„როდემდე უნდა ჩატარდეს ეს ე.წ. არჩევნები, სანამ გიორგი-ჭიჭე ვაშაძე არ გაიმარჯვებს?“
თამთა ჩაჩანიძე
(14.02.2025)

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრძოლის "ახალ ეტაპზე გადასვლას" აანონსებს, „როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება". ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზაფხულიდან აქციები ნამდვილად მოსალოდნელია, თუმცა განსხვავებული მოლოდინი აქვთ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უფრო ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, თან სხვადასხვა სიმბოლური თარიღებიც ახლოვდება.

„მგონია, რომ ბრძოლა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არ იქნება. ამასთან, ვფიქრობ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება, 15 თებერვლის მარშის გარდა, სხვადასხვა სიმბოლური თარიღები ახლოვდება, იგივე 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. ასევე 3 მარტს დედების მარშს არ გამოვრიხავ, 8 მარტს კი ზოგადად ქალების მარშს ქალთა უფლებებისთვის, შემდგომში 9 აპრილი მოდის და ა.შ.

„მგონია გაზაფხულზე პროცესი გააქტიურდება და უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს თბილისსა და რეგიონებში. ამავე დროს მოსახლეობასთან მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ვისაც ნეიტრალური პოზიცია უკავია, დაარწმუნონ რამდენად მნიშვნელოვანია აქციები. მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი, „თუ უსამართლობის დროს ნეიტრალური ხარ, ესე იგი შენ ირჩევ მჩაგვრელთა მხარეს". მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა დააშინოს, მათ შორის ჯარიმებით და ხშირად თავისი კრიმინალური დაჯგუფებების ამოქმედებით, ვხედავთ, რომ მაინც ბევრი ადამიანი გამოდის გარეთ, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო მეტი შეიკრიბება. არის ხალხი, რომელიც ყოველ დღე ფიზიკურად ვერ ახერხებს გასვლას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის გეგმები თანდათან კომიკურ სახეს იღებს. მისი შეფასებით, საქართველოში ცხოვრება იდეალური არაა, თუმცა მოსახლეობა, რომელიც რეალურ ცვლილებებს ითხოვს, უყურებს ოპოზიციას, რომელიც ჩაკეტილ წრეზე დადის, რითაც საწადელს ვერასოდეს აღწევენ.

„ტერმინები: "მასობრივი პროტესტი", "ოპოზიციური აქციები" და ვაშაძის მოწოდებები ქართულ საზოგადოებაში უკვე სახუმარო თემა გახდა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ მმარტველ პარტიას ღირსეული, კონსტრუქციული დაშინაარსობრივი კონკურენცია გაუწიოს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს 2012 წლიდან არ და ვერ ხდება.

„სირცხვილია, რომ ქართულ დემოკრატიას, ოპოზიციურ სპოექტრს ჰყავს ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა გიორგი-ჭიჭე ვაშაძე და სხვა მისნაირი კლოუნები, რომლებიც უწინარესად საქართველოს ღალატობენ, მერე თავიანთ მიმდევრებს და ამომრჩევლებს. უკვე ნახეთ მისი დაანოსებული ე.წ. მასობრივი პროტესტი, თვითმარქვია სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება, ვიცით ეს რა ფარსიცაა და თუ ამ ჭრილში კვლავ გაგრძელდება, კიდევ უფრო კომიკური თემა გახდება.

„აქციები და მით უმეტეს დასპონსორებული სოროსისტების მხრიდან, რომლებიც ტრამპის მიერ გამოძევებულები არიან და ევროპაში ახლა უფრო გაძლიერდნენ, რა თქმა უნდა იქნება. პროტესტი ყოველთვის უნდა იყოს, ოღონდ შინაარსობროვი და პოლიტიკაზე დაფუძნებული. შესაძლოა ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღო თუნდაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტმა, თბილისში თუ ნებისმიერ რეგიონში, ან თუნდაც მთავრობის რომელიმე წევრმა და ეს საზოგადოებამ გააპროტესტოს, თუმცა, ამის სანაცვლოდ ვხედავთ, რომ რუსთაველს კეტავს რამდენიმე საათით რამდენიმე ასეული ადამიანი და ზეიმობს ე.წ. გამარჯვებას, ეს ხომ სიგიჟეა?

„ასეთი შლეგური გამოხტომებით საწადელს ვერსაოდეს მიაღწევენ. ამასობაში გვრჩება საზოგადოება, რომელიც ითხოვს სამართლიან ცვლილებებს. არ ვამბობ, რომ სამართლიანობა და იდეალური ცხოვრებაა საქართველოში, ასეთი არც ამერიკაშია და არც ევროპაში, მაგრამ რიოდესაც შენ აპროტესტებ იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ამა თუ იმ ჩინოსანმა მიიღო და ამაზე ხალხის მხარდაჭერა გაქვს, იქ გადაწყვეტილება უნდა შეაცვლევინო. სანაცვლოდ რა ხდება? ე.წ. უკანონი არჩევნები, ე.წ. არალეგიტიმური მთავრობა, ე.წ. ვადამდელი არჩევნები და როდემდე უნდა ჩატარდეს ეს ე.წ. არჩევნები, სანამ გიორგი-ჭიჭე ვაშაძე არ გაიმარჯვებს? ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს! ამიტომ ეს ჩაკეტილ-მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს და საქართველოს ოპოზიციურ ასპარეზზე ჯანმრთელი-ჯანსაღი ატქორები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხზე იზრუნებენ და არა საკუთარ კეთილდღეობაზე და ანგარებით წინ წაწევაზე", - უთხრა გია აბაშიძემ „რეზონანსს".

თბილისში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

„ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს - ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქციები ახალ ეტაპზე გადავიდეს და პროტესტი ფართომასშტაბიანი გახდეს.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ხვალ 18:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება ევროპის მოედნიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მარშს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას. ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს და დავანახოთ, რომ დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე