დონის დამატებით სანქციებზე წავა, ამასთან არაა გამორიცხული, რომ ბლოკის გარდა სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც წამოიწყოს.
"თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებდნენ. როცა ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, იქ საუბარი იყო ევროკავშირის 25 ქვეყანაზე, რომ მათ უნდა ემოქმედა შესაბამისად, რომ ინდივიდუალურად დაეწესებინათ სანქციები და ალბათ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, რომ ცალკეული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"ხმის უფლების ჩამოირთმევა მეორეს მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რადგან იქ გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება და ადვილი არაა რომელიმე ქვეყანას ეს უფლება ჩამოართვან. მაგალითად სავიზო შეზღუდვებზე გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობით მიიღეს, მინიმუმ 15 ქვეყნის მხარდაჭერით.
"კონსენსუსით თუ არა, სხვანაირად შეიძლება სანქციები, მაგალითად ევროპარლამენტის რეკომენდაციით ამ 25-მა ქვეყანამ დაუწესოს, პლიუს არ გამოვრიცხავ ბრიტანეთმა იმოქმედოს, რადგან სადღაც 40-ზე მეტი კომანია, რომელიც ივანიშვილის კონტროლქვეშაა ბროტანეთშია და მის მიერ დაწესებული სანქციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას ამბობს კაია კალასი
რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას", - აღნიშნა კალასმა.
როგორ აფასებენ კალასის განცხადებას "ოცნებაში
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილი სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.
„თქვენ ხომ გახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება, რომ დღეს ბრძოლის ველი საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთო? სწორედ ეს არის. ისინი ხედავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს და იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხი გამოიჩინა, რომ არ ჩაეწერა იმ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში და სამხრეთიდან რუსეთს ცეცხლის რკალი არ გაუხსნა.
"საქართველომ მოახერხა, რომ მათ მიერ წარმოებული, ყოვლად არადემოკრატიული და საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მაინც ის პოლიტიკური ძალა აირჩია, რომელსაც მან უპირატესობა მიანიჭა. ამიტომ, მათ მიერ ვერგანხორციელებული ანტიქართული მიზნებიდან გამომდინარე, დღეს შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. მათ განცხადებებს სხვა შინაარსი და ობიექტური საფუძველი არ აქვს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა პარლამენტს და პოლიციელებს წვავდნენ, ვერცერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ გაბედა და ვერ თქვა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ეს ვერ გაბედეს, პირიქით, ყველამ მათი ენა ვიცით, თუ როგორ ხდება წახალისება - „ჩვენ მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", ანუ, მიდით, უფრო მაგრად შეუტიეთ და ყიჟინა დასცხეთო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, მათი განცხადებები რას ნიშნავს. ამას ნიშნავს.
"როგორც კი, უცხოეთიდან რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა გერმანიაში ან რუმინეთში მიმდინარე არჩევნების თაობაზე, ან „ტვიტი" დაიდო, მაშინვე ამბავი ატყდა, ეს არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაო. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად თვალში საცემია, რომ უკვე ამაზრზენ ფორმას იღებს და ეს სამწუხაროა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია - საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად და ზოგადად, ევროკავშირისთვის," - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ "რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირს იმდენად არა გაფართოების მიზანი აქვს, რამდენადაც ამ ინსტრუმენტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სურვილი".
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.
„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი" დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს - რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან" ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.
„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათა თავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც რასაც დაავალებდნენ, იმას გააკეთებდა და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ „დიფ სთეითი" დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე