114 მომხრე, 13 წინააღმდეგი-ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, საქართველოს დელეგაციას აპრილამადე მანდატი შეუნარჩუნდა - მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარება, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოთხოვნები „ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114 მომხრე ჰყავს,13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალაში შევიდა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობდა: პირველი, დაუყოვნებლივ დაეწყო აპრილამდე ახალი არჩევნებისთვის მზადება, და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება; მეორე, თუ მონიტორინგის კომიტეტის პირობას არ დასთანხმდებოდა და დელეგაციის უფლებამოსიელბა შეწყდებოდა, 2025 წლის აპრილამდე, საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუნარჩუნა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსგან დაჟინებით მოითხოვს „ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით".
„საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის -ეს არის დღევანდელი გზავნილი",-ეგერმანელმა დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა. „მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ძალადობა, მოგიწოდებთ გაათვისუფლოთ ისინი, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებულებუ, განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი"-აღნიშნა შვაბემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი, რომელმაც ხაზგასმით თქვა, რომ დღეს „ოცნება" მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.
„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების" მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების" მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების" მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს."-განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას აპრილამდე „მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება".
ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს,ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში." - წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება
„ეროვნული სანქციების შემდეგ უკვე ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, სადაც ივანიშვილის დელეგაციის წევრებს არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე - ერთადერთი მიზნად, რომ ქვეყანაში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას ასახავს," - განაცხადა ჟურნალისტებთან ენმ-ს ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
„ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის როლს მიმდინარე პროცესებში და მათ „დამსმენთა ჯგუფი უწოდა", რომლებიც ქვეყნის დაზიანებას ისახავენ მიზნად.
„ეს პირველი არ არის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს. ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ასე იყო ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც. ასე იქცევიან ისინი სტრასბურგშიც. ეს არის მათი საქმიანობის ერთადერთი არეალი, როგორც ჩანს, რომ რაიმენაირად ჩვენს ქვეყანას მიაყენონ ზიანი," - განაცხადა იონათამიშვილმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ევროპული სტრუქტურის პირობები, ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებასთან დაკავშირებით, ხაზგასმით ამბობენ, რომ „საქართველო არანაირ პირობას არ დათანხმდება". „ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ არის პირდაპირი ზეწოლა საქართველოსა და ხელისუფლებაზე, „რათა უგულებელყონ 120 ათასი ამომრჩევლის ნება", რომელმაც მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი.
„სრულიად გაუგებარია, თუ რატომ აწესებს ევროპული სტრუქტურა საქართველოს დელეგაციისთვის მანდატების ცნობის საკითხზე წინაპირობად განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. იმ საპარლამენტო არჩევნების, რომელიც უკვე ჩატარებულია. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ არჩევნები წარმოადგენს ხალხის ნების გამოვლინებას და საზოგადოებამ ეს ნება უკვე გამოავლინა. ასე რომ, ყოველგვარი წინაპირობა ამ კუთხით არის პირდაპირი მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და უგულებელყონ მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის ნება, რომელმაც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". ასე რომ, რა თქმა უნდა, არანაირ მსგავს წინაპირობაზე ჩვენი ქვეყანა არ დათანხმდება," - განაცხადა მათიკაშვილმა.
კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია „არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს არ მიიღებს". „ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა, შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ," - განაცხადა კალაძემ.
კალაძე გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელია".
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრობს, რომ ევროსაბჭოს კომიტეტის პირობებში გარკვეული „ტენდენციურობა" შეიმჩნევა.
„ვფიქრობ, გარკვეული ტენდეციურობა შეინიშნება როგორც ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც, ტენდეციურობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ცდილობენ სათვისო პოლიტიკის გატარებას, მათ რეალურად არ სურთ გაიგონ რა ხდება საქართველოში, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მართალ-მტყუანზე, უბრალოდ ეს მიდგომები არაა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესაბამისი, რთულია „თეთრი და შავი" მსჯელობა, თუ ხარ მათთან ყველაფერს გაპატიებენ, თუ რაღაცაში ეწინააღმდეგები პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ," - განაცხადა არეშიძე
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ოპოზიციის აქტიურობასა და მესიჯებზე ევროსაბჭოში, არეშიძე გვპასუხობს: „მე შემიძლია გავუგო რუსთაველზე მდგომ ხალხს, მაგრამ ვერ გავუგებ ოპოზიციას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე". არეშიძე ამბობს, რომ კომპრომისული მიდგომა - რიგგარეშე არჩევნებისკენ კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გამოსავალია.
„ჩემი აზრით, გამოსავალი კომპრომისშია, თუ არ მივაღწევთ ამას ქვეყანა თავზე დაგვენგრევა. მე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისის გამოცდილების მატარებელი, შეიძლება ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი სახე მიიღოს, ამიტომ ახლა კომპრომისული პოლიტიკა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია," - დასძინა მამუკა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე