ნატალია ჯვარიძე
(09.02.2025)

„აფხაზეთში წელს ისე დაძაბული ვითარებაა, რომ მე არ გამოვრიცხავ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების ფაქტები იყოს, შესაბამისად, დამარცხებულმა მხარემ ეს ბრალდება წაუყენოს და ქუჩაში გამოსვლებსაც ჰქონდეს ადგილი", - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლგმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება.

პაატა ზაქარეიშვილი: სულ ხუთი კანდიდატია, აქედან ორი გამოკვეთილი ლიდერია და აშკარად ამ ორ შორის იქნება დავა. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთის ფავორიტი ბადრა გუნბა, რომელსაც დიდი შანსები აქვს წინა ხელისუფლების წარმატებები გაიზიაროს და მეორე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომისტი ადგურ არძინბა, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად პოპულალურია იმის გამო, რომ ის იყო ლიდერი იმ მოვლენებისა, როცა რუსეთის ოლიგარქიული კანონი არ მიიღეს.

ჩემი აზრით, მათ შორის შანსები 50/50-ზეა და შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებული რამე არ მოხდა ამ დღეების განმავლობაში.

რუსეთი ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ მხარს უჭერს ბადრა გუნბას. პირველი ფრენა როცა განხორციელდა სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით, ის სპეციალური თვითმფრინავით გაუშვეს მოსკოვიდან სოხუმში. გარდა ამისა, გუნბას სხვა სახის მხარდაჭერაც აქვს - მოსკოვიდან ჟურნალისტები არიან სოხუმში ჩასული და მთელ პიარ-კამპანიას ახორციელებენ.

თუმცა, რაც ჩვენთვის და მთლიანი რეგიონისთვის სიახლეა, არის ის, რომ არნახული ანტითურქული პროპაგანდა მიდის უკვე არძინბას წინააღმდეგ, ანუ ოპოზიციის მიმართ. თითქოს არძინბას აქვს არა ქართული, როგორც ადრე იყო ხოლმე, ან ევროპული მხარდაჭერა, არამედ თურქული. ეს აფხაზეთში არასდროს ყოფილა.

აშკარად ჩანს, რომ რუსეთი გაღიზიანებულია თურქეთით, თუ როგორ გამოაპანღურა აზერბაიჯანმა რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან და მერე სირიაში როგორ წააგო თავისი პოზიციები თურქეთის მხარდაჭერით. როგორც ჩანს, რუსეთს თურქეთი ყელში აქვს გაჩხერილი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასე რომ, ახლა აფხაზეთში ანტითურქული პროპაგანდა მიდის, რაც არასდროს ყოფილა იქიდან მოყოლებული, რაც აფხაზეთში ეს ე.წ. არჩევნები ტარდება.

„რეზონანსი": რა განწობაა საზოგადოებაში და მოსალოდნელია თუ არა დაპირისპირება?

პ.ზ.: „ტელეგრამ" არხებში საზოგადოების ბრძოლა საკმაოდ დაუნდობელია და სხვათა შორის, ძალიან შეურაცხმყოფელი სტატიებიც იწერება. საერთოდ, როდესაც აფხაზეთში „არჩევნები" ტარდებოდა, მხარეები შედეგებს აღიარებდნენ და არასდროს ყოფილა სერიოზული ბრალდება ერთმანეთის მიმართ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა წელს ისე დაძაბული ვითარებაა, რომ მე არ გამოვრიცხავ გაყალბების ფაქტები იყოს და შესაბამისად, დამარცხებულმა მხარემ დააბრალოს გაყალბება. მაგრამ ამის ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და არა ოპოზიციის, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია, გავლენები ყველას ყველგან აქვს.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა ქუჩაში გამოსვლაც იყო. ასეთი დაპირისპირება წლების წინ იყო, როცა „არჩევნებში" კენჭს რაულ ხაჯინბა იყრიდა. მას შემდეგ დაახლოებით 20 წელია ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

საერთოდ, აფხაზეთში დიდი ხანია დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. არჩევნებით არ შეცვლილა, ყოველთვის ძალადობით ხდება. თუ გუნბამ გაიმარჯვა, არ მგონია პირდაპირ დაპირისპირებით დაიწყოს, მაგრამ გააჩნია რა პოლიტიკას აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე