თამთა ჩაჩანიძე
(29.01.2025)

ქვეყანაში ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება. ანალიტიკოსები იმ შიდა და გარე ფაქტორებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში მინდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მათი შეფასებით, ამ მხრივ თებერვალი და მარტი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

"მგონია, რომ ეს ის ორი თვე იქნება, როდესაც გარკვეულწილად შეერთებული შტატებიც უნდა ჩამოყალიბდეს და ჩამოაყალიბოს და უფრო მკაფიო გახადოს "ქართული ოცნების" მიმართ პოზიცია",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ შიდა პროცესებზე გავლენა ექნება ერთადერთ რამეს და ესაა "გარედან დაფინანსების შეწყვეტა".

"შიდა პროცესებზე გავლენა ერთადერთ რაიმეს ექნება, როდესაც გარედან დაფინანსება შეწყდება იმ დესტრუქციული ძალებისათვის, რომლებიც ამ პროცესებს აფინანსებნ და რომელსაც საქართველოში ოპოზიციას უწოდებენ, სინამდვილეში კი "მეხუთე კოლონაა". ესენი არიან იმ ავადსახსენებელი "დიფ სთეითის" წარმომადგელები და ერთი ძაფი, რომლებსაც გარე ძალები მართავენ.

"ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ გარე ძალების დაფინანსება შეწყდეს და დასრულებულია ყველაფერი. ტრამპის პოზიციამ ამაზე გავლენა უკვე მოახდინა, რადგან აქაური ოპოზიცია ძალიან აწრიალებულია. ტრამპმა ფაქტობრივად სახელმწიფო დაფინანსება შეწყვიტა, რომელიც "იუ-ეს-ეიდის" სახით ჰქონდათ.

"ძალიან მძიმე დღეში არიან ჩავარდნილები და ამიტომაცაა, რომ საღამოობით 8-დან 11 საათამდე რუსთაველზე თითოოროლა კაცი დაბორიალობს ხოლმე და მერე მიდიან, ესაა მიტინგი მიტინგისათვის დანაჩენი არაფერი არაა",- განაცხადა "რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი მარტივი არაა და არც მარტივად არ გადაწყდებოდა ამ პროცესის ბედი. ანალიტიკოსის თქმით, მინიმუმ ორი თვეა საჭირო, რომ გარდატეხა შევიდეს, როგორც სარაგეო, ისე შიდა ფაქტორის გათვალისწინებით.

"თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს პროცესი არა მარტივი, არამედ საკმაოდ რთული და მძიმე იქნებოდა. დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება გამოწვევის წინაშეა, რადგან ეს არ არის მხოლოდ პარტიებს შორის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, აქ ყველა პრობლემამ ერთდროულად მოიყარა თავი და საზოგადოება ფაქტიურად ორ ნაწილად გაიყო - ოპოზიციურად განწყობილები და ხელისუფლების მხარდამჭეები.

"მართალია საზოგადოებაში დაპირისპირება მკაფიოდ არ გადასულა, თუმცა ამის გარკვეული ნიშნები არის, ასევე საპროტესტო აქციები არ წყდება. შიდა პრობლემები ერთია, მეორე კი საგარეო პრობლემები, საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, თუმცა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ევროსაბჭოში ინიცირებული ბოლო დოკუმენტი "ქართული ოცნების" მიმართ და დიდი ალბათობით ამ დოკუმენტს მიიღებენ, სადაც საუბარია, რომ "ოცნებას" გამოსაცდელი ორი თვის ვადა მისცენ, თებერველი და მარტი გადამწყვეტი იქნება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

"მგონია, რომ ეს ის ორი თვე იქნება, როდესაც გარკვეულწილად შეერთებული შტატებიც უნდა ჩამოყალიბდეს და ჩამოაყალიბოს და უფრო მკაფიო გახადოს "ქართული ოცნების" მიმართ პოზიცია. არ ველოდები, რომ ამ ორ თვეში რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, არ მგონია, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, თუმცა ის ფაქტი, რომ ახლა საგამოძიებო კომისია იქმნება და ა.შ. აქ რა თქმა უნდა მხოლოდ "ნაცმოძრაობაზე" ლაპარაკი არაა.

ეს ხელისუფლების მხრიდან შერჩეული თემაა, პროცესი გაგრძელდება და იქნება პროპაგანდისტული სვლა იმისთვის, რომ თუ იძულებული გახდება და არჩევნებზე დათანხმდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენოს და მუდმივად პარალელი გაავლოს თუ როგორ უმჯობესია "ოცნება", ვიდრე ენმ იყო. ეს ნაბიჯი პროპაგანდისტულია და "ოცნება" წინასაარჩევნო პროპაგანდისთვისაც გამოიყენებს.

"რთული სათქმელია "ქართული ოცნება" დათმობაზე როდის წავა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება ეს, გარდა გარკვეული ფენისა, რომელსაც სასმელ-საჭმელი არ უჭირს და მილიონები აქვს ნაშოვნი. მოსახლეობის 90% ასეთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება და ეს იქნება ის დრო, როდესაც ალბათ "ქართული ოცნება" იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს.

"ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ის თუ უკრაინაში მოვლენები როგორ განვითარდება, ანუ შესაძლოა უკრაინა ჩვენ პირდაპირ არ გვეხებოდეს, მაგრამ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები რა თქმა უნდა ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობებზეც აისახება. ესაა ის მონახაზი, როდესაც ქვეყანაში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

"ჯერჯერობით უახლოეს ორ თვეში არ ველოდები, რომ "ოცნება" რაღაც ნაბიჯებზე წავა, იგივე პოლიტიკას გააგრძელებს და შეიძლება უფრო ხისტი გახადოს იგივე პროტესტანტების მიმართებაში, არ გამოვრიცხავ, რომ იმ მიტინგებზე, რაც პერმანენტულად ტარდება რუსთაველზე ხელისუფლება ისევ შეეცადოს და ძალისმიერი მეთოდი გამოიყენოს და აქცია დაშალოს.

"ამ ორი თვის განმავლობაში რაიმე უკეთესს არ ველოდები, სამწუხაროდ უფრო ცუდი მოლოდინები მაქვს, ვიდრე კარგი",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე