თამთა ჩაჩანიძე
(08.02.2025)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს განუცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო" აღარ სურს „უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს, ერთის მხრივ, არსი პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის ცნობილ რეზოლუციზე. ხოლო მეორეს მხრივ კი გარემოებები მართლაც შეიცვალა, რადგანაც „ოცნება" ამ კანონის საერთოდ გაუქმებასა და მის ნაცვლად ამერიკული „ფარას" ანალოგის მიღებას გეგმავს. თუმცა, მეორე საკითხია, რომ ამის პარალელურად თავად აშშ-ში „ფარას" შერბილებაზე ალაპარაკდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აუქმებს ჯგუფს, რომელიც შიდა პოლიტიკაში უცხოურ გავლენას ებრძოდა „ფარას" ფარგლებში. ანალიტიკოსთა შეფასებით, აშშ-ში კანონი რჩება და „ქართულ ოცნებაც", სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის. პრემიერი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების" განცხადებას, უცნაურად დაემთხვა აშშ-ში „ფარას" კანონის შერბილების თაობაზე საუბარი, რაშიც, მისი აზრით, შესაძლოა, „დიფ სთეითის" ხელი ერიოს".

29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით" ცნო დათქმებით და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებოდა. ამ დათქმებს შორისაა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოწოდება.

ამის საპასუხოდ ასამბლეაზე „ქართული ოცნების" დელეგაციამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სტრასბურგიდანვე გამოაცხადა, რომ წყვეტენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას, რადგან „არაერთი დათქმა მიუღებელია", თუმცა ქვეყანა საბჭოს წევრად რჩება.

რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორმხრივი შეთანხმებით, გასული წლის 20 დეკემბერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს.

ბერსეს სამდივნოს ცნობით, მათ 20 იანვარს წერილი გაგზავნეს თბილისში სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით და ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

5 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ" ამერიკული „ფარას" ანალოგიური კანონის მიღება დააანონსა, რის შემდაგაც გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს.

„შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას" მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რაზე მიუთითებს კობახიძის უარი

ევროპის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო", საქართველოს მთავრობას აღარ სურს „უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

„გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკოსი ზაალ ნაჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთის მხრივ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე. ამასთან მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნას უბრალოდ აზრი ეკარგება, როცა „ოცნებამ" ამერიკული „ფარა" დააანონსა.

„გარკვეულწილად ეს არის საპასუხო ნაბიჯი. მეორე მხრივ კი შეცვლილი გარემოებები ნამდვილად არის, რადგან „ქართული ოცნება" აპირებს არსებული კანონის ნაცვლად თვისობრივად ახალი კანონი მიიღოს - „ფარას" ქართული ანალოგი. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შექმნას უბრალოდ აზრი ეკარგება.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ის ცნობილი რეზოლუცია რომც არ ყოფილიყო, თუკი „ქართულ ოცნებას" განზრახული ჰქონდა, რომ იმ ძველი კანონის ნაცვლად ახალი მიეღო, სამუშაო ჯგუფის შექმნას აზრი არ ჰქონდა. რა უნდა განეხილათ, „ფარას" ხომ არ განიხილავდნენ?!" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ საქართგველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ესაა პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციაზე, რომლის დათქმებიც „ოცნებისთვის" მიუღებელი იყო.

„ასამბლეამ ძალიან უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური რეზოლუცია მიიღო, რითიც საქართველოს ამუნათებენ, იმ ტყუილს და იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს ატირაჟირებენ, რაც საქართველოში რადიკალურ პარტიებს აქვთ. თუმცა, აქ კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, ესაა თვალსაჩინო თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტი - თუ ევრო ბიუროკრატებს არ აინტერესებდათ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნები არჩევნებზე, ახლა რატომ აინტერესებთ საქართველოს მონაწილეობა ე.წ. კონსულტაციებში შიდა კანონმდებლობის მიღების თვალსაზრისით? ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებენ - რა, ლეგიტიმაცია აღიარებულია ორმაგ სტანდარტიანი ევროკრატებისგან?

„საქართველო რას გააკეთებს ქართული ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობის თუ რეფორმირების თვალსაზრისით, ამაზე გარე აქტორების აზრს მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს იმ აქტორების აზრს, რომლებიც საქართველოს უსინდისოდ ამუნათებენ, აბულინგებენ და ათასგვარ ცილს სწამებენ.

„ერთ-ერთი შეცვლილი გარემოება ეს რეზოლუციაა და მეორე ისაა, რომ მსოფლიოში სუვერენული ქვეყნების ინტერესები და წონადობა გაცილებით გაიზარდა 20 იანვრის მერე და დასავლეთიდან თითის ქნევის პოლიტიკა მილევად რეჟიმში გადავიდა", - განაცხადა გია აბაშიძემ.

ვნებათაღელვა „ფარას" გამო ვაშინგტონსა და თბილისში

გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა მინისტრმა, პემ ბონდიმ თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღესვე გამოსცა დირექტივა, რომ შეწყდეს ფედერალური კანონის აღსრულების მხრივ გაწეული ძალისხმევა, რომლის მიზანიც ჩინეთის, რუსეთისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ში გავლენის მოპოვების საიდუმლო კამპანიებთან ბრძოლას გულისხმობს. შედეგად, ტრამპის ადმინისტრაცია გააუქმებს ჯგუფს, რომელიც აშშ-ის პოლიტიკაში „ფარას" დარღვევებს იძიებდა და უცხოურ გავლენას ებრძოდა.

დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი ამიერიდან „ფარას" ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ „სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობების პირები სჩადიან".

პრემიერ კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" განცხადებას უცნაურად დაემთხვა აშშ-ში „ფარას" კანონის შერბილების თაობაზე საუბარი, რაშიც, კობახიძის აზრით, შესაძლოა, „დიფ სთეითის" ხელი ერიოს".

„შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას" რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და მათ შორის, იმ მოვლენების ფონზე, რაც აშშ-ში განვითარდა, „ფარას" „კოპირების" გადაწყვეტილება მივიღეთ.

„ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს - აშშ-ში გაკეთდა განცხადებები „ფარას" შერბილების თაობაზე. მეორე, რაც ამ ყველაფერს ემატება: ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს,რადგან მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იმავე კანონის გამო. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში „ფარას" კანონის შერბილებაზე საუბარს და აქ შეიძლება, „დიფ სთეითის" ხელი ერიოს. ამას მომავალი გვიჩვენებს.

„რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა იყო. ამ 4 მცდელობაში ჩართული იყვნენ უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები". ამას, რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღება სჭირდება.

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი განკუთვნილია იმისთვის, რომ საქართველოში, ვეღარავინ სცადოს „ენჯეოებისა" და უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, „ენჯეოების" მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე", - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში „ფარა" არ გაუუქმებიათ და „ოცნებაც", დიდი ალბათობით, არ შეცვლის პოზიციას.

„შეერთებულ შტატებში კანონი „ფარა", როგორც ასეთი, არავის არ გაუუქმებია, გაუქმდა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული ამოცანებით იყო დაკავებული, კანონი როგორც იყო, ისევ ისე არსებობს.

„კრიტიკა უკვე დაიწყო და უკვე წამოვიდა შედარებები, რომ „ფარა" იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც „ქართული ოცნება" ცდილობს აამუშაოს, საქართველოში ვერ იმუშავებს და დაიწყო რაღაც პარალელების გავლება.

„ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, უზარმაზარ სტატიას აქვეყნებს, სადაც მისეული ხედვაა წარმოდგენილი, თუ რა განსხვავებები იქნება ამერიკულ „ფარას" და მის ქართულ ვარიანტს შორის. რომ წავიკითხე, ეს ბევრად უფრო სუბიექტივისტური მიდგომაა და ამ ყველაფრის პოლიტიზაციას ცდილობენ - თითქოს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მტრებს ეძებს და ა.შ.

„ჩემთვისაც ბოლომდე არაა მოტივაცია გასაგები, თუ რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ „ფარას" ქართული ტყუპისცალის შემოღება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შედარებით რბილი იყო და სრული ძალით რომ ამოქმედებულიყო (როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერ არც ამოქმედებულა), ის უზრუნველყოფდა უცხოური დახმარების მიმღებთა ხარჯების გამჭვირვალიბას. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და რა შეიცვალა, ეს ალბათ „ქართული ოცნების" ლიდერებს უნდა ვკითხოთ.

„ქართულ ოცნებას" უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ, რიგით მოქალაქეებს და როგორც ჩანს, რადგანაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი რუსულად მოინათლა, ჩათვალეს, რომ „ფარას" ზუსტ ქართულ ვერსიას რუსულად ვეღარ მონათლავენ. თუმცა, როგორც ვხედავ, არის მცდელობები, რომ მაინც მონათლონ „ფარას" ქართული ანალოგი რუსულად. 2023 წელს ორი ვერსია იყო წარმოდგენილი - „უცხოური აგენტების შესახებ" და მეორე „ფარას" ქართული თარგმანი, მაგრამ ამერიკელებმა და ევროპელებმა ორივეს „რუსული კანონი" დაარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი სიტყვასიტყვით იმეორებდა ამერიკულ „ფარას". თუმცაღა, ჩაითვალა, რომ საქართველოში არ იყო საკმარისად დემოკრატიული გარემო, ისეთი, როგორიც აშშ-შია, რომ ეს კანონი ამოქმედებულიყო.

„გასაგებია მიზანი და მარტივად იკითხება - სურთ, ამ კანონის მიღებისთვის ხელის შეშლით სამოქალაქო სექტორი გადაარჩინონ, რომელსაც თავის საყრდენად მიიჩნევენ. მათი საყრდენი რომაა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლოდროინდელი პროცესების დროს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ „ოცნება" „ფარას" ანალოგს მაინც მიიღებს, რომელიც არსებულ კანონს ჩაანაცვლებს.

„ქართული ოცნება" მაინც მიიღებს და „ფარას" კანონი ჩაენაცვლება არსებულ ქართულ კანონს. საქართველოს ხელისუფლება იმ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც უწინარესია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის. რასაკვირველია, სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსაც აკვირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ყველაფერი ავტომატურად გაიმეოროს საკუთარი ინტერესების დასაზიანებლად.

„ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს ხალხის არჩევანიდან გამომდინარე და კეთდება ის, რაც გასაკეთებელია ქვეყნის განვითარებისა და დაცვისთვის. მაგალითად, აშშ-მა და უნგრეთმა დაასანქცირეს და უაღრესად კრიტიკული მოსაზრებები გამოხატეს ჰააგის სასამართლოს მისამართით.

„ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით ტრამპის ადმინისტრაცია აუქმებს თუ არა ამ კანონს. ოფიციალური განცხადებები და გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მისაღებია. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით რადიკალურ ოპოზიციას, მათ აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს რევანშისტული ელემენტები საქართველოს სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ არიან ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონმდებლობა, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა თუ სხვა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე