მარიამ ვეკუა
(30.01.2025)

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლაზე საქართველოს დელეგაციის მიერ მუშაობის შეჩერებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება" მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და თეორიულადაც არ განიხილავს რაიმე კომპრომისს. ხელისუფლების ოპონენტთა გათვლა კი სწორედ იმაზე იყო, რომ დასავლეთიდან სერიოზული ზეწოლისა და უწყვეტი შიდა პროტესტის ფონზე „ოცნება" დათმობებზე წავიდოდა. რატომ არ ხდება ასე და რას ემყარება ხელისუფლების გამძლეობა?

ქვეყანაში უკვე პროტესტის 63-ე დღეა. საზოგადოების ნაწილი ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და საპროტესტო გამოსვლებისას დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ითხოვს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის გათავისუფლებაცაა, თუმცა ხელისუფლება არცერთ მოთხოვნას არ თანხმდება.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რის ხარჯზე ახერხებს „ოცნება", სერიოზული გარე ზეწოლისა და შიდა პროტესტი მიუხედავად, სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ჯერჯერობით ივანიშვილი, პარტნიორების გამკაცრებული რიტორიკისა და ქუჩის პროტესტის მიუხედავად, ვერაფერს ხედავს ისეთს, რაც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, ან თუნდაც რაიმე სახის კომპრომისზე წასვლას აიძულებს. ჰგონია და მიაჩნია, რომ რაც უფრო დისტანცირდება დასავლეთისგან, უფრო უსაფრთხოდ იქნება.

„მთავარი ბერკეტი, რაც ივანიშვილს ზურგს უმაგრებს, არის ის, რომ სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები მჭიდროდ ჰყავს ახლოს, რომ უსაფრთოდ იყოს. დანარჩენი არ აინტერესებს. ამ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხი და ის, თუ რა გველის, ამას მერე მოიფიქრებს.

„მეორე მთავარი მიზეზი, რაც „ოცნებას" საშუალებას აძლევს თავი აარიდოს კომპრომისებს, სტრუქტურებში დასაქმებული ხალხია. ივანიშვილს ისეთი ხალხი ჰყავს, რომელსაც არცერთი ხელისუფლების დროს ამის შანსი არ ექნებოდა. ასეთი ხალხი მხოლოდ ახლა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ თანამდებობებს ჩაბღაუჭებული არიან და სახელმწიფოს რა დაემართება, ეს არც ადარდებთ.

„კიდევ აქვთ იმედიც, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, დადგება, დაიღლება და დაიშლება.

„ივანიშვილისა და „ოცნების" მთავარი იმედი მაინც გაძლებაა - მან როგორმე უნდა გაძლოს, სანამ ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან გავლენის სფეროების გადანაწილებაზე. ამის შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს. თუ ჩათვლის, რომ ტრამპი (საქართველოს) არ დათმობს, მაშინაც შეეცდება სხვანაირად გამოძვრეს, თუ პირიქით, მაშინ უფრო პრორუსული გახდება. მოკლედ, სანამ რუსეთ-უკრაინას ომის ამბები საბოლოოდ არ გადაწყდება, ივანიშვილი არაფერს არ დათმობს. 6 თვე უნდა გაძლოს, ზუსტად 6 - ეს თვითონაც აქვს ნათქვამი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ოცნებას" რთული მდგომარეობა იმ შემთხვევაში შეექმნება, თუკი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

„სახელმწიფოს აპარატის დაშლის საფრთხე ჯერჯერობით არ ჰქონია ივანიშვილს, ვფიქრობ, ამით არაა განპირობებული მისი პოლიტიკა. თუ სანქციები უფრო გამკაცრდება, სიტუაცია სხვანაირად წარიმართება. საჯარო მოხელეებშიც არაა მაინცდამაინც რთული სიტუაცია. აი, თუ ეკონომიკას დაემუქრა საფრთხე, მაშინ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. კი, ბევრს არ მოსწონს აპარატის შიგნით, ზოგი ჩუმადაა, ზოგი უშვებენ სამსახურიდან და ცდილობს ხელისუფლებაც პოზიციების გამყარებას, მაგრამ ამას არ აქვს ტოტალური ხასიათი და არ მგონია ამას ეყრდნობოდეს „ოცნების" რიტორიკა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" იმ შესაძლო დათმობებს განიხილავს, რისკენაც „ოცნებას" მოუწოდებენ და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ მიდის ხელისუფლება კომპრომისზე.

„ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ თუკი „ოცნება" ხელმეორედ გამოაცხადებს ახალ არჩევნებს, ეს მისი ამომრჩევლისთვის იქნება გაუგებარი. დიდი შანსია, რომ ხელმეორე არჩევნების შემთხვევაში ხალხმა იგრძნოს, რომ მისი ხმა დაუცველია, ან „ოცნებას" აღარ მისცემს ხმას. ამიტომ ამ ნაბიჯზე „ოცნება" არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა. მეორე საკითხია სააკაშვილის გამოშვება, „ოცნებიდან" ამაზეც მტკიცე უარია. მესამე პოლიტპატიმრების საკითხია. თუ ამაზეც დასთანხმდება, გამოდის, რომ „ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები.

„ამ ყველაფრის უკან დგას არა პრორუსული რიტორიკა, არამედ ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ გვყავს ძლიერი ოპოზიცია, ხალხმა ქუჩის პროტესტსაც კი ჩამოაშორა ისინი და ვერც ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ „ოცნების" მკაცრი პოზიციების უკან სწორედ რუსეთი დგას. ქვეყანაში რთული სიტუაციაა, რა თქმა უნდა, მაგრამ არა კრიზისი. ერთადერთი გამოსავალია საქართველომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რაც აქვს, რადგან თუკი მცირე დათმობებზე წავა, რაზეც ვისაუბრეთ, ეს იქნება ყველაზე წამგებიანი საქართველოსთვის. თუ დათმობაზე არ წავიდა, ყველაფერი ჩაწყნარდება", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე