ნატალია ჯვარიძე
(09.02.2025)

უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როდესაც თანდათან დაიკლო აქციების მასშტაბებმა, ხელისუფლების ოპონენტებმა მორიგი სიმბოლური დღე შეარჩიეს მხარდამჭერთა მასობრივი მობილიზებისათვის. 15 თებერვალს იგეგმება მასშტაბური შეკრება რესპუბლიკის მოედანზე და იქიდან მსვლელობა პარლამენტისკენ. ამის მერე კი, 18 თებერვალს - „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს - კიდევ უფრო მასშტაბური აქცია. რა „სიურპრიზებს" უნდა ველოდოთ ივანიშვილის დაბადების დღეზე?

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ დათქმულ დღეებში მართლაც მასშტაბური აქციებია მოსალოდნელი, თუმცა ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი. სხვები კი მნიშვნელოვანს არაფერს ელიან.

„ეს არის მათი ბოლო გაბრძოლება, რასაც შედეგი ვერ ექნება. გამოვლენ, იტინგიცებენ, იყვირებენ და მერე სახლებში წავლენ. მე არაფერს ველოდები", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე კი ვარაუდობს, რომ 18 თებერვალს უფრო მეტი ხალხი მივა აქციაზე, ვიდრე 15-ში:

„ჩვენ ვნახავთ, რომ სავარაუდოდ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იქნება 15 თებერვალს და კიდევ უფრო დიდი მგონია18-ში. თუმცა, ამ საპროტესტო პროცესში ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი".

სავარაუდოდ, პროტესტის გააქტიურების მთავარ თარიღად სწორედ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დაბადების დღეა შერჩეული. 15 თებერვლის აქციას კი ალბათ ერთგვარი ტესტის მნიშვნელობა ექნება, რათა ხელისუფლების ოპონენტებმა რეალურად შეაფასონ თავისი შესაძლებლობები და ადამიანური რესურსები და 18 თებერვლის აქტივობებიც ამი შესაბამისად დაგეგმონ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტი არ დაიკარგოს, მითუმეტეს ამ პერიოდში, როდესაც ხალხის გარეთ გამოყვანა რთულია, საჭიროა ასეთი სიმბოლური თარიღების შერჩევა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ხელისუფლება რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხევს, თუმცა აუცილებელია აქცია გაგრძელდეს.

„რა თქმა უნდა, მასშტაბური აქციისთვის რესურსები იმაზე მეტია, ვიდრე ამ პერმანენტულ აქციებზე იკრიბება ხალხი. უბრალოდ საჭიროა რაღაც ახალი იდეა, ინიციატივა, ან ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის უფრო მეტად ინფორმირება, ვიდრე ამას აკეთებს აქციის ორგანიზატორები, ან პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიმართაც მაინცდამაინც დიდი ნდობა მომიტინგეებს არ აქვთ.

„ჩვენ ვნახავთ, რომ, სავარაუდოდ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იქნება 15 თებერვალს და კიდევ უფრო დიდი მგონია18-ში. თუმცა ამ საპროტესტო პროცესში ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი. მრავარიცხოვნობა იქნება, მაგრამ ის, რომ ამით ხელისუფლება რამდენიმე ნაბიჯით მაინც უკან დაიხევს, ჯერჯერობით არ ჩანს.

„დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდი ასეთი ვითარება გაგრძელდება. საჭიროა ამ ადამიანების უფრო დეტალურად ინფორმირება იმისათვის, რომ ეს მუხტი არ დაიკარგოს. არ მგონია ასე მოხდეს, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი. რაღაც კარდინალურ ცვლილებებს არც 15 თებერვალს და არც 18-ში არ ველოდები.

„როდესაც არ არის უფრო ძლიერი არგუმენტი იმისა, რომ რაღაცნაირად მობილიზდეს საპროტესტო ელექტორატი, სიმბოლური თარიღების შერჩევა, როგორიც არის თუნდაც ეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე, ასეთი ტიპის ერთჯერადი აქციებისთვის გამართლებულია, რადგან ასეთ შემთხვევებში მოსახლეობა უფრო სენსიტიურია.

„თებერვალში და მარტში რუსთაველზე ათიათასობით ხალხს ვერ მიიყვან, ძალიან რთულია. ასეთ ვითარებაში ან რაღაც დიდი სიახლე უნდა მოხდეს, ან ასეთი რაღაც თარიღები უნდა შეირჩეს, ვინაიდან უფრო მეტი მობილიზებაა და ერთჯერად აქციებზე უფრო მეტი ადამიანი მივა. თუმცა, კიდევ უნდა ვთქვა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება რამენაირად ხელისუფლებას შეაჩერებს, რა თქმა უნდა, ასე არაა. არსებობს რაღაც თემები, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა და პირველ რიგში ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ მიმართულებით რამეს რეალურად აკეთებდნენ.

„რაღაც ახალი ეტაპი იწყება. გუშინ დაფუძნდა საზოგადოებრივი ასამბლეა. ნუ, იქაც არის კითხვის ნიშნები - რამდენად გააზრებული ჰქონდათ ამის ორგანიზატორებს და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს, რომ პროცესი კი არ წყდება, არამედ რაღაცნაირად სხვა სიბრტყეში გადადის, ძალიან სასიამოვნო და მისაღებ სიბრტყეში, რადგან ახალი ლიდერების და იდეების რაღაცნაირი დეფიციტი გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით ხელისუფლებაში, სადაც „ყვარყვარიზმი" ყვავის.

„ამ ვითარებაში ასეთი ინიციატივები ახალ იმედს აჩენს, რაც დღეს ჰაერივით სჭირდება საპროტესტო ტალღასაც და რასაკვირველია, პროტესტანტებსაც. ამიტომ, თუ ამ მიმართულებითაც რაღაც შეიცვლება და საზოგადოებაც უფრო აქტიური გახდება, ეს დამატებით იმპულსებს შესძენს ოპოზიციურ მოძრაობას", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციის „ბოლო გაფართხალებაა" და მალე დასრულდება.

„მე არაფერს ველოდები. სასიკვდილო აგონიაში მყოფ პარტიებს, „მეხუთე კოლონას" თავისი მამები - ბლინკენები, ბაიდენები დაეღუპათ და უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ხომ გაგიგიათ, „თევზი თავიდან ყარსო"? ლიბერალური ფაშიზმი აყროლდა და ყარს საქართველოშიც. ესენი ამ სიმყრალეს ბოლოს, 15-18 თებერვალს გამოიტანენ, იტინგიცებენ, იყვირებენ, იბღავლებენ და წავლენ მერე სახლებში. ეს ლიბერალური ფაშიზმი დასრულდა აშშ-ში და ასე მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერც ნიკა გვარამია აღუდგება წინ, ვერც ნიკა მელია და ვერც ვერავინ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე