თამთა ჩაჩანიძე
(31.01.2025)

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს დროებით გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან "ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება", რადგან ეს არის "ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი" და წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას. ანალიტიკურ წრეებში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

„ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. როგორც თავად აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება დროებითია და საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად. მიზეზი 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია გახდა, რომელშიც ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ გარკვეული დათქმებით სცნო და ამ დათქმების შესრულების ვადად აპრილი განსაზღვრა.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს საქართველოში შეიქმნას ახალი არჩევნების ჩატარების პირობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაჩქარდეს საჭირო რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე იზიარებს კობახიძის მოსაზრებას, "რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველო ევროსაბჭოდან არ გამოდის, აჩერებს მუშაობას გარკვეული დროით, რაც განსაკუთრებული დანაკლისი არაა.

"საქართველო ევროპის საბჭოდან არ გამოდის, მაგრამ იმ საპარლამენტო ასამბლეიდან, რომელიც ჩვენს ერთგვარ არამკითხე მასწავლებლად იქცა, უარგუმენტოდ და უსინდისოდ საქართველოს ამუნათებენ, იქ საქართველოს არაფერი ესაქმება. საქართველოს დელეგაციას არ სჭირდება რაღაც თანამდებობები, სამონიტორო საქმიანიბაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში, თუ რეპორტების წერა.

"როდესაც პოლიტიკურად ატროფირებული ასამბლეა სუვერენული ქვეყნის ინტერესებს მუდმივად თავს ესხმის და არგუმენტად არაფერი მოაქვს, გარდა რადიკალების მონაჭორისა, მათთან შემდგომი თანამშრომლობა შეუძლებელია. როგორ უნდა ითანამშრომლო იმ ასამბლეასთან (ასამბლეასთან და არა ევროპის საბჭოსთან), საიდანაც შეძახილები ისმის, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს მათი ჩარევით უნდა მოხდეს ამა თუ იმ კანონის მიღება, ეს კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოსთვის.

"სანამ ეს უმსგავსო დამუნათება გაგრძელდება, რომელიც მილევადია, მანამდე საქართველოს დელეგაცია განზე იდგება ასამბლეის მუშაობიდან. ამ საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის წვერია 46 ქვეყანა და სტრასბურგის შეკრებებისას 300-ზე მეტი დეპუტატია, საქართველოს სამარცხვინო რეზოლუციას სულ რაღაც 130-ზე მეტმა წევრმა მისცა ხმა, აქაც კი გამოჩნდა ზელენსკის ავაზაკი გუნდის ანტიქართული გამოხტომა, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ფარატინა ვითომ დასასჯელი რეზოლუცია მიიღეს.

"ქართული სახელმწიფო ამასაც გადაიტანს და არანაირი ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა არ იქნება, როგორც ამას მავნე პროპაგანდისტები ავრცელებენ შინ თუ გარეთ. თანმიმდევრული მშვიდობიანი წინსვლა და განვითარება გრძელდება, ველოდებით, როცა ბრიუსელსა თუ სტრასბურგში ევროკრატების მადა დაცხრება. მით უმეტეს, როცა გლობალური დღის წესრიგი კარდინალურად შეცვლილია 20 იანვრის მერე, ვაშინგტონიდან მონაბერი ცვლილებები გათავხედებულ ევროკრატებს ძალიან შეეხებათ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აშშ-ევროპის ურთიერთობაში, სადაც ასევე თავხედობენ და ცხვირს ყოფენ.

"სჯობს მოთმენა, წინსვლა და ყურის დახშობა უსაგნო კრიტიკაზე, მაგრამ იმაზე პასუხი, რომ უსინდისოდ თითი გვიქნიონ და როტაციები გვიკითხონ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი ესაქმებათ დამოუკიდებელი საქართველოს საქმეებში, მათთვის პასუხი ხისტად, მაგრამ დიპლომატიურად ყოველთვის გაგრძელდება. პროცესი მილევადია, დამშვიდდება, დაწყნარდება და მერე ძალიან მაინტერესებს, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნების, თუ სხვა დედაქალაქებიდან ის პოლიტიკოსები სახეს როგორ შეინარჩუნებენ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში უნამუსოდ ერევიან",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, რადგან მუშაობის შეჩერებაც მიშნავს, რომ საქართველო დე ფაქტოდ ვერ იქნება ევროპსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი.

"ეს დიდი დანაკლისია, რადგან საქართველო დე ფაქტოდ ვერ იქნება ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომელი წევრობაც 1998 წლის 27 აპრილს მივიღეთ და რიგით 41-ე ქვეყანა ვართ და იმ დროს ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში და მასობრივი კორუფციის პირობებშიც კი, საქართველო უფრო მეტად აკმაყოფილებდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს, ვიდრე დღეს "ოცნების" პირობებში.

"თუ საქართველოს დელეგაცია მუშაობას გააგრძელდებდა, ყოველ სესიაზე კრიტიკის ქარცეცხლში გატარდებოდა, რაც "ოცნებას" არ აწყობდა, ამას ურჩევნიათ მონაწილეობა არ მიიღინ და ხალხს დააჯერონ, რომ ეს დანაკლისი არაა. მით უმეტეს მათ ულტიმატუმი წაუყენეს, რომ აპრილამდე ნაბიჯები გადადგან. აპრილის მერე რა იქნება არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, რომ როგორც რუსეთი გააძევეს ევროსაბჭოდან, ისე გამოგვაძეონ, ისედაც საქართველო დეფაქტოდ წევრი აღარაა.

"ოცნებისგან" დასავლურ სტრუქტურებში მსგავსი ტიპის დაპაუზებები მოსალოდნელია, მათ ურჩევნიათ იზოლაციაში იყვნენ, ვიდრე არჩევნების მერე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ, ფიქრობენ, რომ იზოლაციით ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს თანდათან გაუჭირდებათ. დღეს იმედი აქვთ, რომ აშშ არ აამოქმედებს დამატებით ბერკეტებს, ევროკავშირში კონსენსუსი არ იქნება და ბრიტანეთის თემთა პალატა ივანიშვილის საკითხს არ განიხილავს, სანამ ზეწოლა არ გაიზარდა ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით ხელისუფლების შენარჩუნების რესურსი აქვთ.

"ახლა "ოცნება" ცდილობს, რომ მომხრეები არ დაკარგოს, იცის, რომ ეკონომიკის რღვევა ყველა მოქალაქეს შეეხება და ეკონომიკურ საკითხებზე გადაერთვნენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, რომ ესენი დააჯეროს, თუმცა რეალობას ვხედავთ და ის კი არა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 6 მილიარდიანი ინვესტიციაც ტყუილია, რადგან იმ კომპანიის ვებ გვერდზე არანაირი ინფორმაცია არ დევს ამის შესახებ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ირაკლი კობახიძის თქმით კი, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა.

„დღეისთვის, სამწუხაროდ, PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს მდივანს, როდესაც ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე