პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის მხრიდან საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. პირველ რიგში მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერის გამო საყვედურობენ. გარდა ამისა, ოპოზიციაში საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ არ მოითხოვა თავისი საპარლამენტო მანდატების გაუქმება და პრაქტიკულად ღიად საუბრობენ მასსა და „ქართულ ოცნებას" შორის შესაძლო გარიგებაზე.
ამ თემაზე მმართველ პარტიასა და „გახარია საქართველოსთვის" შორის პოლიტიკურ ვაჭრობას არც ანალიტიკოსთა ნაწილი გამორიცხავს. როგორც „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, „ამაში განსაკუთრებულიც არაფერია".
5 თებერვალს პარლამენტმა გააუქმა იმ ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტების მანდატები, ვისაც შესაბამისი განცხადება ჰქონდა დაწერილი: „კოალიცია ცვლილებებისთვის" - 19 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16 და „ძლიერი საქართველო" - 14. ცნობისათვის, თავად „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავს.
ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი წარწერით: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია".
ცოტა ხნის შემდეგ, ამის საპასუხოდ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" გამოაქვეყნა თავისი ბანერი, სადაც „ოცნების" ბანერსა და წარწერას დამატებული ჰქონდა მმართველი პარტიის ლიდერთა ფოტოები და ახალი წარწერა - „დარჩენილია 89 ნაცი".
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გახარიას გადაწყვეტილება პარლამენტში დარჩენასა და ამ ბანერის გამოქვეყნებაშიც მკაფიოდ ასახავს, რომ ის „ოცნების" პროპაგანდის კვებასა და ოპოზიციის ფრაგმენტაციას ცდილობს.
„ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაძარაძე, გახარიას ქმედებას „შეგნებულ თავდასხმას" უწოდებს და იმედოვნებს, რომ საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების" ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს" წინააღმდეგ. მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით...".
გახარიას გადაწყვეტილება გამოეხმაურა ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავაც.
„გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის, წარუმატებლობის შემთხვევაში, ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით. მორალური პედესტალიდან რომ საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსენები. მართლა ჰგონია გახარიას, რომ საზოგადოება არგუმენტულად მიიღებს, რომ მას ეს მანდატი იმუნიტესტისთვის სჭირდება?" - განაცხადა ბოკუჩავამ.
რატომ აქვს პრონციპული მნიშნელობა გახარიას მანდატებს
5 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტში ოფიციალურად 101 დეპუტატი რჩება. აქედან 12 სწორედ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტში თუნდაც ფორმალურად დარჩენით, გახარიას პარტია პირველ რიგში „ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ეს პარლამენტს ისეთი საკანონმდებლო აქტივობების საშუალებასაც აძლევს, რასაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 მესამედი - ანუ, 100 დეპუტატი სჭირდება.
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გახარიას გადაწყვეტილებას საეჭვოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ეს მიზანმიმართულად, მმართველ პარტიასთან სავაჭროდ არის გაკეთებული.
„ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება. რამდენი ხანია ოპოზიციას არ ვაკრიტიკებ, მიმაჩნია, რომ სამიზნეები უნდა გავასწოროთ, ახლა ერთმანეთზე თავდასხმების დრო არ არის, მაგრამ ეს გახარიამ უნდა ახსნას, რას ნიშნავს ეს ამბავი. მე არგუმენტები ვერ მოვისმინე, სიტუაციიდან გამოძრომის საშუალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ არგუმენტს, არადა არგუმენტების ჩამოყალიბება გახარიას ეხერხება. ფაქტია, რომ 49 დეპუტატს გაუუქმეს და სხვებს არა. კარგი იქნებოდა, რომ 100-ზე ნაკლები დეპუტატი ყოფილიყო, რადგან ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება თვითონ პარლამენტს.
„ასეთ რაღაცას ჰაერში, რომ დაკიდებ ე.ი. ტყუილ უბრალოდ არა. ალბათ, შესაძლო ვაჭრობისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს. ქვეყანას ვკარგავთ. „ქართულ ოცნებას" უნდა, დიქტატურა დაამყაროს. დღეს, რაც დააინიცირეს, ვიღაც მდინარაძეს თუ შეაგინებ დაგიჭერენ, მედიისთვის ცენზურის დაწესება - ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში კიდევ პრანჭვა და ცალკე დგომა ჩემთვის აუხსნელია. ამ დროს, ვინც ოპოზიციაშია და ყველა, ვინც კრიტიკულად მოაზროვნეა ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა ელისაშვილმა.
თავად პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრები აღნიშნავენ, რომ „გუნდი მუშაობს, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად არ იყოს ცნობილი."
„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით იურიდიულ ურთიერთობებში შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტთან; არ ვაპირებთ ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში ბერკეტი. გადაწყვიტოს, ვიყოთ თუ არა ე.წ. პარლამენტის წევრები, ვსაუბრობთ მანდატებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, რაღაც „ქარდებზე". ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის ჩახშობას ცდილობენ" - განაცხადა ჟურნალიტებთან „გახარია საქართველოსთვის" წევრმა ტატა ხვედელიანმა.
„ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ დავწეროთ განცხადება. თუ უნდათ მანდატების შეჩერება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„ოცნების" პოზიცია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექსპრემიერის პარტიისათვის მანდატების გაუქმება მხოლოდ მისასალმებელია და იმაზე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს.
„ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი: თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე: თუ განცხადებას დაწერენ. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც - „ნაციონალური მოძრაობის" ამ ბოლო წარმომადგენლობასაც - საქართველოს პარლამენტში, შეუწყდეს მანდატები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე კი ამბობს, რომ გახარიას მიზანი პოლიტიკურ ველზე დარჩენაა.
„შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ, სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეს. როდესაც ოპოზიცია ხარ და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაგიჭირა, რათა მათი ხმა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს. ალბათ, მას აქვს სურვილი, ოპოზიციაში დარჩეს და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.
„ხომ გახსოვთ, გახარია მელიას გამო გადადგა. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
რამდენად გამართლებულია გახარიას პოზიცია
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავსებით შესაძლებელია „ოცნებასა" და გახარიას შორის „პოლიტიკური ვაჭრობა" მიმდინარეობდეს. გახარიას პოლიტიკურ სვლას კი - არ გააუქმოს თავისი საპარლამენტო მანდატები - სწორად მიიჩნევს.
„აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გახარიასა და „ოცნებას" შორის პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობდეს. თუმცა, რის სანაცვლოდ შეიძლება შესულიყო გახარია პარლამენტში, რა მოგახსენოთ, მე დაზუსტებით ვერფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ივაჭრებენ ერთმანეთში და ამაში განსაკუთრებულიც არაფერია.
„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ სვლასა და ოპოზიციის შეფასებებს, წარმოვიდგინოთ, რომ არის ორთაბრძოლა, რინგზე ერთ-ერთი მხარე შემოვიდა, მაგრამ თქვა, რომ არ ვაღიარებ ჩემს მეტოქესო და გავა რინგიდან. ვინ გაიმარჯვებს? რა თქმა უნდა, ის, ვინც რინგზე დარჩება. ასე სჭირთ დღეს ოპოზიციურ პარტიებსაც.
„ცხადია, ოპოზიცია უნდა დარჩენილიყო რინგზე და მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ამ ლოგიკით გადადგა გახარიამაც ეს ნაბიჯი და „გაბუტული ოპოზიციონერები" რომ უკიჟინებენ - ჩვენს მსგავსად რატომ არ იქცევიო - აბსურდია. არ მგონია, ამ ქმედებაში ლოგიკა იყოს, არც ფორმალური და არც ისტორიული. ბევრი პარტია ვიცით, გაგულისებული ბოიკოტით წარსულშივე რომ დარჩნენ.
„ცალსახად, შესაძლებელია ამ პროცესებით საერთაშორისო პარტნიორები აღშფოთდნენ, მაგრამ, არ მგონია ისე აღშფოთდნენ, აქამდე რომ არ აღშფოთებულან. მემგონი „ოცნებას" უკვე ნაკლებად ექნება ამ აღშფოთებების მიმართ რეაქცია, სერიოზულადაც არ აღიქვამს", - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე უკვე თავად ოპოზიცია აღარაა დაინტერესებული საპროტესტო აქციების გაგრძელებით.
„საქართველოში მიმდინარე ოპოზიციური მომენტები არაა მხოლოდ ქართული, ის გარედან არის მართული. ამას თქვენთან პირველად ვამბობ, ოპოზიცია უკვე აღარ არის იმდენად დაინტერესებული ქუჩაში დარჩენით. იძახიან პროტესტიო, მაგრამ აღარ არიან დაინტერესებული. არ მგონია, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება ან მუხტი გაიზრდება, ამის არც რესურსი აქვთ და არც მიზეზი", - აღნიშნა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე