თამთა ჩაჩანიძე
(07.02.2025)

„ქართული ოცნება" ერთის მხრივ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას მანდატების გაუქმებით ემუქრება, მეორეს მხრივ კი ორ ადგილს სთავაზობს 2003-2012 წლების „ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების საპარლამენტო კომისიაში. რას ცდილობს ამით მმართველი პარტია და როგორ უპასუხებს ამას „გახარია საქართველოსთვის"?

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, გახარია ამ პრინციპით მიდის, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება მის აღიარებას ნიშნავს. კონფლიქტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ ის პარლამენტში არ შევა. მისი თქმით, საზოგადოებაში მესამე ძალის მოთხოვნილება არის და მესამე ძალის შთაბეჭდილებას თანდათან გახარია ტოვებს, „ოცნებას" კი ეს ესმის და ამიტომ მის დისკრედიტაციას ცდილობს.

საპარალამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდს, სავარაუდოდ, მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მანდატები ავტომატურად შეუწყდებათ. მისივე თქმით, თუ იქამდე ისინი განცხადებას შეიტანენ პარლამენტში მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა „მყისიერად დაუკმაყოფილებს".

ოპოზიციაში კი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ეჭვები ძლიერდება. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „გახარია მანდატს ებღაუჭება, მას ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დაუდგება, ვნახავთ მათ რეალურ სახეს - არიან ხალხისა და ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას" არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებენ".

„ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ჩნდება ეჭვები და კითხვები „ოცნებისთვის" ფარულ ხელშეწყობაზე. გახარიამ კი „სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დროის გაწელვა იმუნიტეტისა და დაფინანსების გამო არასამართლიანია".

თან მუქარა, თან - შეთავაზება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ გახარიას პარტიას მანდატები შეუწყდებათ.

„ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი - თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე - თუ განცხადებას დაწერენ. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც - „ნაციონალური მოძრაობის" ამ ბოლო წარმომადგენლობასაც - საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები", - განაცხადა კობახიძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით კი, კომიტეტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კვოტები განსაზღვრა. კომისია სულ ათი წევრისგან დაკომპლექტდა. მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, გიორგი გახარიას პარტიიდან ორ დეპუტატს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში.

„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რეგლამენტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ევალება კვოტების განსაზღვრა და ეს გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იყო მიღებული.

„დროებითი საგამოძიებო კომისია ათი წევრისგან დაკომპლექტდა. 5 ადგილი ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას", 2 - „ხალხის ძალას", 1 - პოლიტიკურ ჯგუფს, „ევროპელ სოციალისტებს" და 2 ადგილი იქნება დარჩენილი ვაკანტური, რომელიც შეივსება მას შემდეგ, რაც უფრაქციო დეპუტატები, ანუ გახარიას პარტია თუ გაამართლებს საკუთარი ამომრჩევლის ნდობას, პარლამენტში შემოვა და ამ ადგილს აითვისებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რას ცდილობს „ოცნება"

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" გახარიას დისკრედიტაციას ცდილობს.

„ძნელი სათქმელია რას ცდილობს „ოცნება". მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომელიც არაფერს არ ეფუძნება - გახარიას დისკრედიტაცია უნდა. აშკარად უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ გახარია არ არის არც „ნაცმოძრაობის" და არც „ქართული ოცნების", ანუ არის ხალხი, ვისაც ამის არ სჯერა, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სჯერა და გახარია ამ ხალხზე მუშაობს.

„აშკარად მესამე ძალაზე მოთხოვნილება ხალხში პოპულარულია. ადგილობრივი არჩევნები მოდის. გახარიას უარი არ უთქვამს და იმედია ის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამ ფონზე მას მაღალი შანსები აქვს, რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს ადგილობრივ არჩევნებზე, თუ სხვებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" „ნაცმოძრაობას" აკრძალავს, კომისია იმიტომ შექმნეს, რომ „ნაცმოძრაობამ" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, რათა სხვებმაც ბოიკოტი გამოუცხადონ.

„ზოგადად, ადგილობრივი არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია. საპარლამენტო არჩევნებში ერთ კრებას ვირჩევთ და საკრებულოების არჩევნებზე კი - ყველა რაიონში. ამ ფონზე გახარია ალბათ ხედავს პერსპეტივას, რომ არჩევნებში მიიღოს მინაწილეობა. ეს ესმის კობახიძესაც და მის დისკრედიტაციას მაქსიმალურად ცდილობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გახარია ალბათ პარლამეტში არ შევა, თუმცა არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ან ყველა უნდა შესულიყო, ან არავინ, მაგრამ გახარია იმ პრინციპით მიდის, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ახდენს, ანუ როდესაც დაწერ განცხადებას, რომ „პარლამენტის თავმჯდომარევ, გთხოვ, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შემიწყვიტო", შენ თვითონ აღიარებ ამ პარლამენტს და გახარია ამაზე არ მიდის. ეს აშკარად თვალში საცემია და ბევრს მოსწინს, რომ ლეგიტიმაციაზე არ მიდის, კანონი კი კობახიძეს აიძულებს, რომ მანდატები გაუუქმოს, როცა ეს ხალხი პარლამენტში სიარულს შეწყვეტს და ვადები გავა. ალბათ ეს მარტის ბოლოს მოუწევს. მარტის ბოლოს რა თქმა უნდა გახარიას ხალხი პარლამენტში ვერ იქნება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე