თამთა ჩაჩანიძე
(30.01.2025)

„ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. როგორც თავად აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება დროებითია და საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად. მიზეზი 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია გახდა, რომელშიც ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ გარკვეული დათქმებით სცნო და ამ დათქმების შესრულების ვადად აპრილი განსაზღვრა.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს „ქართული ოცნების" სერიოზული ჩავარდნა და ოპოზიციის ტაქტიკური გამარჯვებაა. მათივე შეფასებით, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თავად „ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც ევროპასთან ინტეგრაციას ემხრობიან. ქვეყანაში ნოემბრის მერე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე კი ეს, ანალიტიკოსთა აზრით, მნიშნელოვნად არ აისახება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს საქართველოში შეიქმნას ახალი არცევნების ჩატარების პირობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაჩქარდეს საჭირო რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშიებით მომზადებულ რეზოლუციას 134 დეპუტატიდან 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, 7-მა კი თავი შეიკავა. რის შემდეგაც, საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისგან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანისგან ცნობილი გახდა, რომ „ოცნება" აჩერებს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან რეზოლუციაში მოყვანილი „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია".

ოპოზიცია „ოცნებას" ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს დელეგაციაში ოყო წარმოდგენილი ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა და თუ „ოცნება" არ შეასრულებს დათქმებს, „მოუწევთ ორგანიზაციის დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება". ამ რეზოლოციას კი, მისი თქმით, ოპოზიცია გამოიყენებს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს წნეხი „ქართულ ოცნებაზე".

თავად „ოცნებაში" ქართული დელეგაციის გადაწყვეტილებას „ღირსეულ ნაბიჯად" აფასებენ.

აღასნიშნავია, რომ 2024 წლის 24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა არ შეასრულა ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა 20 წლის წინ ევროპის საბჭოში ქვეყნის გაწევრიანების შედეგად. გადაწყვეტილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. აზერბაიჯანის დელეგაციამ ამ საკითხზე იმავე 24 იანვარს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტენ.

2022 წლის 16 მარტს კი რუსეთი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინასთან ომის გამო საერთოდ გარიცხა ევროსაბჭოდან.

რა განაცხადა წულუკიანმა და რა წერია რეზოლუციაში

თეა წულუკიანი ამბობს, რომ „ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ".

„საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები, კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს", - განაცხადა წულუკიანმა.

რეზოლუციაში დათქმებთან ერთად ასევე აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პროგრესის შესაბამისად, ასამბლეას საშუალება ექნება ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები (მათი შეჩერების შესაძლებლობით) 2025 წლის აპრილის სესიაზე.

რაც შეეხება თავად დათქმებს, რეზოლუციის თანახმად, ევროასბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს:

- ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.

- დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები;

- დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს...

- გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე.

რას გვაძლევს ევროსაბჭოს წევრობა და რას ვკარგავთ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრობა პირველ რიგში იმის ხაზგასმაა, რომ ევროპული ოჯახის წევრი ხარ. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაშ საქართველოს მონაწილეობის შეჩერება კი დანაკარგია, თუმცა, მისივე თქმით, „ოცნებას" სხვა ფზა არ ჰქონდა დარჩენილი.

„ევროსაბჭოს წევრობა გვაძლევს იმას, რომ, ჯერ ერთი, წევრობაა მნიშვნელოვანი და იმის ხაზგასმაა, რომ შენ ხარ ევროპული ოჯახის წევრი, თუნდაც ევროსაბჭოს მეშვეობით. მეორე, საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოს წევრობა საშუალებას აძლევს, რომ იყოს მომხსენებელი, მონიტორინგის კომისიის წევრი, დაიკავოს გარკვეული თანამდებობები, ანუ შეასრულოს ის ფუნქციები, რაც ზოგადად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წვერებს ევალებათ. ეს შესაძლოა განსაკუთრებული ინსტრუმენტი არაა, მაგრამ არც ანგარიშჩამოსაწერია.

„ის, რომ საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი არ იქნება, ეს რა თქმა უნდა დანაკარგია და ეს უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რაც მოხდა, ჩემი აზრით, გარკვეულწილად რაღაც უცნაურობასთან გვაქვს საქმე - მაგიდაზე ორი ვარიანტი იდო, ერთი საერთო უფლებამოსილების შეჩერება და მეორე, უფლებამოსლილების აპრილამდე დატოვება კონკრეტული დათქმებით.

„აპრილამდე უფლებამოსილების დატოვება დათქმებით ცოტა არ იყოს ლოგიკასთან კოლიზიებში მოდის და თავად ევროსაბჭოს მხრიდან გამოდის, რომ შენ აღიარებ, რომ ეს არის ლეგიტიმური პარლამენტი, მაგრამ არ აღიარებ. ამავე დროს დათქმებს უწესებ, რომ თუ არ შეასრულე, ამის მერე ლეგიტიმური აღარ იქნები, ანუ უფლებამისილებას წაართმევ. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, თუკი ევროსაბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური არაა და შესაბამისად, მისი წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მიცემა არ შეიძლება, მაშინ მეორე ვარიანტი მიეღო.

„ამ ვარიანტის შემუშავებით, ჩემი აზრით, ოპოზიციის მოთხოვნებს უპასუხა - რომ ახალი არჩევნები ჩანიშნულიყო და პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ, რაც ოპოზიციის ძირითადი პრეტენზია და მოთხოვნაა, რომ რატომ არაა ევროსტრუქტურები აქტიური ამასთან დაკავშირებით და არ ითხოვს ახალ არჩევნებს. როგორც ჩანს, ეს მათ გაითვალისწინეს.

„ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც იქ იყვნენ ჩასული, როგორც ჩანს, იმუშავეს და დაარწმუნეს იმაში, რომ მიეღოთ რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც მიიღეს. მაგრამ, მეორე მხრივ, „ქართული ოცნების" სამრეკლოდან რომ შევხედოთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დარჩენას არ ჰქონდა არავითარი აზრი, რადგან თუკი „ოცნება" არც ახალი არჩევნების ჩატარებას და არც იმ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, მაშინ რა აზრი აქვს სამი თვით უფლებამოსილების შენარჩუნებას?!

„შესაბამისად, მათ უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ვიდრე ის, რომ მეორე ვარიანტს დათანხმებოდნენ. შენ თუ ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებ, მაშინ უფლებამოსილება ისედაც გიწყდება. ახლა მათ პოლიტიკური ბენეფიტი მიიღეს და საკუთარი ამომრჩევლების თვალში სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ინტერესებზე მზრუნველ პოლიტიკურ ძალად გამოჩნდნენ, ეს არის და ეს.

„თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია და ამას ალბათ თავისი რეზონანსი ექნება იმ კუთხით, რომ სხვა ევროსტრუქტურებიც საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციას მაღალი ალბათობით გაითვალისწინებენ. როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოვიდა, ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და თქვა - ეს სპობს დიალოგის არხებსო, თუკი დიალოგი სურდათ, მაშინ რატომ არ აწარმოეს და პირდაპირ რატომ მიიღეს ასეთი ხისტი გადაწყვეტილება?

„ასამბლეამ საქართველოს უთხრა, რომ გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო. შენ თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რაღაც სამი თვით აღიარებ და დელეგაციას უფლებამოსილებას უნარჩუნებ, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? ან აღიარებ, ან არა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" აპრილს არ დაელოდა, რადგან იცოდა, რომ მოთხოვნებს არ შეასრულებდა. მისი თქმით, ეს ანტიდასავლური ნაბიჯია, რაც ხელს უწყობს ქვეყნის სვლას იზოლაციისაკენ.

„ქართული ოცნება" აპრილს არ დაელოდა, რადგან იცოდა, რომ იმ მოთხოვნების შემსრულებელი არ იყო, რასაც ევროსაბჭო აყენებდა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც არ შეასრულებდა და ამიტომ დაასწრო და თქვა, რომ წევრობას თავად აჩერებს. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ყოფნისა და ზოგადად დასავლეთის საწინააღმდეგოდ.

„ჩვენ თანდათან იზოლაციაში ვექცევით, ევროსტრუქტურებთან კავშირი წყდება და ძალიან მალე ალბათ დაიწყება ინდივიდუალურ, სახელმწიფოების დონეზე კავშირების მინიმალიზაცია. აღარაფერს ვამბობს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ინვესტიციებზე. ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ კვოტებს, რომელიც გაქვს ევროპის სახელმწიფოებთან მიმართებაში და თუ დასავლურ მიმართულებას ვკარგავთ, გვინდა თუ არა, ვიძენთ რუსულს, ან აღმოსავლურს. ჩვენ თანდათან ცივილიზებულ სამყაროს ვწყდებით და იმ გარემოში ვექცევით, სადაც მართვის ავტორიტარული წესი ნორმაა.

„ევროსაბჭოს წევრობა, ესაა პირველ რიგში განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ვართ, ან გვსურს ყოფნა. ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ დასავლური დემოკრატია გვინდა და ცივილურ სამყაროს ვუახლოვდებით. როცა ყოველივე ამაზე უარს ამბობ, ბუნებრივია, ეს პირველ რიგში იმის დადასტურებაა, რომ არანაირი დასავლური ორიენტაცია ხელისუფლებას უბრალოდ აღარ აქვს. ეს ის ორგანოა, რომელიც ძირითადად აფასებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპქეტივას და თუა ამაზე უარს ამბობს, ბუნებრივია, ესაა განაცხადი ავტორიტარიზმზე.

„ოცნებას" ასეთი მიმართულება აქვს აღებული, რომ ევროპამ კი არა, ჩვენ გადავწყვიტეთო, ისინი გვეხვეწებიან და ჩვენ უარს ვამბობთო. ასე იძახიან, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობას ვწყვეტთ და არაცივილურ გარემოში ვექცევით", - განაცხადა ძაბირაძემ.

გავლენა ქუჩის პროტესტზე და თავად „ოცნების" მხარდამჭერთა განწყობაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სტრასბურგში მომხდარს ოპოზიციის ტაქტიკურ გამარჯვებად აფასებს და „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა ამან პროტესტს ცოტა მეტი მონაწილე შემატოს, თუმცა ეს არ იქნება დრამატული ზრდა.

„უცნაური იქნებოდა, რომ ოპოზიციას ეს თავის ტაქტიკური გამარჯვება არ გამოეყენებინა საინფორმაციო და პოლიტიკურ ბრძოლაში და იყენებს კიდეც ძალიან აქტიურად. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, არცერთი პოლიტიკური ძალა ასეთ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებდა.

„რაც შეეხება საპროტესტო მუხტს, შესაძლოა ცოტა მეტი მონაწილე შეემატოს ამ საპროტესტო აქციებს, მაგრამ რაღაც დრამატულ ზრდას არ მოველი. აქ ერთი საფრთხეა - რამდენად იმოქმედებს ეს თავად „ქართული ოცნების" ამომრჩევლებზე. ეს, რაც მოხდა, ამით ოპოზიციური ამომრჩეველი რომ ბედნიერია, ეს გასაგებია, მათთვის ეს სტიმული და დამატებითი ბერკეტია; მაგრამ თვითონ „ოცნების" ამომრჩეველზე, რომლებშიც არიან როგორც კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეები, ასევე ისინი, ვინც პროევროპულად არიან ორიენტირებული, მათზე როგორ ზეგავლენას მოახდენს ის, რომ საქართველოს ფაქტიურად არ იქნება წარმოდგენილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში? ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება და ამ ამბის მნიშვნელობას მე არ გავაუბრალოებდი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. გადამწყვეტი კი, სავარაუდოდ, უახლოესი ორი თვე იქნება, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით.

„პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მთლად პროტესტის აზვირთება არ მოჰყვება. დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პატური სიტუაციაა (ვითარება, როცა არცერთ მხარეს არ შეუძლია გამარჯვება), ვერცერთი მხარე გადამწყვეტ უპირატესობას ვერ აღწევს. არის მესამე ნაწილი და ესაა დასავლეთი, რომლის ასეთი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს, მაგრამ ის რომ გაიზარდოს ისე, რომ საჯარო მოხელის განწყობაში გაჩნდეს იმის აუცილებლობა, რომ მან უარი თქვას მისი ფუნქციის შესრულებაზე, ჯერ აქამდე მისული არ ვართ.

„ხელისუფლებაში ამას ენთუზიაზმით არავინ ხვდება, მაგრამ ეს დონე ჯერ მიღწეული არაა. დამატებითი სანქციები, ეკონომიკური თემები და ა.შ. თუ დაიწყება, მაშინ უკვე ქვეყანაში რეალურად შეიცვლება გარემოც და ვითარებაც, მაგრამ ჯერჯერობით ასე არაა. ოპოზიცია უნდა ეცადოს პროტესტის ფორმა შეინარჩუნოს. თებერვალი-მარტი ის ორი თვეა, რომელიც ძალიან მძიმე პერიოდი იქნება და ჩვენს მიმართ აშშ-ის პოზიციაც გამოიკვეთება. ჯერჯერობით უკრაინის პრობლემა დგას და შემდეგ უკვე გამოჩნდება რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და როგორც ჩანს, „ოცნებაც" ამას ელოდება.

„ოპოზიციამ ეს საპროტესტო განწყობა უნდა შეინარჩუნოს. „ოცნებამ" ევროსაბჭოში მუშაობა უკვე შეაჩერა და ევროსაბჭო რას გადაწყვეტს, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშნელოვანია ამერიკის პოზიცია როგორი იქნება რუსეთთან მიმართებაში. აქ ორი საკითხია - რუსეთთან მიმართებაში უკრაინის თემა და რუსეთთან მიმართებაში საქართველოსა და ზოგადად კავკასიის თემა. ვნახოთ, აქეთ რა იქნება.

„დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლოა, ჩვენთან პრობლემა იქამდე მივიდეს, რომ ეკონომიკაში კრიზისი გაჩნდეს. ეკონომიკაში თუ გადაიზარდა, მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად კი მოხდება, მაგრამ ეს კრიზისი ყველა ჩვენგანს შეეხება, რაც ძალიან დიდი პრობლემაა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე