საპარლამენტო მანდატების გაუქმების პარალელურად, ოპოზიცია კვლავ გერთიანებაზე ალაპარაკდა. მათი ნაწილი კი იმ ჩავარდნებზე საუბრობს, რის გამოც ბარიერგადალახული პოლიტიკური პლატფორმები არსებულ სიტუაციასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ „კარდინალური ცვლილებების დროა და რაღაც ახალია მოსაფიქრებელი".ამაზე დიდი დისკუსია აქვს ოპოზიციური ელექტორატს სოცქსელებში და ანალიტიკოსებიც გარვეულ კონფიგურაციებზე მსჯელობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გამოსავალი არ არის.
„რაშია გამოსავალი? ალბათ ოპოზიციამ უნდა შეისწავლოს მარცხის მიზეზი რა არის. 12 წელია მარცხდებიან ისე, რომ არცერთხელ არ უთქვამს - ჩვენ დავმარცხდით ამიტომ და ამიტომო",- განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას.
„სიახლე აუცილებელია. შესაქმნელია ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა. ეს შეიძლება იყოს ახალი ძალა, რომელიც ახალ ადამიანებსაც მოიყვანს და იქიდან შეიძლება იყვნენ ძველი პოლიტიკოსებიც, რომლებიც პოლიტიკაში არიან. თუმცა, არსებული პარტიებით ეს შეუძლებელია. ახალია გასაკეთებელი და სასურველია სალომე ზურაბიშვილი იყოს ამის სათავეში", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა.
რას აცხადებენ ოპოზიციაში
„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელია დიდი გაერთიანება უნდა ჩამოყალიბდეს.
„ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად უნდა დავსხდეთ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც, სამწუხაროდ, ერთი თვეა, კომუნიკაცია არ მქონია. მქონდა კიდეც მის გარემოცვასთან საუბარი, საერთო ჩათიც გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს. მუდმივად ვიწერები - შევიკრიბოთ, დავსხდეთ, უნდა ვიმუშაოთ. ადამიანებმა აზრი ხომ უნდა გავცვალოთ ერთმანეთში?
„გახარიასთან ღრმა თანამშრომლობა რომ არ გამოდის, ეს შემდგარი ფაქტია. არ უნდა ამ კაცს და რა გავაკეთოთ? საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, სწორია თუ მტყუანია. ჩემი აზრით, მისი პოზიცია არასწორია. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა.
„ვერ ვხედავ დიდი ნაწილისგან სურვილს, რომ ეს ბარიერები რაღაცნაირად გადავლახოთ. ეს უნდა გადავლახოთ. ეს თუ არ გადავლახეთ ამ მოკლე ვადაში, ვერ დავამარცხებთ იქითა მხარეს, რადგან ისინი სარგებლობენ ამით. რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ. არა ის, რომ ახალი პარტიები გააკეთეთ... რა ახალი პარტია? ოღონდ ვინმემ ახალი პარტია გააკეთოს და ეს სიტუაცია შეცვალოს, მე მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ არ გამოვა ეს. გამოვა მხოლოდ ტოტალური ერთიანობა, ამის უკვე შეეშინდება იქითა მხარეს", - განაცხადა ვაშაძემ.
„ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია იმ პრობლემებზე წერს, რასაც ოპოზიცია ვერ უმკლავდება და მიაჩნია, რომ კარდინალური ცვლილებების დროა.
„ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი:
„1. რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა ენჯეოების, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა - რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც
„2. დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსიობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია)
„3. პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან
„4. ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ 1 თვეა
„5. პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არაა სწორი მათგან შეუძლებლის მოთხოვნა და, განსაკუთებით, განტევების ვაცის ძერწვა. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა
„6. კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს.
„7. ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის.
„8. გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს.
„9. კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ
ახალი", - წერს გვარამია.
„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, ვაშაძის მსგავსად, ახალი გაერთიანების მომხრეა.
„პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს!
„ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან.
„ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული, პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია!
„ინტერპარტიულ დონეზე პირველი გამარჯვება უკვე გვაქვს - ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან და სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობა. ერთობლივი მუშაობის ეს წარმატებული მაგალითი უნდა გავავრცელოთ ყველა მიმართულებით!
„მხოლოდ ეს მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, რისიც ასე ეშინია ივანიშვილის რუსულ მთავრობას!
„ოლიგარქის კრიმინალური რეჟიმი უნდა დასრულდეს მის ყველა მსახურთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ასაზრდოებენ!
„საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ბელარუსი! ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ გახარიას გუნდი ოპოზიციის გაერთიანებას ხელს არ უშლის, თუმცა პარტიას განხვავებული ხედვა აქვს.
„(ოპოზიციის ერთიანობას) ხელს არ უშლის გახარიას გუნდი. ჩვენ გვაქვს განსხვავებები პოლიტიკური პარტიებისგან და ეს სიახლე არ არის, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაზე". ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა ამ კრიზისთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებში ერთიანები ვართ. საგარეო ასპარეზზე აქტიურად ვმუშაობთ და აქ განსხვავებები არ არის, როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, მაგრამ ის, რომ ჩვენი ტაქტიკა არის განსხვავებულო ისევე, როგორც ჩვენი რიტორიკა, იმ საერთო მიზნისთვის, რომლის გარშემოც სახალხო პროტესტი მიმდინარეობს ორ თვეზე მეტია, ესეც სიახლეს არ წარმოადგენს. დღეს მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს და მას გონივრულად დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ საერთო მიზანი დადგეს", - განაცხადა აქუბარდიამ „პალიტრანიუსთან".
გარდა ამისა, აქუბარდია გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ერთიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ „ერთობა ერთ სურათში ერთად დგომას და მაინც და მაინც ერთნაირი ნაბიჯების გადადგმას არ ნიშნავს".
გაერთიანება ერთმანეთს შორის, თუ ახალ ლიდერებთან
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანება გამოსავალი არაა და შეიძლება ამომრჩეველი დაკარგოს კიდეც ასეთმა ერთობამ.
„გაერთიანება-არგაერთიანების საკითხი არაერთხელ დაისვა, მათ შორის წინასაარჩევნოდაც. გაერთიანება, სავარაუდოდ, გამოსავალი არაა. თუნდაც ახლახან ვნახეთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი გახარიას დაუპირისპირდა. სავარაუდო ისიცაა, რომ, მაგალითად, გახარიას და გვარამიას ამომრჩეველი შეიძლება სრულიად სხვადასხვა ხალხი იყოს და თუკი გაერთიანდებიან, საკითხავია ეს სხვადასხვა ხალხი რას გადაწყვეტს. შეიძლება ერთ-ერთის მხარდამჭერებმა მეორე პარტიის გამო ხმა არ მისცენ ამ გაერთიანებას და საერთოდ დაიკარგოს ეს ამომრჩეველი.
„პოლიტიკური ბრძოლის არითმეტიკაა, რომ ლიდერების ერთმანეთთან კავშირი ამომრჩევლების კავშირს არ ნიშნავს. რაშია გამოსავალი? ალბათ ოპოზიციამ უნდა შეისწავლოს მარცხის მიზეზი რა არის. 12 წელია მარცხდებიან ისე, რომ ერთხელაც არ უთქვამს - ჩვენ დავმარცხდით ამიტომ და ამიტომო. ანუ, უარს ამბობენ თავისი მარცხის მიზეზების გარკვევაზე და სანამ თავიანთ მარცხს თვალს არ გაუსწორებენ, იქამდე მარცხში იქნებიან. ვხედავთ, რომ სულ აქვთ სურვილი, რომ აი, გავიმარჯვეთ და ა.შ. ანდაზაა ასეთი - რომ გადახტომამდე „ჰოპ"-ს ნუ დაიძახებო და ესენი სულ „ჰოპ"-ს იძახიან.
„მემგონი ეს სტერეოტიპი ისევ იმ სიბრძნიდან აქვთ აღებული, რომ „ძალა ერთობაშია", ჰგონიათ, რომ გაერთიანებით უფრო მეტი ძალა ექნებათ.
„გაერთიანებაზე საუბრები მანდატების გაუქმების პარალელურად რომ დაიწყო, ეს იმის ნიშანია, რომ მანდატების გაუქმებას კრიზისად და დამარცხებად აღიქვამენ", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ოპოზიციამ, ერთის მხრივ, სტრატეგიულ პარტნიორებთან იმუშაოს, მეორეს მხრივ კი შიგნით, პროტესტიდან წამოსული ახალი და ძველი პოლიტიკური აქტორების „სიმბიოზი მოხერხდეს".
„არსებული ოპოზიცია გინდა ყველა ერთად გაერთიანდეს, გინდა არა, არსებით ცვლილებას ეს ვერ გამოიწვევს. ალბათ უფრო თუ მოხერხდება რამე არსებული ოპოზიციურისა და ახალი სახალხო პროტესტიდან წამოსული ლიდერების მათი რაღაც სიმბიოზი, ეს ახალ სტიმულს მისცემს საპროტესტო მოძრაობას.
„არსებული ოპოზიციური პარტიებიდან მათ რაც შეუძლიათ ისაა, რომ უფრო საზღვარგარეთ იმოქმედონ ეფექტურად. ანუ ლობირება გასწიონ, რომ იგივე ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილზე მეტი ზეწოლა მოახდინოს და ამასთან, რაც მთავარია, ნაკლებად აგინონ ერთმანეთს.
„მე საერთოდ მანდატების ამბავი არასოდეს არ მიმაჩნდა მნიშვნელოვნად. ვინმე პარლამენტიდან გამოვიდეს-არ გამოვიდეს, ეს არის ძალიან პრიმიტიული ეჭვიანობა, რომ ვინმე ხომ არ შეეკვრება ხელისუფლებას. ასე თუ უყურე, მაშინ ვერანაირი მექანიზმი ვერ დაგიცავს. თუ არ შევა პარლამენტში, ისე ვერ შეეკვრება, თუ რა?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რა შეიძლება იყოს ის „რაღაც ახალი", რაც ოპოზიციას ჩიხიდან გამოიყვანს
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციისათვის გამოსავალია ახალი პერსონები და ახალი ლიდერები.
„რაღაც ახალი" ერთხანს გირჩმა ჯაფარიძემ მოიფიქრა და ადმინისტრაციულ საზღვარზე შარვალი ჩაიხადა. ეს ნამდვილად ახალი იყო. არის სიახლის მერე მხარე, ანუ ახალი ჯგუფი, ახალი ლიდერები, ახალი პერსონები", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად გაამართლებს უკვე არსებულმა ლიდერებმა ახალი სრტრატეგია რომ შეიმუშაონ, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„მართო ერთ შემთხვევაში შეიძლება გაამართლოს - თუკი ეს ჯგუფები გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სააკაშვილს ვემიჯნებითო. თუკი იტყვიან - ჩვენ ვთვლით, რომ რაც 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, შეცდომა იყო - მაშინ შეიძლება მოსახლეობის პოზიცია ცოტა დადებითისკენ შეიცვალოს, თორემ ამ ჯგუფების მიმართ 12 წლის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულბა განპირობებულია იმით, რომ ის 9 წელი არ გაუკრიტიკებიათ. ამიტომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, გაიმეორებენ იმას, რაც იმ 9 წლის განმავლობაში იყო და ამიტომაც არ უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
„დღევანდელობის მიხედვით პოლიტიკური ოპოზიცია მარტო იმიტომაა, რომ ივანიშვილი გააგდოს, სხვა მოტივი არ ჩანს. ეტყობა მაგ მიზანს ხალხი არ ეთანხმება, ამიტომ ამაზეც დაფიქრება მოუწევთ - ამ ხალხთან აქვთ თუ არა სწორი შეთავაზება სტრატეგიასთან დაკავშირებით", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიახლე აუცილებელია.
„ჩვენი სიტუაცია არაა დამოკიდებული მარტო ჩვენზე, ასევე არაა დამოკიდებული მარტო საზღვარგარეთზე, ეს ერთობლივი ამბავია. მნიშვნელოვანია გარე ფაქტორი და გარე ფაქტორს დიდწილად განსაზღვრავს შიდა ფაქტორიც, ანუ რაც ქვეყანაში ხდება.
„განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორია. აქ სიახლე აუცილებელია და ამას ყველა ხვდება. შესაქმნელია ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს ახალი ძალა, რომელიც ახალ ადამიანებსაც მოიყვანს და იქიდან შეიძლება იყვნენ ძველი პოლიტიკოსებიც, რომლებიც პოლიტიკაში არიან, თუმცა არსებული პარტიებით ეს შეუძლებელია. ახალია გასაკეთებელი და სასურველია სალომე ზურაბიშვილი იყოს ამის სათავეში", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე