თამთა ჩაჩანიძე
(29.01.2025)

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით არაფერი ისმის საქართველოს შესახებ, რასაც განსაკუთრებით ელოდებიან შიდაპოლიტიკურ წრეებში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიცია შესაძლოა თებერვლის შუა რიცხვებიდან დააფიქსიროს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ სამი თვე მაინც გაგრძელდეს ეს პროცესი.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი აქცენტები  ერთის მხრივ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გაკეთდება, მეორეს მხრივ კი საქართველოს საგარეო კურსს შეეხება.

ოპოზიცია მოლოდინი აქვს და საჯარო განცხადებებშიც ამბობენ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იქნება და არც დამატებით სანქციებს გამორიხავენ. "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში სიტუაციის გადალაგებაა მოსალოდნელი და მათ შორის საქართველოს მიმართაც, "თუმცა საქართველომ პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას".

როდის გამოეხმაურება ტრამპი საქართველოს და როგორი იქნება მთავარი აქცენტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი პროგნოზით საქართველოს შესახებ განცხადებას თებერვალლის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ, ამბობს, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული იქნება.

"მგონია, რომ ცალკე კონგრესი გააგრძელებს საქართველოს საკითხის განხილვას, მათ შორის იმ საკითხის, რომელიც დაკავშირებული იქნება სანქციების პაკეტში ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის დაატებითი ბერკეტების ამოქმედებას. კონკრეტულ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტიც გააკეთებს.

"შესაძლოა, უახლოეს მომავალში უშუალოდ ტრამპმა არ გააკეთოს განცხადება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახდეპიც გამოგვეხმაურება და კონგრესიც. მოუწოდებენ საქართველოს დე ფატქო ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, უკანონოდ დაკავებული პატიმრები გაათავისუფლოს და ა.შ. მგონია, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, რადგან თუ მიმდინარე წლის 3 იანვარს კონგრესმა საქართველოს საკითხი განიხილა, ბუნებრივია მიუბრუნდებიან.

"მგონია, რომ ტრამპისგან კრიტიკული დამოკიდებულება იქნება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მათ შორის ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის გამო. ვფიქრობ ეს ინფორმაციები ტრამპს უკვე ექნება, რადგან ჯო უილსონმაც განაცხადა, რომ ის უშუალოდ ესაუბრა. მგონია, რომ თებერვლის პირველ ნახევარში უკვე იქნება რაღაც განცხადება გაკეთებული",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

განსხვავებული მოლოდინი აქვს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს, რომელიც "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის დაცვის იმედი აქვს. განცხადებას კი უფრო გაზაფხულისკენ ელოდება.

"ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა, ასევე ორბანთან როგორ მომწიფდება სიტუაცია. ბოლო ხანებში ვნახეთ, რომ ტრამპის გარემოცვამ ევროპის მიმართ დამოკიდებულებაში სიმკაცრე გამოავლინა, სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ ჩვენ ევროპა სულ გვეჩხუბება და ახლა ტრამპის დაცვის იმედი გვაქვს, ამდენად ევროპა-ტრამპის ურთიერთობაზე დამოკიდებულები ვართ.

"ჩინეთიდან იმიტომ დავიწყე, რომ ზოგადად ტრამპისა და პეკინის ურთიერთობაში, ჩვენზე ბევრი რამ იმოქმედებს, რამდენადაც ჩინური ტრანზიტის გზად კავკასიაა, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანია დასახელებული. ამ საკითხების გადაწყვეტაა იმ სამომავლო პოზიციის საფუძველი, რომელიც შეიძლება ტრამპს საქართველოს მიმართ გაუჩნდეს.

"არ ვიცი, თვითონ ტრამპი საქართველოზე გააკეთებს თუ არა განცხადებას, მაგრამ თუკი ტრამპის ადმინისტრაციიდან რაიმე მოძრაობები იქნება საქართველოს მიმართ, ეს უკვე განცხადების ტოლფასია, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა. სავარაუდოა, რომ ეს იქნება მაშინ, როდესაც ტრამპის ჩინეთში ვიზიტი დამთავრდება. ას დღეში, ანუ სამ თვეშიო თქვა ტრამპმა და ამ პერიოდში ალბათ რაღაც სიახლე იქნება",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთან მიმართებაში მთავარი აქცენტები, საყვარელიძემ გვითხრა:

"ჩვენს ქვეყანაზე პრობლემების ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს, ერთია გეოპოლიტიკური, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობასთან. მეორე, პარტიულ-პოლიტიკურია, ეს კი დაკავშირებულია დიდი ევროპული კონსერვატიული და ლიბერალური პარტიების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ლიბერალურ პარტიებს ბაიდენის ხელმძღვანელობით, საკმაოდ კრიტიკული (თუ აგრესიული არა) დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოს მიმართ, ტრამპი კონსერვატორია და მხარსაც კონსერვატორებს უჭერს.

"ამ ორ ხაზზე - გეოპოლიტიკის და პარტიული პოლიტიკის გადატვირთვაზე იქნება ტრამპის პოზიცია დამოკიდებული. თუკი მას ჩინეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ ექნა და ჰარმონიულ ურთიერთობაში ეკონომიკური შეჯიბრი ამჯობინა, ასევე თუ კონსერვატიზმს დაუჭირა მხარი, ეგ ჩვენ გვაწყობს. ჩინეთთან აგრესიული პოლიტიკის გატარება და ლიბერალური პოლიტიკის გაგრძელება ჩვენთვის დამღუპველია, უფრო სწორად, მაგ მიმართულებაში ცუდ როლს ითამაშებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რა მოლოდინი აქვთ თბილისში

"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გარდაუვალია პროცესების "სწორ კალაპოტში ჩადგომა".

"აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტება, რომელმაც მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულება. თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. ჩვენს ქვეყანას აქამდე ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც ერთი შეცდომა რომ დაეშვა, ის ნამდვილად გახდებოდა დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევი სათამაშო", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია, უნგრეთის მთავრობა და "ოცნების" ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებს.

"არის ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ჩვენ და უნგრეთის ხელისუფლება, ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომელსაც აქამდე ცდილობდნენ, რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში

"საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოექციათ, მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები. დღეს ვხედავთ, როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღის წესრიგის. ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ერთმანეთს ასწრებენ, თქვან, რომ არის ორი სქესი - ქალი და კაცი. ასე მივა საბოლოო ჯამში იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის აღიარებაც არ სურდათ და იმ რეალობამდე, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ უნდოდათ. აქ ჩვენ და უნგრეთს გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

"ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ამ მხრივ ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა საერთო ღირებულებების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიყოთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრმა ორბანმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოს აქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს.

"ამიტომ, ვფიქრობ, ორბანის, ისევე როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება, როცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნგრეთის პრემიერმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, მთავრობების შორის ურთიერთობების მხრივ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს", - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს", - წერს ჯო უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე", - დაწერა ორბანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე