„ოცნებამ" დაჩქარებული წესით „გრანტების შესახებ" კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, გრანტების გაცემაზე პასუხისმგებელი სრულად სახელმწიფო იქნება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ შეტანილი ცვლილებები ბევრ კითხვას აჩენს და ის ვერ იქნება გამჭვირვალე. ანალიტიკოსების მოსაზრებები ამ საკითხზე დიამეტრულად განსხვავებულია.
„ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ დაფინანსდნენ „ოცნების" გარკვეული ორგანიზაციები, ან შეიქმნას ასეთი ორგანიზაციები, რომლებზეც გამოიყოფა სახელმწიფო გრანტები, რათა შემდგომში „ოცნების" რეკლამირება მოხდეს", - აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით კი, ამით „ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოს საფრთხეები აარიდოს: „ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა სწორედ იმ გრანტების საშუალებით. სწორედ ამ მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება".
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.
ამასთან, შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ ფონდს, წარადგინონ საკუთარი პროექტი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საქმეში გამოიყენება.
„ქართული ოცნების" წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილებით უცხოელი აქტორები თუ ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ სახელმწიფოს საწინააღმდო ქმედებებისა და არეულობის მოწყობას.
„ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში უცხოეთიდან შემოედინება თანხები უცხო ქვეყნების სახელმწიფოთა მიერ დაფინანსებული, რომელიც იყო სრულიად გაუმჭვირვალე - მაგალითად, იგივე USAD და NED. არასამთავრობო ორანიზაციებისთვის ჩარიცხული თანხები იხარჯებოდა არაკეთილმოსურნე მიზნებით, როგორც დღეს გამოაშკარავდა. იყო ძალიან მცირე ნაწილი, რომელსაც კარგი მიზნები ჰქონდა, ამას ჩვენ ვიტყვით, არ დავზარდრებით და ყოველთვის გადავიხდით მადლობას. თუმცაღა იმ თანხების უდიდესი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, რევოლუციების მოსაწყობად და მაიდნებისთვის ხმარდებოდა, რასაკვირველია, ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება გვქონდა და გვექნება. ჩვენზე უფრო მკაცრი და მკაფიო იყო თვითონ შეერთებული შტატები, რომელმაც ამხილა USAD და ლამის ბოროტების სავანე უწოდეს ამ ორგანიზაციას.
„საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, აღიქვას და გაანალიზოს ერთი რამ, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, ასეთი გამონათქვამი არსებობს. უცხოური თანხებით დამკვეთი საქართველოში არის უცხოეთი და რა მიზნები ჰქონდა, მას კარგად გამოჩნდა USAD-ის სკანდალის გამო. აქედან გამონდინარე, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად მზადაა იმისთვის, რომ გამჭვირვალე, ტრანსფარენტული პროცესით მოახდინოს იმ პროექტების დაფინანსება გრანტების მეშვეობით, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯერ ერთი ამ უწყებისთვის შეთავაზებული და შემდეგ გაივლის იმ საფეხურებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა იქნება", - აღნიშნა მათიკაშვილმა.
კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა გამოყოფილი თანხა პროექტებისთვის ამბობს, რომ „12%-ზე მაღლა გამოყოფილი თანხა რადიკალიზმს ხმარდებოდა. ეს რადიკალიზმი, რომ გამოვაკლოთ, 20 მილიონი შეიძლება ბევრად აღმატებული თანხა იყოს, ვიდრე იმ შემოდინებული თანხიდან 12%, რომლის მიზნობრიობაც საზოგადოებისთვის დაფარული იყო."
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შესაფებით, ამ ცვლილების მიზანი გამჭვირვალეობა.
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ფინანსების მართვის თვალსაზრისით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მისი შეფასება და რეიტინგი წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის და მისი არა ერთი წევრის რეიტინგს. ჩვენ ამ სამოქმედო გეგმის პრინციპს მივყვევით და ვერანაირად გადავუხვეევთ, მიუხედავად იმისა, თუ რას რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია. ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ სახელმწიფო პროექტები, პროგრამები მხოლოდ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჩაბარდა. „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" უამრავი ადამიანია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, მამუკა ხაზარაძემაც კი ისარგებლა რამდენიმემილიონიანი შეღავათით იმისათვის, რომ თავისი ბიზნესი განევითარებინა. ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აქ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ სიმპათიებს, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმ პროექტს, რომელიც ემსახურება კონკრეტულ ჯგუფს და საზოგადოებას. ამორალურია იმ ფონდების გადაწყვეტილება, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება მაგალითად უნარშეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების, რადგან „ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულები არიან. რასაკვირველია, ამას, როგორც ღია სივრცეს, ჩვენ ისე ვერ დავტოვებთ, სახელმწიფომ მობილიზება უნდა გააკეთოს და ამისთვის გარკვეული რესურსი გამოყოს. მიზეზი არავისთვის მიგვიცია, რომ რაიმეზე ეჭვი გაჩნდეს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ოცნების" დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა პროექტები დაფინანსდება.
„თქვენ იცით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის დაპირება და სახელმწიფო ბიუჯეტში ეს თანხები ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში იყო დამტკიცებული და ასახული. ახლა კი შეიქმნა შესაბამისი სსიპ-ი, რომელიც უკვე განკარგავს ამ თანხებს. ეს საბიუჯეტო თანხებია, ამიტონ მათი გაცემის, ხარჯების კონტროლის ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული და არ მგონია აქ ამ თვალსაზრისით რაიმე კითხვები არსებობდეს.
„რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის პროექტები დაფინანსდება და პრიორიტეტი რა იქნება, უახლოეს დღეებში იქნება გარკვეული. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს სამოქალაქო სექტორში, არამომგებიანი ორგანიზაციები მაქვს მხედველობაში, შეუძლია პროექტები წარადგინოს პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც გამოცხადდება და დაფინანსება მიიღოს. თუ საკუთარი ხალხი დაფინანსებაზე უარს იტყვიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ეს გადაწყვეტილება იქნა ერთის მხრივ, საქრთველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის და მეორეს მხრივ, იმ ფონზე, როცა შეწყდა USAD-ის, NED-ის და სხვა ორგანიზაციების დაფინანსება. სხვათაშორის, ასეთი პრაქტიკა, როცა სახელმწიფო აფინანსებს სამოქალაქო სეგმენტს არსებობს სხვა ქვეყნებში, არსებობს, თუნდაც გერმანიაში, პოლინეთში და ა.შ.", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ქართული ოცნების" ოპონენტებსა კი მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ცდილობს, მათგან უკონტროლო ორგანიზაციების ჩახშობას და მთავრობასთან აფილირებული ორგანიზაციების, ე.წ. GONGO-ების მხარდაჭერას.
რა მიზანს ემსახურება კანონში ცვლილება
ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ამ ცვლილების მიზანი „ოცნების" პროპაგანდის გავრცელება და იმ ორგანიზაციების მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებაა, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდებიან.
„კანონში შეტანილი ცვლილებები ემსახურება იმას, რომ დაფინანსდნენ „ოცნების" გარკვეული ორგანიზაციები, ან შეიქმნას ასეთი ორგანიზაციები, რომლებზეც გამოიყოფა სახელმწიფო გრანტები, რათა შემდგომში მოხდეს „ოცნების" აგიტაცია, ხელისუფლების რეკლამირება. ბუნებრივია, ეს გრანტები არ მოემსახურება საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დასავლეთის არა ერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, თუმცა არა იმიტომ, რომ ის კონკრეტული ორგანიზაცია ხელისუფლებას ემსახუროს. საქართველოს შემთხვევაში ასეთი პროპაგანდისტული ორგანიზაციების შექმნა უნდათ. გასცემენ გრანტებს და შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს. ასეთი რეალობაა და ვითომ უნდა ხელისუფლებას აჩვენონ, რომ მესამე სექტორს არ ებრძვიან და პირიქით, მხარს უჭერენ. მათ სურთ, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს ის ორგანიზაციები, როლმებიც დასავლეთიდან ფინანსდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით კი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, სწორედ ამიტომ მისივე აზრით, საჭირო იყო ამ კანონში ცვლილების შეტანა.
„ქართული ანდაზაა ასეთი - „ცარიელ გობში ხელს არავინ არ ყოფსო", უცხოეთიდან თუ რაიმე გრანტი შემოდიოდა, მას თავისი შორს გამიზნული მიზანი ჰქონდა. თუ მათი ინტერესების გამომხატველი მთავრობა არ იყო საქართველოში, ამ შემთხვევაში არასამთავრობოებს გამოიყენებდნენ და ხელისუფლებას გადაატრიალებინებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა სწორედ იმ გრანტების საშუალებით, მაგრამ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მედგრად დგომით ეს საქმე ჩაიფუშა. ამიტომ, ჩემი აზრით, მმართველმა პარტიამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. როდესაც გრანტები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა, უნდა მოხმარდეს საქართველოს აღორძინებას. მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ასე იქცეოდა, მაგრამ შეიძლება იმ ორგანიზაციას საერთოდ არ უნდოდა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა უკვე ნაჭამი ჰქონდათ და იძულებულები იყვნენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე