მიუნხენში უსაფრთხოების სამდღიანი 61-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 60-მდე ლიდერი, მათ შორის აშშ-დან და ასობით სხვა წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციაში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის.
თავად „ქართულ ოცნებაში" ამაზე განმარტებებს არ აკეთებენ. როგორც გახარია ამბობს, ხელისუფლებას გერმანიაში ჩასვლა შეეძლო, თუმცა, „კიდევ უფრო დიდ სირცხვილს დაეჯახებოდნენ" და ამას აერიდნენ.
უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს ევროპის როლზე მსოფლიოში დისკუსიებით დაიხურება. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმართება მაღალი დონის დებატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. გახსნის დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით იწყება.
15 თებერვალს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე.
როგორც გახარია და ზურაბიშვილი აცხადებენ, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ ორმხრივი შეხვედრები და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა.
კითხვაზე, რატომ არაა წარმოდგენილი „ოცნება" კონფერეციაში, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპარლამენტის რეზოლუცია გახდა, რის ფონზეც შესაძლოა ევროპელებთან ურთიერთობა უფრო მძაფრი ყოფილიყო.
„გუშინდელი რეზოლუციის ფონზე, შეიძლება „ოცნებისთვის" ევროპელებთან ურთიერთობა უფრო მძაფრი ყოფილიყო. მე მგონი ნაწილობრივ ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო, ადრე უარი რომ თქვეს წასვლაზე. რეზოლუცია კი უკვე მიუთითებს ევროპის დამოკიდებულებაზე. გახარიასთან ეგაა დასაზუსტებელი - რა უფრო სირცხვილია და ვინ უნდა იყოს დარცხვენილი, ოპოზიცია, როგორც იმის მოკარნახე, რაც რეზოლუციაში დაიწერა, თუ „ქართული ოცნება" ვისზედაც დაიწერა?! მე მაგალითად ოპოზიციის ადგილას შემრცხვებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების ყოფნა, საყვარელიძემ გვითხრა:
„არ არის მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების მიმართულებით, რომ არიქა რუსეთი დაგვესხმება თავზე თუ არა, ეს დღეს „ოცნების" დღის წესრიგში არაა. ჩვენი ტვინი ამჟამად იმითაა დაკავებული, როგორ გადანაწილდება ტრამპისა და მის მეტოქეებს შორის ძალა, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
„საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ „ოცნებას" კონფერენციაზე წასვლა შეეძლო, თუმცა სირცხვილს შეჭამდა.
„პირველ რიგში მიხარია, რომ აქ იქნება სალომე ზურაბიშვილი და, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ დღეს გლობალურ ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ გლობალური ცვლილების წესრიგში, ავუხსნათ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იმსახურებდა და დღეს განსაკუთრებით იმსახურებს მხარდაჭერას იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
„დღეს მიუნხენში ახალი გლობალური წესრიგის კონტურები იხატება, კატასტროფაა და წარმოუდგენელია, რომ საქართველოდან დღეს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ არიან. თქვენ გგონიათ მათ არ შეეძლოთ აქ ჩამოსვლა? შეეძლოთ, მაგრამ კიდევ უფრო დიდ სირცხვილს დაეჯახებოდნენ, იმიტომ, რომ მათთან არავინ შეხვედრას არ მოისურვებდა და ვერავის დაელაპარაკებოდნენ. ამიტომ არ არიან დღეს აქ წარმოდგენილები. მათ საკუთარი ეგო დააყენეს ყველაზე მაღლა იმის მაგივრად, რომ საქართველო დღეს აქ იყოს წარმოდგენილი, როგორც იმ გლობალური წესრიგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ხვალ და ზეგ იქნება აქ საუბარი.
„ჩვენი რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები ყველანი აქ არიან,სომხეთის პრემიერი აქ არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აქ არის - ყველანი აქ არიან, მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება აქ არ არის. წელს მიუნხენში არის წარმოუდგენლად დიდი კონფერენცია, ასეთი წარმომადგენლობითი და ასეთი მაღალი დონის არასოდეს არ ყოფილა", - განაცხადა გახარიამ „ტვ პირველთან".
გახარია დასძენს, რომ საქართველომ თუ არ მიიღო მსგავსი ახალი წესრიგის შექმნის პროცესში მონაწილეობა და არ დაიცვა თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები, ოკუპანტ ქვეყნებთან პირისპირ მარტო დარჩენილებს ძალიან გაგვიჭირდება. ამბობს, რომ თავადაც და სალომე ზურაბიშვილიც ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს აუხსნიან, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინა-რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა იქნება. კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე