"იუესაიდის" დახურვით საქართველოს ეკონომიკა არანაირად არ დაზარალდება, თუმცა არასასმთავრობო სექტორის საქმიანობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბიუჯეტში მთელი გრანტების მოცულობა 1%-ს არ აჭარბებს და დიდად დანაკარგიც არ იქნება. რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებს, მათი დაფინანსება თავისუფლად შეიძლება ბიუჯეტიდან მოხერხდეს.
დაიკავებს თუ არა "იუესაიდის" ადგილს რომელიმე სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ჯერჯერობით უცნობია. არც ისაა გამორიცხული, რომ 3 თვის შემდეგ, თუკი "იუესაიდი" საქმიანობას საერთოდ გააგრძელებს, მთლიანად შეიცვალოს მისი დაფინანსების მეთოდი და მკაცრ კონტროლს დაექვემდებაროს.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, დახარჯული რესურსის მიზნობრიობიდან გამომდინარე, მსხვილი დონორი ორგანიზაციის დახურვა საქართველოსთვის პრობლემა საერთოდ არ იქნება. მით უმეტეს, რომ ორგანიზაციაში კორუფციის შესახებ, ფაქტობრივად, დადასტურებულია და გასაჯაროებულია თანხები, რაც ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერ ზრახვეებს ააშკარავებს.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა, მალე საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი შექმნას.
,,ახალი ფონდის შექმნაზე საუბარი ადრეც იყო, ამ შემთხვევაში, დაფინასნებაში არ იქნება ჩადებული უცხოური ინტერესები. პირდაპირ ვთქვათ, ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, როგორ კეთილშობილური ზრახვებითაც არ უნდა შეიფუთოს, დონორის და მის უკან მდგომი სახელმწიფოს (ან კონკრეტული სტრუქტურის) გარკვეული ინტერესი ყოველთვის მოჰყვება. აქედან გამომდინარე, "იუესაიდის" დახურვას საქართველოსთვის საგანგაშო ფაქტად ვერ მივიჩნევ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რაღაც სხვა ფორმით გააგრძელოს მუშაობა და ამ შემთხვევაში მკაცრ კონტროლს დაექვემდებაროს.
ჩემი აზრით, ასეთი დონის ორგანიზაციას, როგორიც "იუესაიდია", აშშ-ს მთავრობა ხელის ერთი მოსმით არ დახურავს. ეს არის მისი საგარეო პოლიტიკის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი. მოხდება გახარჯული თანხის აუდიტი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვნახეთ, რაზეც იხარჯებოდა ფული, უზარმაზარ მასშტაბზეა საუბარი“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ანალიტიკოსმა.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას, ანჯაფარიძის ვარაუდით, ეს რაიმე ცვლილებას ვერ გამოიწვევს. "იუესაიდის" საქმიანობა კი გაცილებით მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე მისგან მიღებული ფინანსური სარგებელი.
,,ის თანხა, რაც "იუესაიდს" შემოჰქონდა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკან, აშშ-ში ბრუნდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საერთასორისო დონორები საქართველოში შემოტანილი თანხის ნაწილით სოციალურად სასიკეთო საქმეებს მართლა ახორციელებდნენ, მაგრამ ეს იყო ერთგვარი საბურველი, რომლის ქვეშ მათი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ჩქმალავდნენ. გაცემული გრანტების უდიდესი ნაწილი ისეთი ჯგუფებისა ორგანიზაციების გაძლიერებას ხმარდებოდა, რომელიც მათ მითითებებს ახორციელებდა. ამ მოვლენის მომსწრე გავხდით. ამით აიხსნება ამერიკული ორგანიზაციის მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაც“, - დასძინა ანჯაფარიძემ.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ "იუესაიდის" როლი ეკონომიკაში გაზვიადებულია. მისი როლი სინამდვილეში სულ სხვა იყო. რაც შეეხება საკითხს, გაიხსნება თუ არა ასპარეზი სხვა კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისთვის, როგორც ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, ეს დამოკიდებულია აშშ-ს პოლიტიკასა და კეთილ ნებაზე, რა მეთოდებით აპირებენ ისინი თავიანთი ინტერესების გატარებას სხვა ქვეყნებში.
,,ციფრები გამოქვეყნდა და ვიცით დაახლოებით მაინც რაში იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის რესურსი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საქართველოს ბიუჯეტში მთელი გრანტის ფული 1%-ს არ აჭარბებს. ამდენად, "იუესაიდის" დახურვის გამო რაიმე სახის პრობლემას ვერ წარმომიდგენია. მესმის, რომ ისინი აფინანსებდნენ რამდენიმე კარგ პროექტსაც, მაგრამ ამავე დროს, 100 მლნ ლარზე მეტი არჩევნების პერიოდში აქვთ დახარჯული, რომლის მიზანიც საპროტესტო პროცესების მხარდაჭერაა, რასაც ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ზუსტად რაში დაიხარჯა ეს ფული, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთლიანად შემოვიდა თუ არა აღნიშნული თანხა, ესეც გაურკვეველია. რადგან "იუესაიდთან" დაკავშირებით კორუფციის ნიშნებიც გამოიკვეთა და საეჭვოა, თანხა სრულად შემოსულიყო.
გაიხსნება თუ არა ასპარეზი სხვა, კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისთვის, ეს დამოკიდებულია აშშ-ს პოლიტიკასა და კეთილ ნებაზე, რა მეთოდებით აპირებენ ისინი თავიანთი ინტერესების გავრცელებას. თავის დროზე "იუესაიდი" სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რომ აშშ-ს ინტერესები გაევრცელებინა სხვა ქვეყნებში. ახლა მათ თავიდან აქვთ გასააზრებელი, რა რისკებს ხედავენ უშუალოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებზე რომ არ ვისაუბროთ. ჩვენი ქვეყნის განწყობა, ხელისუფლების პოზიციაც გასაგებია და კარგი იქნება, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყება. ახლა ისინი დაკავებულნი არიან რევოლუციის მოწყობით, რაც არ გამოუვათ“, - განუცხადა ამირან სალუქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
მისი შეფასებით, "იუესაიდის" დახურვა აშშ-ზე რეპუტაციულად დადებითად იმოქმედებს, ვინაიდან ანტიამერიკული განწყობები, რაც გროვდებოთა დროთა განმავლობაში, სწორედ მსგავსი ორგანიზაციები აღვივებდნენ.
,,რაც ახლა ხდება, ჯანსაღი პროცესია და იმედია, აშშ-თვის ეს იქნება კარგი და ასევე ქართულ-ამერიკული ურთიერთობასაც წაადგება. ეკონომიკისთვის კი რაიმე საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუკი "იუესაიდის" დაფინანსება მოაკლდება ქვეყანას. ადრეც მომხრე ვიყავი, პროექტები მთავრობას დაეფინანსებინა. მას უკეთ ესმის რა მიმართულებით სჭირდება კვლევები ან სად დამატებითი რესურსია საჭირო, სოცილური სფეროთი დაწყებული სოფლის მეურნეობის დამთავრებული. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რას ხმარდება ფული“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.
როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების პროგრამებს განკარგავს, დროებით დაიხურა.
"იუესაიდმა" საქართველოში 1992 წლიდან 1.8 მილიარდ დოლარის პროგრამები განახორციელა სხვადასხვა სექტორში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე